რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება. პაპმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ღმერთი ომს მხარს არ უჭერს, რითაც რუსეთის ფედერაციის პატრიარქი კირილი გააკრიტიკა, რომელიც უკრაინაში შეჭრასა და ომს მხარს აქტიურად უჭერს.
მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების მე-7 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას პაპმა ფრანცკისკემ განაცხადა, რომ ღმერთს მშვიდობა სურს და ომის დაგმობა მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც მოუწოდა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ კონგრესს.
„ღმერთი მშვიდობაა. ის ყოველთვის გვიხელმძღვანელებს მშვიდობის გზაზე და არასდროს ომის გზაზე. მოდი, კიდევ უფრო მეტად დაჟინებით მოვითხოვოთ კონფლიქტების გადაწყვეტის აუცილებლობა არა უსასრულო ძალაუფლების საშუალებებით, იარაღითა და მუქარით, არამედ შეხვედრებით, დიალოგითა და მოთმინებით", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ყაზახეთში გამართულ კონგრესს არ ესწრება რუსეთის პატრიარქი კირილი.