ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2022

გიორგი გობრონიძე - რატომ დაამცირეს პუტინი შანხაის სამიტზე?!

ბურუსით მოცული შეტაკება ხერსონის ცენტრში და უკრაინელთა ახალი ტაქტიკის ანალიზი

ვახტანგ ძაბირაძე - “საზოგადოებაში არანაირი მზაობა იმისა, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, არ არის”

იცვლება თუ არა რუსების გეგმა და რა ახალ დავალებას მისცემს პუტინი თავის ჯარს

დავით უსუფაშვილი - “ჩვენ არ ვაპირებთ "ოცნების" მსგავსად ხალხის ტვინების გამორეცხვას და ოპონენტების ქვეყნის მტრებად გამოცხადებას"

* * *

გიორგი გობრონიძე - "რატომ დაამცირეს პუტინი შანხაის სამიტზე?!"

“პროგნოზირება იმისა, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, რთულია, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები ზუსტი მეცნიერება არ გახლავთ და ნებისმიერი სცენარი დამოკიდებულია სხვადასხვა ცვლადისა და არაერთი ფაქტორის ერთობლიობაზე, ასევე იმაზე, რომელ თეორიულ ჭრილში განვიხილავთ ამ სცენარებს. რუსეთის არმიამ უკრაინაში დაკარგა ოპერატიული უპირატესობა. მან არა მხოლოდ უკან დაიხია, არამედ დათმო მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა, ეს უპირატესობა, რომელიც კონტრშეტევით მოიპოვა, შეინარჩუნოს და სტრატეგიულ დომინირებაში გადაზარდოს, ანუ საბოლოოდ ბრძოლის ველის სრული კონტროლი აიღოს ხელში. რუსეთს არ აქვს კონვენციური შეიარაღების საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ შექმნილი ვითარების შემოტრიალება შეძლოს. დღეს რუსეთი დგას რამდენიმე გამოწვევის წინაშე. თუ ის ბრძოლას გააგრძელებს, შეიძლება სრული სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა განიცადოს”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რატომ დაამცირეს პუტინი შანხაის სამიტზე?!"

“უკრაინის რესურსები შეივსება უახლოეს მომავალში, როდესაც ლენდ-ლიზი სრული მასშტაბით ამოქმედდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც მეტად გააქტიურდება უკრაინა, მით მეტად მოიმატებს მისი მხარდაჭერა, რადგან ეს დასავლეთში სარისკო ინვესტიციად აღარ ფასდება. დღეს ყველა მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და მისი მხარდაჭერა რენტაბელურ ინვესტიციად მიიჩნევა. შესაძლებელია, რუსეთი აღმოჩნდეს სამხედრო-პოლიტიკური მარცხის წინაშე. როგორ შეიცვლება ვითარება ბრძოლის ველზე, სადამდე გაგრძელდება უკრაინის სამხედრო წარმატება, ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტია, რუსეთმა აღიაროს მარცხი და უკრაინასთან გარკვეულ საზავო პირობებზე შეთანხმდეს. ორივე ვარიანტის შემთხვევაში რუსეთში ეს გამოიწვევს ძლიერ ტურბულენტობას. საზოგადოება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იკვებებოდა რუსეთის უძლეველობის მითით, აღმოაჩენს, რომ დამარცხდა, თან დამარცხდა იმასთან, ვისაც ხელოვნურ სახელმწიფოდ მიიჩნევდა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში რა მოხდება, გავლენის ცენტრებში რა როგორ გადათამაშდება, რთული სათქმელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“რუსეთისთვის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც ხშირად განიხილება, არის პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ რუსეთში ახლანდელი ელიტა შეიცვლება და დაიწყება დიდი წმენდა არმიაში, რადგან ჯოხი ვიღაცაზე უნდა გადატეხონ, ამ ყველაფერს კი შეიძლება მოჰყვეს სხვა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები და ძალაუფლებისთვის უკიდურესად მძიმე ბრძოლა დაიწყოს. ზოგადად, რუსეთს არ ახასიათებს კატასტროფის შემდეგ მმართველობის გაკეთილშობილება. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ მეორე ბოლშევიკებმა შეცვალეს, ჩეჩნეთის პირველ ომში მარცხის შემდეგ ელცინი პუტინმა ჩაანაცვლა, შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდეს უფრო რეაქციულად განწყობილი, რევანშისტული ძალა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის მარცხი იყოს იმგვარი, რომ მას ხელახალი რევანშისთვის რესურსი აღარ შერჩეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.“დღეს დასავლეთის მთავარი ამოცანაა, რუსეთი დასუსტდეს უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მაინც. ეს პერიოდი იქნება შანსი და ფანჯარა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რათა მათ საკუთარი სუვერენიტეტი განიმტკიცონ. მარცხის შემთხვევაში რუსეთის პოზიციები და გავლენა ყველგან შესუსტდება. ჩვენ ამის პირველ ნიშნებს უკვე ვხედავთ. ცენტრალური აზიის რეგიონში “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტზე, ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. ამით აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში. ამასთანავე, გამოჩნდა, ვინ არიან ლიდერები. უპირველესად, ეს არის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მერე კი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. მოკლედ, ცენტრალურ აზიაში ორი ახალი ლიდერი გამოიკვეთა. ეს ძალიან საინტერესო ცვლილებაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი წლისთვის ყაზახეთი დატოვებს `კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას~. ამასთანავე, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის გაჩნდა დაპირისპირების ახალი კერა, დაიღუპნენ ადამიანები. ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ახლა გააქტიურდა. მოკლედ, რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა წინა აზიაში, სადაც მას დიდი კონკურენტები ჰყავს, შესუსტდა სამხრეთ კავკასიაშიც - რაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხდება, რეგიონში რუსული გავლენის მოსალოდნელი ჩამოშლით არის განპირობებული”, - განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“რუსეთის დასუსტება თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ამა თუ იმ მიმართულებით გაჩნდება ძალის ვაკუუმი. რუსეთის გავლენა, მოგეხსენებათ, ემყარება არა განვითარების პოზიტიურ დღის წესრიგს, არამედ ძალის პრიმატს, შესაბამისად, თუ რუსეთი სუსტდება და კრიზისების მაკონტროლებელი ძალა ილევა, ბუნებრივად ჩნდება სიცარიელე, რაც დიდხანს არ დარჩება. ვხედავთ, რომ მისი შევსება უკვე დაიწყეს სხვა აქტორებმა. ამას აუცილებლად მოჰყვება გამოწვევები ყველა იმ რეგიონისთვის, რომლებზეც დიდი იყო რუსეთის გავლენა, მაგრამ ამავე დროს გაჩნდება შესაძლებლობებიც... რუსეთმა პირველივე დღეებში იგემა ძალიან დიდი საგარეო პოლიტიკური მარცხი, პუტინის რეჟიმი კატასტროფის წინაშეა. გავიხსენოთ, რის მიღწევა სურდა რუსეთს. პირველი - ნატოს შესუსტება აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს კი ნატოს სამხედრო კონტინგენტი აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თითქმის 120 000-მდე გაიზარდა, გაათმაგებულია მძიმე ტექნიკის რაოდენობა და ა.შ. პრაქტიკულად, ნატო კი არ შეასუსტა, გააძლიერა; ამას დაემატა რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოება. შვედეთი და ფინეთი, პრაქტიკულად, უკვე ნატოს წევრები არიან, შესაბამისად, რუსეთის ნატოსთან საზღვარი 1600 კმ-ით მეტი გახდა. საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის სტრატეგიული მარცხი”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“როგორც აცხადებდნენ, რუსეთის კიდევ ერთი პირობა და მიზანი იყო უკრაინის დემილიტარიზაცია, დღე კი უკრაინას ჰყავს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი, გაწვრთნილი და გამოცდილი არმია, რომელიც მომარაგებულია თანამედროვე დასავლური იარაღით, თან ეს იარაღი უწყვეტად მიეწოდება, ანუ დემილიტარიზაციის ნაცვლად რუსეთმა უკრაინის აქტიური მილიტარიზაცია მიიღო.ასევე რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციის მიზანი იყო ე.წ. დენაციფიკაცია, ამის ნაცვლად კი რუსეთმა მოახერხა, რომ რუსოფობიური განწყობა (თუ ის მართლაც არსებობდა უკრაინაში) გადააქცია ანტაგონისტურ განწყობად. უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელსაც მოკავშირედ განიხილავდნენ, პუტინის რეჟიმმა საშვილიშვილოდ გადაიკიდა. დასკვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომს თავისი პოლიტიკური განზომილება აქვს და ამ მხრივ რუსეთმა ყველა მიმართულებით მარცხი იწვნია. ამას ემატება ეკონომიკური შედეგები, კერძოდ, თუ რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი არის ტრილიონ-ნახევარი დოლარი, მისი დაახლოებით მესამედის აქტივები გაყინულია ევროპაში... დარჩა სამხედრო-პოლიტიკური მიზანი, რომ დაიპყროს უკრაინა, რასაც ასევე ვერ აკეთებს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ეს ჩვენს რეგიონზე უკვე აისახა და ვხედავთ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რა პროცესიც დაიწყო. აზერბაიჯანი თავს ესხმის სომხეთს, ფაქტობრივად, უკვე გასცდა ყარაბაღს და შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკი დაიწყო რეგიონში აზერბაიჯანული პოლიტიკური დღის წესრიგის ძალისმიერი გზით იმპლემენტაციაზე, რასაც მხარს უჭერს თურქეთი. სომხეთი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან მოყოლებული, ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას. საქართველო არის აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი, მაგრამ ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, ჩვენთვისაც გარკვეულ რისკს შეიცავს. შექმნილმა ვითარებამ გააჩინა სერიოზული გამოწვევები ირანის მიმართაც. რეგიონში უსაფრთხოების გარემო გაცილებით მყიფე და ტურბულენტურია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როდისმე ყოფილა. ასეთ დროს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რაღაცით დააბალანსოს რეგიონული აქტორების გავლენა. დღეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შესუსტებული გავლენით გაჩენილი ვაკუუმის შევსებას ცდილობენ თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი. ჩვენ გვჭირდება ამ გავლენის დაბალანსება, ამისთვის კი გვაქვს ერთი გზა - საქართველოს მჭიდრო კავშირის შენარჩუნება იმ აქტორთან, რომლის რეგიონიდან განდევნაც, რუსეთთან ერთად, სურთ თურქეთსა და ირანს და ეს არის დასავლეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ რეგიონში დასავლური ინტერესების პლაცდარმი და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთს, რომელიც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გამოვა რუსული გავლენის ორბიტიდან, დავეხმაროთ იზოლაციის დაძლევასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თუ დასავლეთის მიერ საქართველო განიხილება, როგორც ინტერესის პლაცდარმი, ხელისუფლების ნებისმიერი პოლიტიკის შემთხვევაში დასავლეთი ეცდება საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას. ამ დროს ჩვენგან ასეთი პოლიტიკის წამოწყება, რომელიც, ჩემი აზრით, 90%-ით გათვლილია შიდა აუდიტორიაზე და არ არის გააზრებული მისი საერთაშორისო პოლიტიკური შედეგები, შეიძლება საქართველოსთვის ძალიან საზიანო აღმოჩნდეს, ამიტომ ვიდრე დრო გვაქვს, აუცილებელია, ეს გამოსწორდეს. სახელისუფლებო ელიტას ჯერ აქვს შანსი, ყველაფერი შეცვალოს. “ოთხეულის”~ პოზიციის ახსნას არ დავიწყებ, რადგან რომ ვცადო, პირობითად, ბატონი ხუნდაძის მოტივების ახსნა, მასავით უნდა ვიფიქრო, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. მათი მოქმედება არასწორი და სახელმწიფო ინტერესების საზიანოა. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლების მანევრი იყო და მათ გაემიჯნებიან მაშინ, როცა დაინახავენ, რომ დიდი სისულელე გააკეთეს. იმედია, ამას მალე მიხვდებიან”, - დასძენს გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე - “გასულ კვირას გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგი...” - პასუხობს:

“ჩვენ ქვეყანაში გვაქვს სრული პოლიტიკური აპათია. პოლიტიკური ძალების მიმართ უდიდესი უნდობლობა ჩამოყალიბდა. კარგი ოპოზიციის პირობებში ასე არ იქნებოდა... ეს ხალხი ნაცვლად პრობლემებსა და საქმეზე ლაპარაკისა, ლაპარაკობს ბიუროკრატიულ იდიოტობაზე, მაგალითად, ვინ როგორ გაინაწილებს კვოტებს და ა.შ. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, რომელსაც კრედიტიდან კრედიტამდე მისვლა უჭირს, უინტერესოა, პარლამენტის რეგლამენტით გაწერილ პროცედურებს ვინ როგორ ასრულებს. მე მაინტერესებს, როგორ შეიძლება მოგვარდეს ჩემი პრობლემები; მაინტერესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში კატასტროფა რომ ხდება, რას აპირებს ჩემი ხელისუფლება და როგორ გასცემს პასუხს ამ გამოწვევებს ოპოზიცია. მოსახლეობასთან ლაპარაკისას არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია 40 სიტყვაზე მეტს არ იყენებენ. კი, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენთან მთელი პოლიტიკური სპექტრი ვერ უძლებს კრიტიკას და მას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სჭირდება. სოციალური კვლევის შედეგების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი ქუჩის აქციებზე ლაპარაკობს. უკაცრავად, მაგრამ დამაყენებენ აქციაზე და მერე არავინ იცის, იქ რატომ დამიძახეს. ხელისუფლება კარგად არ მუშაობს, მაგრამ შენ რომ მოხვალ ხელისუფლებაში, რას აპირებ, როგორ გეგმავ ჩემი პრობლემების მოგვარებას, რას გააკეთებ უკეთესად?! იქნებ კვლევის ეს შედეგები გააანალიზონ და დაინახონ, რომ ეს პარტიები ხალხს პარლამენტში არ აინტერესებს და ქუჩაში გასული რატომ დააინტერესებს?..”

ბურუსით მოცული შეტაკება ხერსონის ცენტრში და უკრაინელთა ახალი ტაქტიკის ანალიზი

“უკრაინელების წინსვლა ხარკოვის ოლქში გრძელდება. მათ ქალაქი კუპიანსკი მთლიანად დაიკავეს - ინფორმაციას „”ომის შესწავლის ინსტიტუტი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე ოსკოლი გადაკვეთეს და ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც გათავისუფლებულია. პარალელურად გაურკვეველი მოვლენები ხდება რუსების კონტროლის ქვეშ მყოფ ხერსონში, სადაც 18 სექტემბრის ღამეს რამდენიმე საათის განმავლობაში ბრძოლა მიმდინარეობდა. რუსული წყაროების ცნობით, 17-18 სექტემბრის ღამეს რუსი სამხედროები ქალაქის ცენტრში საეჭვო პირების შემოწმებისას უკრაინულ სადაზვერვო დივერსიულ ჯგუფს გადააწყდნენ და რუსული სარდლობის ცნობით, უკრაინული დივერსანტები სრულად ლიკვიდირებული არიან. უკრაინული სარდლობა ამ მოვლენებთან კავშირს უარყოფს. მათი ინფორმაციით, ხერსონში სხვადასხვა რუსულ ნაწილებს შორის მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მებრძლები, “როსგვარდიის” ჩეჩნური დანაყოფები და რუსეთი საპატიმროებიდან ომში მოხალისედ წასული კრიმინალები მონაწილეობდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბურუსით მოცული შეტაკება ხერსონის ცენტრში და უკრაინელთა ახალი ტაქტიკის ანალიზი.

“რაც შეეხება ბოლო დღეებში უკრაინელების სამხედრო წარმატებებს, სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა ტაქტიკური ინიციატივა მათ ხელშია და რუსებს სადაც უნდათ და როცა უნდათ მაშინ დაარტყამენ. ამიტომ მათი შეტევა ოკუპანტებზე რამდენიმე მიმართულებიდან არის შესაძლებელი. მათი აზრით, უკრაინის წარმატების მიზეზი გენერალიტეტის პროფესიონალიზმსა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაშია. უკრაინელები აღსრულების კუთხით რუსებზე წინ არიან. ამიტომ ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. თუ ისინი ზამთრამდე კიდევ დამატებით წარმატებას მიაღწევენ, მაშინ დასავლეთიდან მათი იარაღით დახმარება კიდევ გაიზრდება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, “„ჯეოქეისის” ანალიტიკოსი, ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ უკრაინელების მიერ ხარკოვის ოლქში განხორციელებული ოპერაცია არ იყო მათი დარტყმის მთავარი მიმართულება. მისი თქმით, უკრაინელებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სამხრეთ უკრაინის დეოკუპაცია. კაპანაძე ამბობს, რომ ახლა უკრაინელები გარკვეული პერიდოის განმავლობაში ტაქტიკურ პაუზას აიღებენ, რათა დაკავებული ტერიტორიების გაკონტროლება შეძლონ. ამის პარალელურად დაელოდებიან მომენტს, რომ რუსების სისუსტე კიდევ სხვა მიმართულებაზე გამოავლინონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინამ ჩრდილოეთის მიმართულებით რუსებს სუსტი წერტილი უპოვა და მობილური ჯგუფების გამოყენებით ხარკოვის ოლქზე დაარტყა. ეს იყო საკმაოდ სწორი და გონივრული ჩანაფიქრი, რომელიც უკრაინელებს ძალიან კარგად გამოუვიდათ. აქ მნიშვნელოვანია მათი ტაქტიკური გათვლები. როგორც კი ეს პატარა მობილური ჯგუფები რუსებისგან წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, მათ გვერდს უვლიდნენ და ფარულად სიღრმეში შესვლას ახერხებდნენ. ჩრდილოეთით აუყვნენ და სამხრეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ დანაყოფებს ზურგიდან მოექცნენ. ამან რუსულ დანაყოფებში აბსოლუტური პანიკა და ქაოსი გამოიწვია. ამიტომ გაიცა ბრძანება ეს დანაყოფები ხარკოვის ოლქიდან გამოსულიყვნენ, სანამ მათი საბოლოო ბლოკირება არ მოხდება. ამიტომ გარბოდნენ რუსები ასე თავქუდმოგლეჯილი. ეს იყო ბრწყინვალე ტატქიკური სამხედრო გათვლა, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცება მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარეს. როგორც კი უკრაინის გენშტაბმა დაინახა, რომ რუსები პანიკაში ჩავარდნენ, ამ პატარა ოპერტიულ ჯგუფებს უკვე დიდი სამხედრო დანაყოფები დაახმარეს. ეს შუაზე გაყოფილი რუსული არმია საბოლოო ჯამში ალყაში მოხვდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“უკრაინელები ახერხებენ, რომ შიდა საოპერაციო ხაზების გამოყენებით უფრო ადრე მივიდნენ საჭირო ადგილას, ვიდრე ამას რუსები შეძლებენ. ეს რომ ავუხსნათ მკითხველს, წარმოვიდგინოთ წრე, რომლის შიგნითაც უკრაინელები არიან, ხოლო მის გარეთ რუსები. წრის შიგნიდან ნებისმიერ წერტილში უფრო ახლოს მიხვალთ, ვიდრე მის გარედან. ამ უპირატესობას უკრაინელები იყენებენ. უკრაინის სასარგებლოდ ფრონტის ხაზზე გარდატეხა არის, მაგრამ რუსებს, ტექნიკის თვალსაზრისით, საბჭოთა დროინდელი შეიარაღება საკმაოდ ბევრი აქვთ. მართალია, ეს არ არის თანამედროვე დონის, მაგრამ მის გამოყენებას შეძლებენ. რაც შეეხება ადამიანურ რესურს, აქ რუსებს ნამდვილად პრობლემები აქვთ, მაშინ, როდესაც უკრაინა ხალხის მობილიზებას ადვილად ახერხებს. რუსებისთვის კი მოხალისეების შეგროვება ყოველდღიურად რთულდება. თუ უკრაინა აზოვის ზღვაზე გავიდა, რაც ზაპოროჟიეს და ხერსონის დაბრუნებას გამოიწვევს, ეს უკრაინელებისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება. თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ომი ხვალ და ზეგ დასრულდება, ეს ასე არ მოხდება. მსოფლიო და უკრაინელებიც უნდა მოემზადონ, რომ ომი ხანმოკლე არ იქნება”, - განაგრძობს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი.

“დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ დასავლეთის მხრიდან რა სახით გაგრძელდება უკრაინის დახმარება. თუ უკრაინამ ზამთრის დადგომამდე კიდევ დამატებით წარმატებების მიღწევა შეძლო, დახმარება გაიზრდება. თუ ზამთარი მოვიდა და რუსეთმა ევროპის ენერგოპრობლემების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება დაიწყო, შეიძლება იარაღის მიწოდება არ იყოს იმ დონის, რაც მას კონტრშეტევისთვის დასჭირდება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-მა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა დახმარება კიდევ გაზარდონ“, - მიიჩნევს კაპანაძე. პოლკოვნილი აკია ბარბაქაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინელების მხრიდან ახლა ორ მიმართულებაზე ხდება შეტევა - ქვეყნის ჩრდილოეთში და სამხრეთში. მისი თქმით, ფრონტის ხაზი 1300 კმ-ზეა გაშლილი და ამიტომ რუსეთს არ ჰყოფნის პირადი შემადგენლობა, რომ სტატიკურად ფრონტის ყველა მიმართულებაზე ზღუდეები ააგოს. ამიტომაც უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის გათავისუფლება შეძლეს. რუსებმა, თუ რამე რეზერვი ჰქონდათ, ყველა ხერსონის გასამაგრელბად გადაისროლეს. უკრაინელებმა კი ეს დაჯგუფება ხიდების აფეთქებით, ფაქტიურად, ხერსონში გამოკეტეს და ამის შემდეგ სუსტ რგოლად დარჩენილ ხარკოვის ოლქზე გადაინაცვლეს”, - დასძენს გამოცემა.

“რუსებს პუტინის მიერ დასახული ამოცანა ჰქონდათ, რომ 15 სექტემბერს ისინი დონეცკის ოლქის საზღვრებამდე უნდა გასულიყვნენ. ამისთვის მათ გადაჯგუფება ჰქონდათ დაწყებული. ყველაზე სუსტი კი ჯარი გადაჯგუფების დროს არის. ამ ქაოსში უკრაინელების გენერალურმა შტაბმა უსწრაფესად ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღო და შეიძლება ითქვას, აღსრულების კუთხით ევროპის თეატრზე უკვე მოწინავე ჯარია. თუ შევადარებთ აშშ-სა და ბრიტანეთს, უკრაინული შეიარაღებული ძალები მათ შემდეგ უკვე ლიდერობს. რუსებმა ხარკოვის რეგიონში “როსგვარდია” ჩააყენეს, რომელიც პოლიციური ძალებისგან არის დაკომპლექტებული. ამიტომაც მათ საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ. მათი განეიტრალება უკრაინელების მხრიდან მარტივად მოხდა. უკრაინელებმა რუსების პანიკით ისარგებლეს და რაც შეიძლება სწრაფად ტერიტორია გაწმინდეს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკია ბარბაქაძე.

“ისინი ახლა რუსებს სჯობნიან აღსრულებაში, იღებენ სწრაფ გადაწყვეტილებებს, დაზვერვის მხრივ ძალიან ძლიერები არიან და რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ლანდშაფტს იყენებენ. ზუსტად იციან რა დროს საიდან უნდა მიუდგნენ და ასე მოულოდნელი თავდასხმებით რუსების შეიარაღებული დანაყოფები უბრალოდ ჩამოშალონ. უკრაინელებმა იმდენად კარგად იციან რუსული ნაწილების განლაგება, მათი შემადგენლობა და რაოდენობა, რომ მცირე ძალებით, ტანკების გარეშე, მათ თავდაცვით ზღუდეებს არღვევენ. უახლოეს დღეებში უკრაინელების შეტევას რუსები ზაპროჟიეს პლაცდარმიდან, მარიუპოლი-ბერდიანსკის, ან მერიტოპოლის მიმართულებიდან უნდა ელოდნენ. დონეცკის და ლუგანსკის მმართულებით უკრაინელებს შეტევა ადვილად შეუძლიათ, მაგრამ ახლა მათი ინტერესი ძირითადად მაინც სამხრეთ უკრაინაზეა გადასული. რუსებმა უკრაინელებს გაქცევისას იმდენი ტექნიკა დაუტოვეს, 1-ლ ოქტომბერს ამერიკული ლენდ-ლიზის ამოქმედებასაც აღარ ელოდებიან. თუ უკრაინელებმა ბერდიანკის და მარიუპოლი აიღეს, მანდ უკვე ყირიმისკენ გზა იხსნება. უკრაინელებმასტრატეგიული ინიციატივა ხელში ჩაიგდეს. ეს არის, როდესაც უკრაინა სადაც უნდა იქ უტევს რუსებს და აიძულებს მხოლოდ რეაგირების რეჟიმში იყვნენ. ერთი ნაბიჯით რუსებზე წინ არიან”, - დაასკვნის აკია ბარბაქაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “საზოგადოებაში არანაირი მზაობა იმისა, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, არ არის”

“საქმე ის არის, როგორც “ნაცმოძრაობაში”, ისე, საზოგადოდ, ოპოზიციაში ვერ ჩამოყალიბებულან მთავარზე - სტრატეგიულ გეგმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. არის მეორე მომენტიც - როგორც ჩანს,”ნაცმოძრაობაში” ორი დაჯგუფებაა, რომელიც ცდილობს ამომრჩეველთა ხმები დაისაკუთროს. ერთი რადიკალური ნაწილია, რომელიც გაიძახის, აუცილებელია ქუჩაში გასვლაო, მეორე კი შედარებით ზომიერი იყო, კერძოდ, მელიას ფრთა, მაგრამ, როგორც ჩანს, პოზიციები გადაიხედა და ამჯერად მელია დაგვპირდა ცხელ შემოდგომას. მთავარი კი ის არის, რომ ოპოზიციის განცხადებებიუფრო სურვილებს ჰგავს, ვიდრე რეალობიდან გამომდინარეს, რადგან საზოგადოებაში არანაირი მზაობა იმისა, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, არ არის. მოსახლეობა დღეს გაცილებით ინერტულია, ვიდრე იყო, ვთქვათ, გაზაფხულზე. ოპოზიცია მოსახლეობას ვერაფერს სთავაზობს, გარდა იმისა, რომ ორი წელია, რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკობს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერიუში, სათაურით “საზოგადოებაში არანაირი მზაობა იმისა, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, არ არის”.

“ჩვენი ოპოზიციის გეგმები და მოთხოვნები არ არის თანხვედრაში არც ჩვენი პარტნიორების მოწოდებებთან. ერთი მხრივ, აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომ არ ითვალისწინებს ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს, მეორე მხრივ კი თავად იმავეს აკეთებენ. კიდევ ერთი რამ ძალიან მაოცებს. დღეს ოპოზიციაშია იმ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყო. მათ ხომ უნდა ახსოვდეთ, 2009 წელს რა ხდებოდა თბილისში, როცა რუსთაველი კარვებით იყო გადაკეტილი. პროტესტმა სამ თვეს გასტანა და მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნები იყო. მაშინ ხომ თავად გაუკეთეს ამ მოთხოვნას იგნორირება და დღევანდელი ხელისუფლება რატომ წავა ამაზე? მით უმეტეს, მაშინ ოპოზიციური ელიტა და ელექტორატი ერთიანი იყო, ამჟამად კი ერთიანი არ არის. ოპოზიციაში დღეს რამდენიმე ჯგუფია და ყველაზე დიდი “ნაცმოძრაობაა”, მაგრამ დაახლოებით იგივე ფარდობაა იმ ჯგუფთან, რომელსაც არც ხელისუფლება უნდა და არც "ნაცმოძრაობა”. ეს ჯგუფები არ და ვერ გაერთიანდებიან. ახლა სიახლე რაშია? როდესაც ხალხს მოუწოდებენ, ქუჩაში გამოდითო, რას სთავაზობენ ახალს ან პოლიტიკურ გარემოში ისეთი რა შეიცვალა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მზად არის ქუჩაში გამოვიდეს? მე თუ მკითხავთ, ასეთი მოწოდებები, რომელთა რეალიზებაც ვერ ხდება, პირიქით, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს და არა მის სასარგებლოდ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ პარტიული ელექტორატის რადიკალურ ნაწილში მოიპოვონ მხარდაჭერა. “ნაცმოძრაობაში” ბრძოლაა პირველი ლაზიერობისთვის. სააკაშვილის ფიგურა პოლიტიკურად იმდენად გაფერმკრთალდა, რომ მისი მომავალი გაურკვეველია. ის პოლიტიკურად საფრთხეს აღარ წარმოადგენს, ამიტომ დარჩა ელექტორატი და “ნაცმოძრაობაში” მიდის ბრძოლა, ვინ იქნება სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრე. ამიტომაც კეთდება არარეალისტური განცხადებები, რომ ამომრჩევლის ეს რადიკალური ნაწილი რომელიმე ფრთამ დაისაკუთროს. როგორც ჩანს, მელიამ გადაწყვიტა, რომ ის უნდა იყოს რადიკალური. ნუთუ იმდენად ვერ გრძნობენ პოლიტიკურ სიტუაციას, რომ მართლა შეუძლიათ ახლა ცხელი შემოდგომის მოწყობა?”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ის, რომ ხელისუფლებას არა აქვს რეიტინგი, გასაგებია, მაგრამ რეიტინგი და მხარდაჭერა მეორე მხარესაც არა აქვს. ოპოზიცია, ალბათ, ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნების თემას ახალი საპროტესტო ტალღის ასაგორებლად გამოიყენებს, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, მეეჭვება, საპროტესტო და არასტაბილური გარემო საზოგადოებისთვის მისაღები იყოს. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, შესაძლებელია რაღაც გადაჯგუფება მოხდეს, მაგრამ თუ ვინმეს სჭირდება აქ სტაბილურობა, სწორედ დასავლეთია, მიუხედავად ხელისუფლების მკვეთრი განცხადებებისა. რუსეთმა გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა იარაღი. ამ ბრძოლაში აამოქმედა ენერგორესურსებიც კი, შეწყვიტა ევროპისთვის გაზის მიწოდება. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენერგორესურსებით მომარაგების ნაწილი გადის საქართველოზე, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთი ამ გზის რამენაირად გადაკეტვას შეეცდება. გადაკეტვა კი შეიძლება იმით, რომ აქ არასტაბილური გარემო იყოს. ეს არ აწყობს დასავლეთს და ხელს აძლევს რუსეთს, რათა ეს ზამთარი დასავლეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის მძიმე იყოს და ამას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში სოციალური მღელვარება მოჰყვეს. ჩვენი პარტნიორები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა “ოცნება” სულაც არ ეხატებათ გულზე, იძულებული იქნებიან არჩევანი გააკეთონ საქართველოში სტაბილურობასა და “ოცნებას” შორის. მით უმეტეს, რომ არც ოპოზიცია გამოირჩევა პოლიტიკური კეთილგონიერებით”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“ რაკი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დასავლური ორიენტაციისაა, ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში გამოვა. დღეს საქართველოში არასტაბილურობის გაგონებაც არ უნდათ. ამიტომ როდესაც მოუწოდებ, გამოდი ქუჩაშიო, ის მშვენივრად ხვდება, რომ ეს არასტაბილურ გარემოს ნიშნავს. ხელისუფლებამ შეძლო და დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ოპოზიციას ომი უნდა, მას კი ომი არ უნდა, არავის უნდა ომი. დიახ, თუ ის 12 პუნქტი ვერ შესრულდება, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ ამით არაფერი დაინგრევა, კატასტროფა არ მოხდება. ჩვენი მდგომარეობა, თუ სად და როგორ ვიქნებით პირდაპირ არის მიბმული რუსეთ-უკრაინის ომზე, თუ როგორ განვითარდება იქ პროცესები. იმ 12 პუნქტის შესრულების იმედი არც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და ამიტომ ვადა მომავალი წლის ბოლომდე გადასწიეს, რათა არ იყოს ამ თემით სპეკულირება და არ შეიქმნას არასტაბილური გარემო. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აუცილებელია და ეს ყველაზე კარგად “ნაცმოძრაობამ” უნდა იცოდეს. როცა 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ არა მარტო ხალხი, არამედ დასავლეთიც და თვით რუსეთიც უჭერდნენ მხარს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“როცა წავიდნენ, მაშინაც მოხდა დასავლეთისა და რუსეთის ფაქტორების გათვალისწინება. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ყოველთვის სჭირდებოდა დასავლეთის მხარდაჭერა, რათა არ დაწყებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება, და გარკვეულწილად, რუსეთისაც. როდესაც ოპოზიცია გვპირდება ცხელ შემოდგომას, რომელსაც არც საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და არც პარტნიორების, ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს რუსეთისთვის იქნება მომგებიანი. რისი იმედი აქვთ, გაუგებარია”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რა შანსია, რომ ასეთი გაუთვლელი­ პოლიტიკა “ნაცმოძრაობის” დასასრული აღმოჩნდეს და ვიფიქროთ, რომ ოპოზიციის ნაწილი ამაში ხელსაც უწყობდეს. ცხადია, საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე?” ­ პასუხობს:

“დასასრულის რა მოგახსენოთ, მაგრამ შესაძლოა “ნაცმოძრაობა” გაიყოს, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც სააკაშვილი იქნება. საოცარი პოლიტიკური ვითარება გვაქვს - ორი ძლიერი პარტიაა და ორივე არაფორმალურად იმართება. სააკაშვილს შეუძლია რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ჯერ, როგორც ჩანს, მხოლოდ ციხიდან თავის დაღწევას ცდილობს, ექსპერტების დასკვნის შემდეგ ხელისუფლება რას იზამს, ამაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, სააკაშვილი ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ ის ხელისუფლებას ჯერჯერობით მაინც საქართველოში სჭირდება. თუ ფატალური დასასრულის რისკი არ არის, ძალიან მეეჭვება, ხელისუფლებამ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას”.

“რაც შეეხება ხელისუფლბას, როგორც დეგნანის განცხადებები მოწმობს, ვაშინგტონში ძალიან უკმაყოფილო არიან. ამასთან, ითქვა, რომ ხელისუფლებამ ამ ოთხეულის პოზიციის შესახებ განცხადება უნდა გააკეთოს. ასეთი მკვეთრი პოზიცია დასავლეთს ჩვენი ხელისუფლების მიმართ არასოდეს გამოუხატავს. გარდა ამისა, ძალზე უცნაური პროცესებია - იცვლება უნგრეთისადმი დამოკიდებულება თავად ევროკავშირში, დიდი გადაჯგუფებებია. ჩვენი ხელისუფლება ძალაუფლებას იმის ხარჯზე ინარჩუნებს, რომ ოპოზიცია მასზე სუსტია, და არა იმით, რომ დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში. დღეს ეს პრობლემაა და როგორც ჩანს, ხელისუფლებისადმი ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება სულ უფრო კრიტიკული და მწვავე გახდება. რა დოზით და როგორ, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დეგნანის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომლის პრეცედენტი არ მახსოვს”, - დასძენს ძაბირაძე.

იცვლება თუ არა რუსების გეგმა და რა ახალ დავალებას მისცემს პუტინი თავის ჯარს

“პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი სკოტ ბერიერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს მომავალში იძულებული იქნება უკრაინაში ომის მიზნები შეცვალოს, რადგან სამხედრო ტაქტიკური მარცხი და რესურსების ნაკლებობა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის აქამდე ოფიციალურად გამოცხადებული მიზნების შესრულებას შეუძლებელს ხდის.უნდა ველოდოთ თუ არა პუტინისაგან ოფიციალური გეგმების შეცვლას და რა ახალი მიზანი შეიძლება მან გამოაცხადოს? როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, ზამთრის კამპანიის ფარგლებში ომის მომდევნო ფაზის შესახებ დიდი ალბათობით გამოაცხადებს, თუმცა საუბარი იქნება მეორე ფაზის სტატუს-კვოს აღდგენაზე და ისევ დონბასის სრულ ოკუპაციაზე. ამასთან, მაისაია ამბობს, რომ ასეთი გეგმის გამოცხადება, უკრაინის უპირატესობად ჩაითვლება, თუმცაღა დასძენს, რომ ახლა რუსეთში სერიოზული მობილიზაცია აშკარად შეიმჩნევა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იცვლება თუ არა რუსების გეგმა და რა ახალ დავალებას მისცემს პუტინი თავის ჯარს.

“რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. თავდაპირველად პრეზიდენტ პუტინის გეგმა უკრაინის სრული “დენაციფიკაცია” და “დემილიტარიზაცია” იყო, თუმცა კიევის სწრაფად აღებისა გეგმა ჩავარდა. აპრილში კი კრემლმა ომის მეორე ფაზის დაწყებისა და ახალი მიზნების შესახებ განაცხადა, - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარება. აგვისტოში გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა თავის სამხედროებს 15 სექტემბრისათვის დონეცკის ოლქის სრულად დაკავება დაავალა, თუმცა, უკრაინელების ხსენებულმა კონტრშეტევამ ეს ისედაც ძნელი ამოცანა კიდევ უფრო ძნელად შესასრულებელი გახადა. “ახლა ჩვენ იმ მომენტამდე მივედით, როდესაც, ჩემი აზრით, პუტინს თავისი “ოპერაციის” მიზნებს გადახედვა მოუწევს, რადგან ახლა სრულიად ნათელია, რომ მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ადრე აპირებდა”, - ამბობს პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი სკოტ ბერიერი. მისი აზრით პუტინს რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება არ სურს. როგორც ვახტანგ მაისაია აცხადებს, შესაძლოა პუტინმა მესამე ფაზის დაწყება გამოაცხადოს, თუმცა გეგმები მეორე ფაზის დატოვოს - ისევ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მესამე ფაზაზე დაიწყო საუბარი და ალბათ ზამთრის კამპანიის ფარგლებში იქნება. აქ პუტინი გეგმები ის იქნება, რომ მეორე ფაზის გეგმები კვლავ ძალაში დარჩება და მეორე ფაზაში “დაკარგული” ტერიტორიების “დაბრუნების” შესახებ განაცხადებს. უბრალოდ, შეიძლება გეგმები იმ მხრივ შეცვალოს, რომ ოპერატიული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა მიდგომები გამოიყენოს. პირველი ფაზა დენაციფიკაცია იყო, რომელიც უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას მოიცავდა, რაც, რა თქმა უნდა, ბლიცკრიგის ფარგლებში სრულიად ჩავარდა. მეორე ფაზის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინის მთლიანად დაკავება იყო და რუსებს ფაქტიურად ესეც ჩაეშალათ. მესამე ფაზის გეგმების ალბათ იგივე აღმოსავლეთ უკრაინა დარჩება. უბრალოდ, ახლა იტყვის, რომ აღადგენს იმ სტატუს-კვოს რომელიც მეორე ფაზის პირობებში არსებობდა და მეორე ფაზის გეგმებს ბოლომდე მიიყვანს. რუსეთში აშკარად დაიწყო მზადება ომის შემდეგი ფაზისთვის, რაზეც სხვადასხვა ცნობები და განცხადებები მიუთითებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ახლა რუსების სამხედრო-საჰაერო ძალების დაახლოებით 800 თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიის მიმართულებითაა მობილიზებული ოფიციალურად. ეს უკვე ნიშნავს, რომ მესამე ფაზას ყველა ვარიანტში დაიწყებენ, საკმაოდ სერიოზულ კონცენტრაციას ახდენენ, კადიროვმა თქვა, რომ 85 რეგიონიდან ათას-ათასი ადამიანი მობილიზდება, მესამე საარმიო კორპუსი განვითარებას აპირებს. თუმცაღა, ჩემი აზრით, პუტინისგან ახალ მიზნებზე არ იქნება საუბარი”, - დასძენს მაისაია.

დავით უსუფაშვილი - “ჩვენ არ ვაპირებთ "ოცნების" მსგავსად ხალხის ტვინების გამორეცხვას და ოპონენტების ქვეყნის მტრებად გამოცხადებას"

“პატივცემულ კოლეგებს მინდა შევახსენო, რომ მხოლოდ აქციებით ვერც საქართველოში და ვერც სხვაგან მიზნისთვის ჯერ ვერავის მიუღწევია. ქუჩას თან უნდა ახლდეს პოლიტიკური პროცესი, ქუჩა უნდა იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, პოზიციის გამოხატვის საშუალება. არა მგონია, უახლოეს თვეებში ჩვენ შევძლოთ ისეთი “ქუჩის მიღება”, როგორიც 20 ივნისს იყო. ასი ათასზე მეტმა კაცმა პოლიტიკოსებს გვითხრა, იმუშავეთ იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთო. ჩვენთან ერთად დადექით ქუჩაშიო, ამის მთქმელი არავინ მინახავს. მე ვიდექი 20 ივნისს ქუჩაში და დავინახე, რომ ხალხისა და ჩემი განწყობა თანხვედრაშია. მას შემდეგ ვშრომობ, ჩემს თანაპარტიელებთან, ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად საკანონმდებლო აქტების შესაქმნელად, რომელიც დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და დაგვაახლოებს ჩვენს მიზანთან”, - აცხადებს პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციის ერთი ნაწილის კითხვაზე, ჩემთან ერთად რატომ არა ხარ? მე ვპასუხობ, შენთან რომ ვიყო, ერთად დავრჩებით მიწაში ჩამარხული”.

“ცხადია, ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ინიციატივებზე არ არის დამოკიდებული, ხელისუფლება უნდა მოიქცეს სწორად. ეს რომ ვაიძულოთ, ზოგმა ქუჩიდან უნდა შევუძახოთ და ზოგმა პარლამენტიდან. არ არის აუცილებელი ყველამ ერთად ვიყვიროთ ქუჩიდან. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა თავისუფლად უნდა გამოხატონ აზრი. კომუნიზმზე უარის თქმა იმას ნიშნავდა, რომ მრავალპარტიული, ანუ მრავალფეროვანი საზოგადოება გვინდოდა. პოლიტიკურ სპექტრში სრული ერთიანობა კომუნიზმში დაბრუნებას ნიშნავს და არა ევროპისკენ სვლას. ზოგიერთის აზრით, დაუმორჩილებლობის გამოცხადებაა საჭირო. ზოგი ფიქრობს, რომ მიზნის მიღწევა უკეთესი პროექტების დაწერით და “ოცნების” ამომრჩევლებისთვის რეალობის დანახვითაა შესაძლებელი. ის, ვინც დაუმორჩილებლობისთვის აგროვებს ხალხს, "ოცნების" ამომრჩეველს არ ელაპარაკება, პირდაპირ ხელისუფლებას ეუბნება, დედას გიტირებო. ჩვენ "ოცნების" ამომრჩეველს ველაპარაკებით, ვაცნობთ ჩვენს გეგმებს, ვუხსნით, რამხელა ხიფათს უქმნის ქვეყანას მმართველი ძალა. წინა ხელისუფლება გავიხსენოთ - როდის მოახერხა ოპოზიციამ “ნაცმოძრაობის” შეცვლა? როდესაც ხალხმა დაიჯერა, რომ “ნაცმოძრაობისთვის” ხმის მიცემა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“ლელო” პარლამენტში იმაზე ცოტანი ვართ, ვიდრე გვჭირდება. საკრებულოებში 27 წარმომადგენელი გვყავს და იქაც მეტი გვჭირდება. ვცდილობთ ადამიანებს ავუხსნათ, რომ ხელისუფლება მათ ატყუებს. მაგალითად, იმას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა და ჩვენ რომ არ დავუჯერეთ, იმიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. სინამდვილეში, კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ რეფორმები გააჩერეს, მართლმსაჯულებაში სიტუაცია არ გამოასწორეს, პოლიცია ისევ ჟანდარმერიად დატოვეს. ხალხს ისიც უნდა ავუხსნათ, რომ “ოცნების” წასვლა მიშას მოსვლას არ ნიშნავს. ოპოზიციის ერთი ნაწილის კითხვაზე, ჩემთან ერთად რატომ არა ხარ? მე ვპასუხობ, შენთან რომ ვიყო, ერთად დავრჩებით მიწაში ჩამარხული. “ოცნება” კარგად ახერხებდა ჩვენთვის “ნაციონალების” იარლიყის მოკერებას... ჩვენ არ ვაპირებთ "ოცნების" მსგავსად ხალხის ტვინების გამორეცხვას და ოპონენტების ქვეყნის მტრებად გამოცხადებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ლელო~ ადამიანებისადმი ასეთ დამოკიდებულებას ბოლოს მოუღებს. ჩვენ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს ეკონომიკის თვალსაზრისითაც. მარშალის გეგმა ზუსტად ის არის, რაც ქვეყანას სჭირდება, და არა ის, რაც ხელისუფლებაში მყოფთა ბიზნესებს წაადგება. ახლა ჩვენი ამოცანაა ხალხს ალტერნატივა დავანახოთ. შარლ მიშელის შეთანხმება “ლელოს” უდიდესი დამსახურება იყო”, - მიიჩნევს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის ნაწილი სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერისა და პარლამენტში შესვლის გამო გიპირისპირდებათ. მათი თქმით, თქვენ რომ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოგეწერათ და პარლამენტისთვის ლეგიტიმაცია არ მიგეცათ, ახლა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა...” - პასუხობს:

“ხალხმა განსაჯოს მტყუან-მართალი. დარწმუნებული ვარ, 20 ივნისს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიშელის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა სწორი იყო”.

“სახელმწიფო უნდა დავინახოთ ისე, როგორც საკუთარ ოჯახს ვუყურებთ. სახლში რომ რაიმე პრობლემა გაგიჩნდეთ, მოგვარების ნაცვლად ხომ არ გადაწვავთ?! იმისთვის, რომ საკუთარი სახლი არ გადავწვათ, საჭიროა დეპოლარიზაცია. ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა შარლ მიშელის ხელშეკრულებას დავუბრუნდეთ.. კომუნისტები 70 წელიწადს რომ გაიძახოდნენ, არაო, `ოცნებას~ ამდენი არ დასჭირდება. “ნაცმოძრაობაც” გაიძახოდა, არაო, მაგრამ ბოლოს თქვა, კიო... ტერორისტმა მძევალი რომ აიყვანოს, პოლიციამ უთხრას, გამოუშვიო და იმან უარი თქვას, რა უნდა ქნას პოლიციამ, სახლში წავიდეს? “ქართულ ოცნებასაც” მძევლად ჰყავს ქვეყანა აყვანილი და ამბობს “არას”, მაგრამ მოუწევს თქვას, “ჰო”. მიშელის შეთანხმებაზეც არას ამბობდა, მაგრამ ბოლოს მოუწია დათანხმებამ, უბრალოდ, ბოლოს მაინც მოახერხა გამოძრომა. ისიც იმ ოპოზიციის ნაწილის გამო, ახლა ჩვენ რომ გვამუნათებს. “ნაცმოძრაობამ” მაშინ მოინდომა მატარებელზე შემოხტომა, “ქართული ოცნება” უკვე სამშვიდობოს რომ იყო გამძვრალი”, - მიიჩნევს დავით უსუფაშვილი.

“ხვალაც რომ ჩატარდეს არჩევნები, “ლელო” მზად არის. საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებს ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ამას კონკრეტული ვითარება სჭირდება. ეს გულისხმობს მმართველი პარტიის ანუ უმრავლესობის დაშლას. დღეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში დადგომა შედეგს არ მოიტანს. ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო შარლ მიშელის დოკუმენტი. მასში იყო ის ფორმულა, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე უნდა გამოყენებულიყო. ის ფორმულა რომ ვერ შესრულდა, სწორედ იმათი დამსახურებაა, ვინც ამ დოკუმენტს არ შემოუერთდა. “ნაცმოძრაობა” რომ შემოუერთდა, ყველაფერი დამთავრებული იყო, ანუ ოპოზიციურ ძალებს უკვე დასისხლიანებული ჰყავდათ ერთმანეთი და ბოლოს ყველაფერი დააგვირგვინა სააკაშვილის უდროო დროს ჩამოსვლამ. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გაგვაშვებინა ხელიდან”, - დასძენს უსუფაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო