კვლევის თანახმად, 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში ქვეყნის მოსახლეობის 23% წავიდა

პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია.

ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, შესაბამისად - 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).

ანგარიშის თანახმად, გაანალიზებულ პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ემიგრაციის თვალსაზრისით ოდნავ შემცირდა 75%-დან 72%-მდე. იმავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი 20%-დან 21%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების წილი - 3%-დან 5%-მდე.

„საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ქვეყნიდან ემიგრაცია ხასიათდება, როგორც შრომითი მიგრაცია, რომელიც გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით (უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და დაბალი ხელფასები). სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მიმღებ ქვეყანაში. საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაციაა საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნა, რათა უზრუნველყონ მათი საცხოვრებელი პირობები.

2012 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია (გაანალიზებულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). სხვა ფაქტორებთან ერთად, 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა. 2018 წლიდან 2021 წლამდე საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო, ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა და გაანალიზებულ პერიოდში ერთადერთი დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (16 ათასი). თუმცა, 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (- 26 ათასი)“,- აღნიშნულია ანგარიშში.

თენგიზ ცერცვაძე - შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის დაცული და პანდემია არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
არჩილ მორჩილაძე - ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციას და გაუმართლებლად ზრდის დაზღვევის ღირებულებას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
შეზღუდული პერიოდით “სკიო გუდაური” ბინებს არასეზონურ ფასად გაყიდის
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო