ზვიად ქორიძე - ძალიან მიაჩვია ხელისუფლებამ მოქალაქეები იმას, რომ მოდი, ახლა არასამთავრობო სექტორს ვაგინოთ, ესენი არიან ცუდი ადამიანები, ცუდი ორგანიზაციები, „გრანტიჭამიები“

მედიაექსპერტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე ფიქრობს, ­რომ ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს, მედიას, ყველა აქტივისტს უპირისპირდება, რაც ძალიან სამწუხაროა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, რაც უფრო მეტად შეეცდება ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევას, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არჩევანს დიქტატურის სასარგებლოდ გააკეთებინებენ.

„თუ დაჟინებით მიაწვები მაგისტრალურ ხაზს, რომ რაც შეიძლება მეტი ბერკეტი ჰქონდეს სახელმწიფოს მოქალაქეებზე ზემოქმედების, რაც შეიძლება ნაკლები „მყეფარი ძაღლი“ არსებობდეს ქვეყანაში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ან მედიის სახით, რომელიც მუდმივად აკონტროლებს უკონტროლობისგან მთავრობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას გააკეთებინებენ არჩევანს დიქტატურის სასარგებლოდ. მერე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ძალიან გაუჭირდება ამის დამარცხება. ეს იქნება დრამა ამ სახელმწიფოსთვის და ჩვენ არ გვაქვს ასეთი დრამატული სცენარების ფუფუნება.

არ შეიძლება ჩვენს თავზე ექსპერიმენტები ვატაროთ. ძალიან დიდი გამოწვევების მქონე ეპოქაში ვართ. შანსები არ უნდა გავფლანგოთ. შეიძლება ვიღაცას უნდა მეტი ფუფუნება მოიწყოს, ვიღაცამ შეიძლება ამ ფუფუნების მოწყობისთვის ვიღაცას დიქტატორის მანდატიც მისცეს და ყველაფერი იმით დამთავრდეს, რომ საბოლოოდ, ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ. დაზარალდეს დემოკრატიული ღირებულებების იგნორირებით, დაზარალდეს გაღატაკებით, ყველა სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევით. ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს, მედიას, ყველა აქტივისტს უპირისპირდება. ეს მათ უნდათ თუ არ უნდათ, ერთადერთ რამეს ემსახურება, გაზარდონ ჩვენს მოქალაქეებში უპასუხისმგებლობის განცდა, რომ უთხრან, ეს თქვენი საქმე არ არის“, - განაცხადა ქორიძემ.

ამასთან, ქორიძემ ისაუბრა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ცვლილებები „5 დღით ადრე შემოაგდო".

„ამის არანაირი საჭიროება არ იყო. ჩვენ ვიცით, რომ აუდიო ვიზუალური მომსახურების დირექტივას საქართველო უნდა შეუერთდეს. ამის გაკეთება თანდათანობით, მეთოდურად შეიძლებოდა, მაგრამ იმ ფორმით, როგორც გააკეთეს, ეს არის საკანონმდებლო ტექნოლოგია, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია“,-განაცხადა ქორიძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ ეს მესამე სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა არის.

„ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა არის გამჭვირვალე, ეს იცის ირაკლი კობახიძემაც, ყველა დეპუტატმა, ყველა ჩვენმა კოლეგამ, რომელიც ამ თემაზე სიუჟეტებს დაუსრულებლად აკეთებს. ძალიან კარგად იციან, რომ არც ამ ორგანიზაციების დაფინანსება არის გაუმჭვირვალე. კარგად იციან ისიც, რომ ერთი თეთრი არ არის კრიმინალური ან კორუფციული წარმოშობის ამ დაფინანსებაში. პირველი და მთავარი, არის არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა, რომ საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორის გავლენა შეასუსტოს. ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა ძალიან კარგად იცის, რომ არასამთავრობო სექტორის საქმიანობა მიმართული არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე და ჩვენი სახელმწიფოს უკეთეს მომავალზე. ეს კარგად იციან, მაგრამ არ აწყობთ“,-განაცხადა ქორიძემ.

მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დამატებითი განაცხადი დიქტატურასა და ავტორიტარიზმზე.

„ამით პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება დაზარალდება და არა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ან კონკრეტული ადამიანი, რომელიც იქ საქმიანობს. ძალიან მიაჩვია ხელისუფლებამ მოქალაქეები იმას, რომ მოდი, ახლა არასამთავრობო სექტორს ვაგინოთ, ესენი არიან ცუდი ადამიანები, ცუდი ორგანიზაციები, „გრანტიჭამიები“ და ა.შ.“,-განაცხადა ქორიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა