სომხეთის ელჩი - დღეს ჩვენ, როგორც ისტორიული პარტნიორები, ვალდებულნი ვართ უფრო პასუხისმგებლობით მივუდგეთ ჩვენი საერთო მომავლის ფორმირებას, დაფუძნებული არა დროებით მოკლევადიან ინტერესებზე, არამედ გრძელვადიანი თანამშრომლობის საერთო კონცეფციაზე

სომხეთი აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზღვარზე ვითარების ესკალაცია ოფიციალური ერევნის მოქმედებებმა გამოიწვია, კვლავ ტყუილს უწოდებს. უფრო მეტიც, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში სომხეთის ახალმა ელჩმა აშოტ სმბატიანმა აღნიშნა, „აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ პროვოკაციისთვის წინასწარ მოამზადა საინფორმაციო ნიადაგი და ამის საფუძველზე ყოველდღიურად ავრცელებდა ინფორმაციას სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით“. როგორც სომეხმა დიპლომატმა აღნიშნა, ამ ვითარებაში სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პოზიციას.

რაში ხედავს საქართველოში სომხეთის ახალი ელჩი რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობის პერსპექტივას და რა იქნება მისი დიპლომატიური მისიის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ელჩი ვრცლად საუბრობს.

- მართალია ჩვენი ინტერვიუ დიდწილად სომხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობას ეხება, თუმცა არ შემიძლია არ გკითხოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების უკანასკნელი ესკალაციის შესახებ. აზერბაიჯანული მხარე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებაში გადანაშაულებდათ და ადამიანურ დანაკარგზეც საუბრობდა. რა შეგიძლიათ თქვენი მხრივ გვითხრათ მომხდართან დაკავშირებით და თუ გაქვთ ინფორმაცია მსხვერპლზე როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებს შორის?

- 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ცეცხლი არა მხოლოდ საბრძოლო პოზიციებს, არამედ სომხეთის რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტებსაც გაუხსნა, კონკრეტულად სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანას, არტანიშასა და იშხანასარას მიმართულებით. თავდასხმა განხორციელდა ინფრასტრუქტურის სამოქალაქო ობიექტებზეც. საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანულმა სამხედროებმა მასშტაბური შეტევა განახორციელეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით. აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად 105 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო პირებიც.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, აბსოლუტური ტყუილია. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ პროვოკაციისთვის წინასწარ მოამზადა საინფორმაციო ნიადაგი სომხეთის მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ ყოველდღიური დეზინფორმაციის გავრცელების გზით, რომლებსაც რეგულარულად უარყოფდა სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ აზერბაიჯანის ამჟამინდელი აგრესია უკავშირდება ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესს. ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, აზერბაიჯანმა მშვიდობიანი მოლაპარაკების 5 წინადადება წარმოადგინა და შემოგვთავაზა სამშვიდობო შეთანხმებისთვის ხელი მათ საფუძველზე მოგვეწერა. ჩვენი პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ ამ წინადადებებში ჩვენთვის მიუღებელი არაფერი იყო. სხვა საქმეა, რომ ეს წინადადებები არ ეხება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგის ყველა საკითხს. კერძოდ, ჩვენი ერთ-ერთი დამატება იყო მინიშნება 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების პრინციპების დაცვის შესახებ. შემდეგი მნიშვნელოვანი დამატება ეხებოდა მოსახლეობის უსაფრთხოებას, უფლებებსა და სტატუსს მთიან ყარაბაღში.

თავიდან ჩანდა, რომ ამ თემაზე საერთო გაგება იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით, ბრიუსელში გამართულ ბოლო შეხვედრაზე, აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებაზე ჩვენ მიერ წარმოდგენილი დამატებების საფუძველზე.

რაც შეეხება საკომუნიკაციო გზების გახსნის თემას: აზერბაიჯანი ამახინჯებს რა 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებას, საუბრობს დერეფნების მიღებაზე სომხეთის ტერიტორიის გავლით, სომხეთის პოზიცია იყო და დღესაც იგივე რჩება: ჩვენ არ ვაპირებთ ვინმესთვის დერეფნის მიცემას სომხეთის ტერიტორიის გავლით, მაგრამ ჩვენ დაინტერესებულები ვართ გზების გახსნითა და ბლოკადის მოხსნით სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ რეგიონის ყველა ქვეყანა სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩათვლით შეძლებს ამ გზებით სარგებლობას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პოზიცია სრულად შეესაბამება სამმხრივი განცხადების ლოგიკას, რაც საჯაროდ იქნა დადასტურებული შესაბამისი სამმხრივი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის მიერ.

- სომხეთის მთავრობამ გაეროსთან ერთად დახმარებისთვის რუსეთსაც მიმართა. რა სახის დახმარებას ელოდით ოფიციალური მოსკოვისგან და რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ, რომ უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, კრემლი თქვენთვის ხელის გამოწვდას შეძლებს?

- 13 სექტემბრის ღამეს სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის მიმართვის თაობაზე. გარდა ამისა, სომხეთმა მიმართა რუსეთის ფედერაციას 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე მიიღო გადაწყვეტილება მიემართა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის არსებული ვითარების საგანგებო წესით განხილვისთვის. ღამის გამავლობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამართა სატელეფონო მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტებთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. თავის მხრივ, სატელეფონო მოლაპარაკებები გაიმართა საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხაზით.

სომხეთი ელოდა საერთაშორისო საზოგადოების შესაბამის რეაქციას აზერბაიჯანის მასშტაბურ არაპროვოცირებულ სამხედრო აგრესიაზე სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის მიმართ.

- საქართველომ უახლოეს წარსულში შუამავლის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. რეგიონში სტაბილურობა დიდწილად ჩვენს ინტერესებში შედის. ხომ არ აპირებთ უახლოეს პერიოდში ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების წინაშეც დააყენოთ ?

- 13 სექტემბერს სომხეთისა და საქართველოს მთავრობის მეთაურებს შორისაც შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის მიმდინარეობისასაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ქართველ კოლეგას აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიით გამოწვეული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პოზიციას და სამართლიანობისა და რეგიონში მყარი მშვიდობის დადგენის მიზნით, მასთან, ისევე როგორც სომხეთის სხვა ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, თანამშრომლობისთვის მზად არის.

- რადგან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ადგილი უკვე ოფიციალურად დაიკავეთ, მსურს გკითხოთ, როგორია თქვენი გეგმები საქართველოსთან მიმართებით. გაგვიზიარეთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც ყველაზე აქტიურად აპირებთ მუშაობას?

- პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის სტატუსით ჩამოსვლა. ცივილიზაციური და კულტურული მსგავსება, ფასეულობათა საერთო სისტემა არის საკვანძო ფაქტორები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ერების ისტორიულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. სომეხი და ქართველი ხალხის სიახლოვე საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეებიდან ვიგრძენი, შევიგრძენი რა საყოველთაოდ ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობის სრული სიღრმე.

რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ცნობილია, რამდენად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, რისი საუკეთესო მაგალითიც არის მთავრობის მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა მინისტრის რეგულარული ოფიციალური და სამუშაო კონტაქტები. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიმართულება გახდება აქტიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა როგორც მაღალ, ასევე სამუშაო დონეზე. ასევე, მნიშვნელოვანი სფეროა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. 2021 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, ზრდის ტენდენცია 2022 წელსაც გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად.

ასევე, პრიორიტეტი ენიჭება თანამშრომლობას და საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ორმხრივი თანამშრომლობის ბოლო ასეთი წარმატებული მაგალითია ბაგრატაშენ-სადახლოს საგუშაგოზე ახალი „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ჩემი, როგორც ელჩის საქმიანობაში, იქნება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირადი კონტაქტების გააქტიურება „მეტი სომხეთი საქართველოში და მეტი საქართველო სომხეთში“ პრინციპით. ამ კონტექსტში, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ჩვენი ქვეყნების კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს, სტუდენტებსა და ექსპერტთა საზოგადოებებს შორის კონტაქტებს.

- თქვენი წინამორბედი საქართველოში 2017 წლიდან ასრულებდა სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობებს. როგორ შეაფასებთ მის საქმიანობას ამ წლების განმავლობაში და არის თუ არა რაიმე გამოკვეთილი ხარვეზები, რომლებიც თქვენი აზრით, შეიძლებოდა სხვაგვარად გაკეთებულიყო, თუნდაც ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობაში ?

- არაკორექტულად მიმაჩნია ჩემი წინამორბედის, რუბენ სადოიანის საქმიანობის შეფასება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე, თუმცა სომხეთსა და საქართველოს შორის დღეს არსებულ ორმხრივი კონტაქტების მაღალ დონისა და აქტიურობის გათვალისწინებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, შეიძლება ბატონი სადოიანის საქმიანობის შესახებ შთაბეჭდილების შექმნა.

მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალი ელჩის პოსტზე მე კარგი მემკვიდრეობა და სოლიდური საფუძველი დამხვდა სომხეთ- საქართველოს ურთიერთობის სასარგებლოდ შემდგომი საქმიანობისთვის.

- ძიების მიუხედავად, არსად არ არის დაკონკრეტებული, რამ გამოიწვია თქვენი წინამორბედის, რუბენ სადოიანის საქართველოდან გაწვევა და თანამდებობაზე თქვენი დანიშვნა. საინფორმაციო სააგენტოებიც წერენ, რომ აღნიშნულის მიზეზი არ განუმარტავს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. იქნებ თქვენ დაგვიკონკრეტოთ, როდის ეწურებოდა საქართველოში მუშაობის ვადა ელჩ სადოიანს და რამ გამოიწვია მისი გაწვევა?

- როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, სომხეთშიც ელჩებს განსაზღვრული ვადით ნიშნავენ, რის შემდეგაც ხდება ბუნებრივი როტაცია. ამ თვალსაზრისით, რუბენ სადოიანი დაახლოებით 5 წელი მუშაობდა სომხეთის ელჩად საქართველოში, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. შესაბამისად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალი ელჩის გამოწვევა და დანიშვნა ბუნებრივი როტაციის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

- მსურს გკითხოთ, რითი არის განპირობებული, რომ გერმანიის შემდეგ მოღვაწეობას სწორედ საქართველოში გააგრძელებთ?

- როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველო სომხეთისთვის უახლოესი და მეგობრული მეზობელია და ამ კონტექსტში საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებას სომხეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში განსაკუთრებული და პრიორიტეტული ადგილი უჭირავს.

სომხეთი და საქართველო ორი ახალგაზრდა დემოკრატიაა ჩვენს რეგიონში, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა თავისი დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნების მომავალი დემოკრატიზაციის მიმართულებით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს მკაფიო კვალი აქვს ჩვენი ხალხების ისტორიაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღევანდელი დემოკრატიული ღირებულებები ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებიც შემდგომ საუკუნეებში განვითარდა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც სომხეთმა, ისე საქართველომ, ორმა ძველმა ქრისტიანმა ხალხმა თავისი მდიდარი კულტურითა და ისტორიით.

საქართველომ და სომხეთმა აირჩიეს საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობის გზა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გერმანიაში ჩემი მუშაობის გამოცდილება, ევროპის გულში ჩამოყალიბებული საპარლამენტო სისტემის მქონე ქვეყანაში, გამოადგება ჩემს დღევანდელ სამუშაოს ჩვენი საზოგადოების დემოკრატიზაციისა და რეფორმების გატარების პროცესის კონტექსტში.

- ჩვენი ქვეყნების ორმხრივ თანამშრომლობას რომ დავუბრუნდეთ, მინდა გკითხოთ, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რაც შექმნილია რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრით, იგეგმება თუ არა ქართულ მხარესთან სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შესრულებაზე ორმხრივი მუშაობა და ზოგადად რეგიონულ კონტექსტში როგორ გესახებათ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაგრძელება?

- ცხადია, საქართველოს სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სომხური იმპორტისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. საქართველოსთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, მაგალითად, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ან ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას სომხეთსა და საქართველოს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხეთისთვის და საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის.

სამწუხაროდ, სომხეთი და საქართველო დღეს ერთადერთი დემოკრატიული ქვეყნებია რეგიონში, რაც ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი დამაკავშირებელი ფაქტორია. სომხეთი, როგორც ახალგაზრდა დემოკრატია, დაინტერესებულია დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ფაქტორი ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ საკითხში საქართველოც ჩვენი თანამოაზრეა.

- საქართველო-სომხეთის დღეს არსებული ურთიერთობები მსურს შეგაფასებინოთ. ჩვენი მხრივ ვაკვირდებით, რამდენად ხშირია პირველი პირების ორმხრივი ვიზიტები საქართველოში და სომხეთში - ჩვენმა პრემიერმა არაერთი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა სომხეთში, რამდენიმე თვის წინ კი საქართველოში სომხეთის პრეზიდენტს ვუმასპინძლეთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არასდროს ყოფილა ცივი და პასიური, თუმცა მსურს გკითოთ, მაინც რამ განაპირობა ამ ტემპის კიდევ უფრო გაზრდა?

- მართლაც, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა კონტაქტები სომხეთისა და საქართველოს ლიდერებს შორის, რაც სხვათა შორის, ეხება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, არამედ ჩვენი სამინისტროების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ეკონომიკის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ფინანსების მიმართულებით. ეს გააქტიურება შეიმჩნევა გლობალური ცვლილებების ფონზე, რომელიც ხდება როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მთლიანად მსოფლიოში. ამ ცვლილებების სისწრაფე და, გარკვეული გაგებით, არაპროგნოზირებადობა აუცილებელს ხდის ჩვენი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა მუდმივ კონტაქტში იყოს ერთმანეთთან, რათა რეგულარულად გაცვალონ აზრები და დროულად მოაგვარონ წარმოშობილი საკითხები, ასევე იპოვონ თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ახალი შესაძლებლობები.

სომხეთსა და საქართველოს გააჩნია მდიდარი შერწყმული ისტორია, სავსე საერთო მემკვიდრეობით, მთელი რიგი ერთად გავლილი მნიშვნელოვანი მოვლენებისა და განსაცდელებით.

ამ რეალიებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ, როგორც ისტორიული პარტნიორები, ვალდებულნი ვართ უფრო პასუხისმგებლობით მივუდგეთ ჩვენი საერთო მომავლის ფორმირებას, დაფუძნებული არა დროებით მოკლევადიან ინტერესებზე, არამედ გრძელვადიანი თანამშრომლობის საერთო კონცეფციაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი კონცეფციის გარეშე ჩვენი რეგიონის ამჟამინდელი ცივილიზაციური მოზაიკა საფრთხის ქვეშ იქნება ზოგადად.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს