გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია სწორი ცხოვრებით ვცხოვრობთ და თვალთვალმა ვერ გამოავლინა ჩვენში უკეთური - ვპირდები დამნაშავე ხელისუფლებას, ყველა დანაშაულზე პასუხს გაგებინებთ

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც გაშინებენ, გატერორებენ, გიყენებენ, გაფუჭებენ - მოდით და აღიარეთ, დაგველაპარაკეთ და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი სახელისა და რეპუტაციის გადარჩენაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სუს-ის მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ფარულ მიყურადებასა და შანტაჟს ეხებოდა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისი პარტია დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც სპეცსამსახურების მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი იყო.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ დამნაშავეებს „პასუხს აზღვევინებს“.

„ჩვენ დაგეხმარებით, რომ ის დამნაშავეები, სუს-ის თუ სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნები, რომლებმაც დაგაშინეს, თქვენ წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედება ინტრიგის და შანტაჟით ჩაიდინეს, ყველას ერთად ვაზღვევინოთ პასუხი.

მე მსხვერპლი არ ვარ, ჩემზეც იყო ბევრი რამ, მაგრამ ერთი რამ გამოჩნდა, რომ ჩვენ, პოლიტიკური ოპოზიცია სწორი ცხოვრებით ვცხოვრობთ, კეთილსინდისიერად ვცხოვრობთ და მათმა თვალთვალმა ვერ გამოავლინა უკეთური ჩვენში. ამან დაამტკიცა, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე.

ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ „კაგებე“აფუჭებს ახალგაზრდა ადამიანებს, ვნახეთ როგორ „ავერბოვკებს“, აშინებს და სხვადასხვა შანტაჟით ახდენს მათ ჩანერგვას პოლიტიკურ ოპოზიციასა და ოპონენტებში. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 90% ყოველდღიურად საჭმელს ვერ ყიდულობს. ქვეყანაში, საიდანაც გარბიან ემიგრაციაში ჩვენი თანამოქალაქეები, რადგან ლუკმაპურს ვერ შოულობენ აქ, საქართველოში. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი იხარჯება კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე - კონტროლზე, ადამიანების გაფუჭებაზე და მათ მთელ ცხოვრებას უსპობენ ეს ვერაგი დამნაშავეები, სახელმწიფოს მტრები, რომლებიც მოკალათებული არიან დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს დღეს პრორუსული ხელისუფლება მართავს, რომელიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

„ვპირდები დამნაშავე ხელისუფლებას, ჩვენ თქვენ ყველა დანაშაულზე პასუხს გაგებინებთ. არცერთი დაუსჯელი არ დარჩება. გამოძიება რომ მოვითხოვოთ, ვიცით, რომ თქვენ რა თქვენს თავს დაიჭერთ? ამას აზრი არ აქვს, მაგრამ ამ ქვეყანაში დადგება დრო, როცა თქვენ მიერ მიტაცებულ ხელისუფლებას და მიტაცებულ სამშობლოს უკან დავიბრუნებთ და სამართლიანობას აღვადგენთ. ყველა ადამიანს, ვისაც თქვენ ღირსება შეულახეთ, ვინც გაანადგურეთ და გააჩანაგეთ, ჩვენ ღირსებს დავუბრუნებთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა პოლიტიკურ ოპონენტებთან და ოპოზიციასთან მიმართებით სუს-ის მხრიდან განხორციელებულ თვალთვალისა და მიყურადების ფაქტებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო