მიხეილ სარჯველაძე - აბსოლუტურად არაფერი იყო ზღვარსგადასული ირაკლი კობახიძის რეპლიკაში, მაგრამ ზღვარს გადასული და მართლაც ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული თვითონ კრამონის განცხადება

მე პირადად მგონია, რომ მართლაც ძალიან მაღალ ნიშნულზეა პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ცალკეული ევროპარლამენტარების „გამოხტომა“ და შემდეგ „ქართული ოცნებისგან“ მათზე ხისტი პასუხი, დისონანსს ვერ შეიტანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში.

„რატომ გვაქვს ასეთი განცდა, რომ ევროპარლამენტარი თუ იტყვის მცდარ აზრს, რომელსაც არ ეთანხმები, არ გაქვს უფლება შეეკამათო? მართლა ვკითხულობ ამას, საზოგადოების სამსჯავროზეც გამოვიტანოთ ეს საკითხი....

როდესაც ცალკეული ევროპარლამენტარის კრიტიკაზე გვაქვს საუბარი, მის მიმართ ან მისგან მომდინარეზე. არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ მთელ ევროკავშირთან. საბედნიეროდ ეს ცალკეული დეპუტატები არ არიან ერთადერთები, ვინც ევროკავშირში გადაწყვეტილებებს იღებენ, საბედნიეროდ, გვაქვს რეალურად მოცემულობა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს ან ცალკეული ევროპარლამენტარების პოზიციაზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული.

გაიხსენეთ ახლა, სექტემბერში როგორია მოცემულობა და მათ შორის გზავნილები, რომელიც გაკეთდა, მაგალითად, [ჯოზეფ] ბორელის მხრიდან. მე პირადად მგონია, რომ მართლაც ძალიან მაღალ ნიშნულზეა პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ეს უდავოდ ასეა, საქმიან ურთიერთობაზე ცალკეული დეპუტატების ცალკეული გამოხტომები და ამასთან დაკავშირებული ხისტი პასუხები პრობლემას და დისონანს ვერ შეიტანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, რომ „ის არათუ გვარამიასთან, არამედ არავისთან შესაშვები არ არის“, აბსოლუტურად ნორმალური იყო, ხოლო თავად კრამონის პასუხი, „ღმერთო ჩემო, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება - საწყალი საქართველო“, ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული.

„საპატიმროში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით როდესაც წყდება საკითხი, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს და როდესაც ამასთან დაკავშირებით უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვება კრამონის მხრიდან, რა თქმა უნდა, ის მიიღებს პასუხს, მათ შორის ისეთსავეს, როგორსაც მისი პოზიცია იმსახურებს. აბსოლუტურად ნორმალური იყო პასუხი, აბსოლუტურად არაფერი იყო ზღვარსგადასული ირაკლი კობახიძის რეპლიკაში, მაგრამ ზღვარს გადასული იყო და მართლაც ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული თვითონ კრამონის განცხადება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საპარლამენტო სუბიექტებთან გამართულ კონსულტაციებზეც ისაუბრა, სადაც წარმოდგენილი იყო ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ პროცესს უნდობლობას უცხადებს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და „შეგვიძლია ვთქვათ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, დაახლოებით ასე გამოსდის ოპოზიციას“.

„მე ვიტყოდი, რომ შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და ეს არის რეზულტატი იმისა, რომ თავიდანვე სწორად დაიგეგმა პროცესი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, დაახლოებით ასე გამოსდის ოპოზიციას და მართლაც ვაფასებ ამას, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, მიიღეს გადაწყვეტილება და კონსულტაციების პროცესში ჩაერთნენ, თუმცა ეს არ იყო იოლი მათი მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნულ პროცესს ფარსი უწოდა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ფარსს ოპოზიციის საპარლამენტო მოღვაწეობა და მათი ფუნქცია ემსგავსება.

„თუ კარგად ჩავეკითხებით ბატონ პაატას, ავტორს ამ შეფასებისა, რომ ეს არის ფარსი, აღმოაჩენთ, რომ ყველაზე მეტად რასაც შეეფერება ეს სიტყვა, ეს არის მათი პოზიციები. სინამდვილეში მართლა ფარსს ემსგავსება უკვე მათი მხრივ განხორციელებული ფუნქცია, ოპოზიციისა, ცოტა უცნაურად გამოიხატება მათი საპარლამენტო მოღვაწეობა. შეიძლება, რომ თავდაპირველად ჰქონოდათ პოზიცია, რომ არ ერთვებიან სამუშაო ჯგუფებში და თქმა იმისა, რომ ეს რეგლამენტით განუსაზღვრელი ფორმაა, ეს არასწორია და შემდგომ ბევრი რამ ერთმანეთს ემატება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას