ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფაქტები, რაც გამოძიებისა და სასამართლოში გამოკვლევის დროს დავადგინეთ, ეწინააღმდეგება დღეს ბრალდებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს და ვერსიებს, თითქოს, ის თავის ქმედებებს ვერ აცნობიერებდა, - ამის შესახებ ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის, გოგა გზირიშვილის საქმის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განაცხადა.
როგორც პროკურორი განმარტავს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გზირიშვილის მიერ ქეთა კეპულაძისთვის მიყენებული 30 ჭრილობიდან 10 მძიმე იყო.
"საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ არის დადგენილი, რომ ბრალდებულს გააჩნდა ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის გამოც, ის ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებებს. მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციაა მოცემული, რომ მას გარკვეული ფსიქიკური ნაკლი გააჩნდა, თუმცა, მას ეს ხელს არ უშლიდა, ეხელმძღვანელა თავისი ქმედებებისთვის და შესაბამისად, მას შეუძლია, პასუხი აგოს. მისი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მხოლოდ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად იქნეს გამოყენებული.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია უშუალოდ სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ყველა ჭრილობა საერთო ჯამში სიკვდილის გამომწვევი გახდა, ვინაიდან, გარდაცვლილი ფაქტობრივად სისხლისგან დაიცალა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს საერთო ჯამში მიყენებული ჰქონდა 30 ჭრილობა, მათ შორის, 10 იყო მძიმე ხარისხის, ეს რაოდენობა მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით და მისი მიზანი არამხოლოდ მკვლელობა, არამედ მკვლელობისას გარდაცვლილისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებაც გახლდათ. საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, მათმა წლინახევრის შვილმა უშუალოდ დაინახა თუ არა, აღნიშნული დანაშაული. ბრალდებული გამოძიების ეტაპზე ამბობდა, რომ ბავშვს მკვლელობა არ დაუნახავს, სამწუხაროდ, შემთხვევის ადგილზე სხვა მოწმე არ იმყოფებოდა",- განაცხადა ჟორჟოლაძემ.
ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.