გია ხუხაშვილი - არჩევნების ელექტრონულად ჩატარება ტექნოლოგიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს - ეს პირველ რიგში უნდა ასოცირდებოდეს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის საშუალებასთან

ეს ტექნოლოგიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს - თუ ვსაუბრობთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე, პირველ რიგში, ეს უნდა ასოცირდებოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანებისთვის ხმის მიცემის საშუალებასთან, - ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც არჩევნების ელექტრონულად ჩატარების თაობაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა.

ხუხაშვილი პრობლემას ხედავს იმაში, რომ არჩევნების ელექტრონულად ჩატარება არ გულისხმობს „ხმის მიცემას დისტანციურად“.

„მოგეხსენებათ, საქართველოდან მიგრაცია ძალიან მაღალია და შეიძლება ითქვას, რომ მილიონზე მეტი ადამიანი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება და აქ ცხოვრება უნდა და სხვადასხვა გარემოების გამო, თუნდაც იმის გამო, რომ აქ ღირსეულად დასაქმების საშუალება არ აქვს, გასულია საზღვარგარეთ, მათ თუ არ მიეცათ ელექტრონულად ხმის მიცემის საშუალება, ეს იქნება არასაკმარისი რეფორმა იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს რეალურად ლეგიტიმური ხელისუფალი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა აძლევს ხმას.

აღნიშნული ინიციატივა რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სამყარო წინ მიდის - არსებობს დაცვითი ტექნოლოგიები. ჩვენ ველოსიპედს ხომ არ ვიგონებთ, რამდენ ქვეყანაშია უკვე ნაცადი ეს და შესაძლებელია გავიზიაროთ ეს გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ. არსებობს ქვეყნები, სადაც უკვე რამდენიმე არჩევნები არის ჩატარებული ამ სისტემით, სისუსტეები გამოვლენილი არის, აპრობირებულია სისტემები, შესაბამისად, საარჩევნო კომისიამ კონსულტაციები უნდა მიიღოს, რათა ეს თანამედროვე გამოცდილება გაიზიაროს და დანერგოს.

ჩვენ თუ ვსაუბრობთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე, პირველ რიგში, ეს უნდა ასოცირდებოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანებისთვის ხმის მიცემის საშუალებასთან. ყველა ქვეყანაში გაბნეულები არიან ქართველები. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ საელჩოში ან საკონსულოში მივიდეს. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა არ აქვს ლეგალურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჩვენ ამ ხალხს პატივი უნდა ვცეთ იმდენად, რომ თავისი ქვეყნის ხელისუფლების არჩევის უფლება უნდა დავუბრუნოთ, რომელიც, ფაქტობრივად, წართმეული აქვთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. ინიციატივის თანახმად, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ „აქ საქმე არ ეხება დისტანციურად, სახლიდან ხმის მიცემას“. კობახიძის განცხადებით, დისტანციური ხმის მიცემის საკითხი, მათ შორის ქართული დიასპორის წარმომადგენლების შემთხვევაში, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით