ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან, მისიამ 82021 პატრულირება განახორციელა - დაარსების დღიდან ცხელი ხაზი 17781-ჯერ გააქტიურდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების მე-14 წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა განმარტა, თუ როგორ შეუწყო ხელი გასული 14 წლის განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სტაბილურობას როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. მისიის მუშაობის 4 მიმართულებაზე - სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირის პოლიტიკის ინფორმირებაზე დაყრდნობით მან ხაზი გაუსვა ძირითად მოვლენებსა და გამოწვევებს.

მარეკ შჩიგელმა განაცხადა, რომ მისია ამჟამად ახორციელებს დაახლოებით 15 პატრულირებას დღეში, ანუ დაახლოებით 100 პატრულირებას კვირაში. მისი თქმით, Covid-ის პანდემიის პიკის დროსაც კი, მისიამ მოახერხა რეგულარული და თვალსაჩინო წარმომადგენლობის შენარჩუნება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ და 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 82021 პატრულირება განახორციელა.

„ჩვენი 24/7 ადგილზე დაკვირვების მეშვეობით განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ, ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ ადგილი არ ჰქონდეს საომარი მოქმედებების განახლებას. ამას აქვს პრევენციული ეფექტი: მხარეებმა იციან, რომ ჩვენ პატრულირებას ვახორციელებთ და შეგვიძლია დავამოწმოთ მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია უფრო სტაბილურია, ვიდრე კონფლიქტის დასრულებისთანავე", - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც საქმე ნორმალიზებას ეხება, ეს შედარებითი სტაბილურობა მუდმივად მზარდი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს.

შჩიგელმა განმარტა, რომ 2 თვითგამოცხადებული რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფისა და იზოლაციის განცდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და მიმდინარე „ბორდერიზაციის“ მოქმედებების გამო იზრდება და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ მათი საზოგადოებრივი ურთიერთობების შენარჩუნების, საკუთრების უფლებების დაცვის, ღირსეული შემოსავლის და ბავშვების მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა შეამცირა.

მანვე ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაკავებები ქმნის დამატებით ფსიქოლოგიურ ბარიერებს, ფიზიკურ ბარიერებთან ერთად და, როგორც ასეთი, აწესებს დამატებით შეზღუდვებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე.

"ამჟამად ცხინვალში დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე და სოხუმში 2. ხელმისაწვდომი პლატფორმების საშუალებით, ჩვენი მისია მუდმივად მოუწოდებს ამ დაკავებულების სწრაფი გათავისუფლების და ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ", - განაცხადა შჩიგელმა.

მისიის ხელმძღვანელმა მიუთითა უკანასკნელ დროს განვითარებულ პოზიტიურ მოვლენებზე, რომელიც დაკავშირებულია აღდგომისა და ლომისობის დღესასწაულების დროს და ასევე, 20-30 აგვისტოს პერიოდში გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნასთან დაკავშირებით.

„იმ დღეებში გადაკვეთების მაღალი რაოდენობა მეტყველებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარე მცხოვრებ მოსახლეობას შორის დარჩენილ ძლიერ კავშირებზე“, - აღნიშნა მან.

მისიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ პარასკევს, 23 სექტემბერს, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 108-ე შეხვედრა გაიმართება.

„წლების განმავლობაში, შეხვედრებს მრავალი პრაქტიკული მიღწევა მოჰყვა, დაწყებული დაკავებულების გათავისუფლებით და გაგრძელებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე “,- განაცხადა მან.

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის გადამწყვეტ როლს, როდესაც საკითხი ან ინციდენტი საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას. მისი თქმით, ის იძლევა ინფორმაციის გაცვლის საშუალებას 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე.

„დაარსების დღიდან ცხელი ხაზი 17781-ჯერ გააქტიურდა. ცხელი ხაზის გააქტიურების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მექანიზმი დიალოგის გასაგრძელებლად და საკითხების სწრაფად და პრაქტიკული გზით გადასაჭრელად“, - თქვა შჩიგელმა.

მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა განმარტა, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონთან მიმართებაში მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის წარდგენითა და გადაცემით.

გარდა ამისა, მან მოიყვანა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მაღალი დონის ვიზიტების მაგალითები, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, ასევე წევრი სახელმწიფოებიდან.

"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა გადაწყვეტილების მიმღებებმა საკუთარი თვალით დაინახონ უსაფრთხოების ვითარება. ეს მათ საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და განავითარონ უკეთესი პოლიტიკა რეგიონის მიმართ “, - აღნიშნა მან.

პრესკონფერენციის დასრულებისას, მისიის ხელმძღვანელმა, წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი კორპორატიული ვიდეო, რომელიც ხაზს უსვამს იმას თუ რა არის სადამკვირვებლო მისია, რას აკეთებს და განსაკუთრებით იმას თუ რატომ აკეთებენ ამას.

როგორც მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათი მთავარი მიზანი საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონის სტაბილურობაში წვლილის შეტანაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა