„სტრატეგია აღმაშენებელმა“ უსინდისობით და უზნეო ქმედებით „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუსწრო - ელემენტარული კულტურაა, რომ კოლეგას ეს არ უნდა აკადრო, - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის მიერ მათი მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი „ან მავნებლები არიან ან სასარგებლო იდიოტები“.
ხუნდაძის თქმით, დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი „უინტელექტო არსებების თავშეყრაა“.
„შეურაცხმყოფელი რიტორიკა არის ქართული პოლიტიკის უბედურება. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი უინტელექტო არსებების თავშეყრაა.
სირცხვილი ის პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან. დადიან უცხოეთში კარდაკარ და საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებს ითხოვენ ისე, რომ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ. ის კი არ იციან, რომ საკუთარ ხალხს უნდა სთხოვონ, ანდონ ქვეყნის მართვა. ამდენი მარცხის შემდეგაც ვერ ისწავლეს, რომ ჯერ ქართველ ხალხს უნდა ემსახურონ და მერე უცხოეთს, ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან და მერე სხვისი. სანამ ამას არ შეიგნებენ, მანამდე მათი სიტყვა დარჩება „მდაბიოთა ხმა მღაღადებლისა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებს, საინფორმაციო ტერორიზმი და საინფორმაციო დივერსიაა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ამას აძლიერებს "ოთხეული", „რომლებიც ან მავნებლები არიან ან სასარგებლო იდიოტები“.