ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა, რაც არის მთავარი სატკივარი, სურვილი და ამოცანა. თუ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე როლის შესრულება შეუძლია ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყველანაირად მზად ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტი უკრაინასთან მიმართებით კიდევ უფრო მგრძნობიარეა, რადგან ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება.
„მთავარი ამოცანა უნდა იყოს კონფლიქტის შეჩერება, რასაც ვამბობდით მათ შორის უკრაინის საკითხთან მიმართებით და კიდევ უფრო მგრძნობიარეა ეს თემა, რადგან ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება. თუ რამის გაკეთება შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა შეიკრიბოს თუ არა უსაფრთხოების საბჭო, რომელიც აღნიშნულ კონფლიქტზე იმსჯელებს, კობახიძის თქმით, მთავრობის შიგნით ასეთ საკითხებზე კონსულტაციის პრობლემა არ არის.
„საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, მთავრობა არის მთავარი ორგანო, რომელიც ასეთ საკითხებზე მსჯელობს და მთავრობის შიგნით ასეთ საკითხებზე კონსულტაციის პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, წუხელ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.