თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“ იმართება

ლანდშაფტურ მეცნიერებას და ლანდშაფტურ დაგეგმარებას, კარტოგრაფიას და გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებს (GIS), გარემოს მართვას 12 ქვეყნის 100-ზე მეტი მკვლევარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განიხილავს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია -„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“, გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ექსპერიმენტატორისა და მოგზაურის, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ბერუჩაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებიან.

„ქართული გეოგრაფიული და კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარებასა და ნოვაციური იდეების დანერგვაში ნიკო ბერუჩაშვილის უდიდესი წვლილის დაფასებაა კონფერენცია, რომელიც თსუ-ში მიმდინარეობს. კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები ამ სფეროში თანამედროვე კვლევებს განიხილავენ და ერთმანეთს უახლეს ინფორმაციას უზიარებენ. ასეთი ღონისძიება ხელს უწყობს თსუ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-პედაგოგიური კავშირების გაღრმავებას“,-განაცხადა თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.

ბრნოს (ჩეხეთი) უნივერსიტეტის პროფესორის, კარტოგრაფიის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მილან კონეჩნის თქმით, ნიკო ბერუჩაშვილი დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კარტოგრაფად.

„ბერუჩაშვილის სამეცნიერო ინიციატივები მნიშვნელოვანია და მოიცავს ლანდშაფტის უსაფრთხოების საკითხებს. კონფერენციაზე ეს თემები განიხილება გეოგრაფების, კარტოგრაფების აქტიური მონაწილეობით“,-აღნიშნა მილან კონეჩნიმ.

კონფერენციის ფარგლებში, თსუ-ს მუზეუმში ნიკო ბრუჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა გაიხსნა.

„თსუ-ს პროფესორის თენგიზ გორდეზიანის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოცხადდა, რომ საგურამო-იალნოს ქედის ერთ-ერთ მწვერვალს, რომლის სიმაღლე 1824 მეტრია, ნიკო ბერუჩაშვილის სახელი მიენიჭა.

თსუ-ს კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის გამგის ნიკო ბერუჩაშვილის ინიციატივით, თსუ-ში 1979 წელს დაარსდა აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ევრაზიის სხვადასხვა მთიან სისტემაში აწარმოებდა კვლევებს.

ნიკო ბერუჩაშვილი იყო მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2002 წელს ნიკო ბერუჩაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო გეოგრაფიულ კავშირში დაარსდა „ლანდშაფტური ანალიზის“ კომისია, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. მის სახელს უკავშირდება ახალი მიმართულების - ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სივრცე - დროითი ანალიზისა და სინთეზის კონცეფციის შემუშავება ლანდშაფტმცოდნეობაში. ნიკო ბერუჩაშვილი კითხულობდა ლექციებს სანქტ-პეტერბურგის, ტულუზის, სორბონის და სხვა უნივერსიტეტებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო