ელექტრონული არჩევნების პროექტს მხარს დავუჭერთ იმ დათქმით, თუ ეს არ იქნება ცესკოს, იგივე სუს-ის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული და ამ პროცესის ფინანსურ, ელექტრონულ მხარდაჭერას განახორციელებენ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოები,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ელექტრონული არჩევნების ჩატარების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ამასთან, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ელექტრონული არჩევნები არ ხსნის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლასა და მოსყიდვის პრობლემებს.
"საპარლამენტო ოპოზიცია ელექტრონულ არჩევნებს ითხოვდა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობისთვის, იმავდროულად, ელექტრონული არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა, ცესკოს და სუს-ის ორგანიზებით ჩატარებულ არჩევნებს ნდობა ვერ ექნება, მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთონ საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოები, რათა მათ მიერ უზრუნველყოფილ ელექტრონულ პლატფორმებზე ხდებოდეს ამ არჩევნების განხორციელება და ორგანიზება, სხვა შემთხვევაში ნდობის ხარისხი დაბალი იქნება. ამასთან, ამ ელექტრონული არჩევნებით ვერ გამოირიცხება წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიმდინარე ყველა ის შესაძლო ზეწოლა, მოსყიდვა და ა.შ. საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ - ჩვენ თანახმა ვართ ელექტრონულ არჩევნებზე, თუმცა, ეს არ უნდა იყოს ცესკოს და სუს-ის ელექტრონულ პლატფორმებზე, ამაში საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფოების მხარდაჭერა დაგვჭირდება ელექტრონული პროგრამირების მხარდაჭერის კუთხით და ა.შ. ",- განაცხადა ბეჟაშვილმა.