ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანულმა იარაღმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის წარმატებულ კონტრიერიშში

გერმანულმა იარაღმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის უახლეს წარმატებულ კონტრიერიშში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ ის იარაღი, რომელიც გერმანიამ ახლა მიაწოდა უკრაინას, არის გადამწყვეტი უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის განვითარებისთვის და მან ცვლილება შეიტანა სამხედრო მოქმედებებში“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
სამთავრობო სიის მიხედვით, გერმანიამ უკვე მიაწოდა უკრაინას 10 ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000, 10 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard და სხვადასხვა უფრო მსუბუქი შეიარაღება. შოლცმა დაამატა, რომ უახლოეს მომავალში გერმანია მიაწვდის უკრაინას IRIS-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, რომელიც არის „უახლესი აღჭურვილობა, რომელსაც ბუნდესვერიც კი არ იყენებს“. ამავდროულად, კანცლერმა გამორიცხა უკრაინისთვის Leopard ტანკებისა და Marder ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება.
მისი განმარტებით, ასეთი ნაბიჯები მოკავშირეებს შორის უნდა იყოს შეთანხმებული და არცერთი სხვა ქვეყანა არ აგზავნის უკრაინაში დასავლურ საბრძოლო ტანკებს.
„გერმანიის მთელი მთავრობის პოზიცია - ყველა მისი წევრისა და მხარდამჭერი პარტიების - არის ის, რომ გერმანია ცალმხრივად არ იმოქმედებს“, - განაცხადა კანცლერმა.

























