უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დღეისათვის დიდ ბრიტანეთში მომზადება 5 000-მდე უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა

დღეისათვის დიდ ბრიტანეთში მომზადება 5 000-მდე უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ამ მომენტისთვის კანადიდან, ნიდერლანდებიდან, ახალი ზელანდიიდან, უკრაინიდან და თავად გაერთიანებული სამეფოდან ინსტრუქტორების მონაწილეობით, თითქმის 5 000-მა ჩვენმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით გაიარა მომზადება. მათ მიიღეს საბაზისო ცოდნა, ტაქტიკური მედიცინის, საინჟინრო, სახანძრო, ფსიქოლოგიური და ტაქტიკური მომზადების უნარები, მათ შორის ურბანულ გარემოში თავდასხმითი და თავდაცვითი მოქმედებების წარმოებაში“, - წერია უკრაინული გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ოპერაცია Interflex-ის ფარგლებში მიმდინარეობს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ოპერაცია Interflex-ის გაფართოება იგეგმება, კერძოდ კი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების უმცროსი მეთაურების მომზადების კურსის დაწყება.
„ოპერაცია Interflex არის ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი და დამაჯერებელი მტკიცებულება იმის, რომ უკრაინა მარტო არ არის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

























