II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება - მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, 50 სკოლაში კი, საპილოტე რეჟიმში, მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით სწავლება დაიწყება

2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც მათივე ცნობით, უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.

ამასთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდე მოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში.

„საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თავად მაკმილანის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმა ინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. მატერიალური სახელმძღვანელოს გარდა, პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მისცემს საშუალებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად“, - აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს