აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე “უკანონო თავდასხმები” განახორციელა.
ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ განხორციელების შემდეგ.
”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიციირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - აღნიშნა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას.
„ვაგრძელებთ სიტუაციისთვის თვალყურის ყურადღებით დევნას და ვაგრძელებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით, ყოვლისმომცველი და მდგრადი გადაწყვეტის მხარდაჭერას“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ერევანში გუშინ ჩავიდა.