ნიკა სიმონიშვილი - ხელისუფლებამ ან მართლა უნდა გადადგას ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი სთხოვს, ან საზოგადოებას ევროკავშირი შეაზიზღოს - მთავრობა მეორეს აკეთებს, რომ პროევროპული განწყობები შეამციროს

პროფესიულად და შინაარსობრივად ხელისუფლების მიმართ ყველაზე კრიტიკული სწორედ არასამთავრობო სექტორია, რადგან ჩვენი შეფასებები და დასკვნები ყოველთვის მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს და აქედან გამომდინარე, მათთვის უხერხული მეტოქეები ვართ, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებში ტარდება აუდიტი, როგორ იხარჯება თანხები.

„ხელისუფლება ცდილობს ისევ ის ნარატივი ააგოროს, რაც წლების წინ - „გრანტიჭამიები“, გრანტებს ჭამენ, არაფერში იხარჯება და ა.შ. თანხებზე აუდიტი ტარდება, როგორ იხარჯება და შესაბამის დონორს წარედგინება, არც ეს არის დაფარული და ვინმეს თუ აინტერესებს, შეგვიძლია გავაცნოთ. ხელისუფლება ამ საკითხზე დღეს ალაპარაკდა, რადგან აწყობს, რომ ღიად დაუპირისპირდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ან მართლა უნდა გადადგას ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი სთხოვს, ან საზოგადოებას ევროკავშირი შეაზიზღოს, ცუდი დამოკიდებულებები გაუჩინოს - ამ მეორეს აკეთებს ხელისუფლება, რომ პროევროპული განწყობები შეამციროს იმისათვის, რომ საზოგადოებაში მოთხოვნა 12 პუნქტის შესრულებასა და მათი ძალაუფლების შემცირებაზე, აღარ იყოს. ამას ცდილობს ხელისუფლება.

ხელისუფლებას პრობლემა ჩვენთან მიმართებით გაუჩნდა იმის გამო, რომ ყველაზე უხერხულ ოპონენტად მათთვის სწორედ არასამთავრობო სექტორი იქცა. პროფესიულად და შინაარსობრივად ხელისუფლების მიმართ ყველაზე კარგად კრიტიკული არის სწორედ არასამთავრობო სექტორი, რადგან ჩვენი შეფასებები და ჩვენი დასკვნები ყოველთვის მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული, ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს და აქედან გამომდინარე, მათთვის უხერხული მეტოქეები ვართ. პირდაპირ ვერ გვეუბნებიან ამ ყველაფერს იმიტომ, რომ ჩვენ პროფესიული არგუმენტები გვაქვს და ამიტომ აირჩიეს შემოვლითი გზა, დისკრედიტაციის გზა, რომ ვითომ ჩვენ რაღაც „შავ ფულებს“ ვიღებთ, შავად ვხარჯავთ და ა.შ.“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებებს და აღნიშნა, რომ რასაც ხელისუფლება ამ ოთხი ადამიანის მეშვეობით აკეთებს, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და მავნებლობა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ომი არავის არ უნდა, დემოკრატია არის ყველაზე დიდი მშვიდობის გარანტი, მაგრამ დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ.

„ეს 4 ადამიანი, რომ ხელისუფლების ნებას დაჰყვა და ვითომ ამბოხებულის როლს თამაშობს, არის ძალიან დიდი სირცხვილი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ომი არავის არ უნდა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს არ გვინდა ომი, რომლებიც ვითხოვთ რეფორმებს. აი ასეთი ნაგავი სისტემა გვქონდა წინა ხელისუფლების დროს, ახლა უარესი ნაგავი სისტემა გვაქვს და ეს სისტემა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვაკონტროლონ, ერთპიროვნულად იყოს გადაწყვეტილებები მიღებული და ქვეყანა წინ ვერ წავიდეს და ევროკავშირისკენ ვერ წავიდეს. რაც იყო მაშინ, სამწუხაროდ, იგივე გვაქვს დღესაც. აქ, ხელისუფლება შეიცვალა და ამით დამთავრდა - არ არის გამოსავალი, ამხელა გამოთავისუფლებული ძალაუფლება სად მიდის შემდეგ?! ამიტომ სისტემურად ვუყურებთ ჩვენ ამ პრობლემას და რა თქმა უნდა, სისულელეა, იმის ლაპარაკი, რომ ხელისუფლების ცვლილებას ვითხოვთ. როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება მოვითხოვოთ იმ პირობებში, როდესაც ამხელა ძალაუფლება გამოთავისუფლდება და მერე კაცმა არ იცის რა მოხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ სწორედ სისტემურ პრობლემებზე, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს ამხელა ძალაუფლება - არც „ქართულ ოცნებას“, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ პარტიას. ამის ყველაზე კარგი ბალანსი არის ძალაუფლების გადანაწილება და ამიტომ არის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ, რომ გვისმენენ, ამიტომ არის რომ ჩვენი უფლებების დარღვევების შესახებ ყოველდღიურად ვისმენთ, ამიტომ არის, რომ რეალურად ხელისუფლებას მაკონტროლებელი არ ჰყავს და და თავის ნებაზეა მიშვებული და აქედან გამომდინარე, არაფერს არ აკეთებს. დემოკრატია არის ყველაზე დიდი მშვიდობის გარანტი, მაგრამ დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო