სომხეთის ახალი ელჩი - ჩემი მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირადი კონტაქტების გააქტიურება „მეტი სომხეთი საქართველოში და მეტი საქართველო სომხეთში“ პრინციპით

მნიშვნელოვანი მიზანი ჩემი, როგორც ელჩის საქმიანობაში, იქნება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირადი კონტაქტების გააქტიურება „მეტი სომხეთი საქართველოში და მეტი საქართველო სომხეთში“ პრინციპით, - ამის შესახებ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალმა ელჩმა აშოტ სმბატიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში სომხეთისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოს პოზიციას, აქედან გამომდინარე, სამართლიანობისა და რეგიონში მყარი მშვიდობის დადგენის მიზნით, მასთან, ისევე როგორც სომხეთის სხვა ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ცნობილია, რამდენად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, რისი საუკეთესო მაგალითიც არის მთავრობის მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა მინისტრის რეგულარული ოფიციალური და სამუშაო კონტაქტები. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიმართულება გახდება აქტიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა როგორც მაღალ, ასევე სამუშაო დონეზე. ასევე, მნიშვნელოვანი სფეროა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. 2021 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, ზრდის ტენდენცია 2022 წელსაც გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად.

ასევე, პრიორიტეტი ენიჭება თანამშრომლობას და საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ორმხრივი თანამშრომლობის ბოლო ასეთი წარმატებული მაგალითია ბაგრატაშენ-სადახლოს საგუშაგოზე ახალი „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ჩემი, როგორც ელჩის საქმიანობაში, იქნება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირადი კონტაქტების გააქტიურება „მეტი სომხეთი საქართველოში და მეტი საქართველო სომხეთში“ პრინციპით. ამ კონტექსტში, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ჩვენი ქვეყნების კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს, სტუდენტებსა და ექსპერტთა საზოგადოებებს შორის კონტაქტებს“,- განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, სომხეთი და საქართველო დღეს ერთადერთი დემოკრატიული ქვეყნებია რეგიონში, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ ერთი დამაკავშირებელი ფაქტორია.

„სომხეთი, როგორც ახალგაზრდა დემოკრატია, დაინტერესებულია დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ფაქტორი ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ საკითხში საქართველოც ჩვენი თანამოაზრეა“,- განაცხადა აშოტ სმბატიანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო