გივი მიქანაძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ გივი მიქანაძის განცხადებით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, მას შემდეგ რაც წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით პარლამენტი მიიღებს, იგი დამატებითი საექსპერტო დასკვნისთვის ეუთო-ოდირსა და ვენეციის კომისიას გაეგზავნება.

გივი მიქანაძემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შედეგად დღეს დაინიცირდა.

„12 - პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული საარჩევნო კანონმდებლობის ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით რევიზიის მიზნით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა აგვისტო და სექტემბერი დაუთმო ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვასა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას.

მსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რაც საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შედეგად დღეს დაინიცირდა:

- 2024 წლიდან საქართველო გადავა ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე. ეს თვისობრივად ახალი, უმაღლესი სტანდარტია, რაზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ გუნდმა მიიღო. სულ მცირე, ამომრჩევლის 70%-ს ექნება შესაძლებლობა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს. ელექტრონული საარჩევნო სისტემა გულისხმობს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს, რაც ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება.

ამასთანავე, ჩვენი გუნდის ინიციატივით, იმ უბნებზე, სადაც არ იქნება ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა, ამომრჩეველთან მიმართებაში იმოქმედებს მიცემული ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და მათი ატვირთვა ცესკოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლიდან ფაქტობრივად მთელ ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება.

- ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და გახდება 4000 ლარი.

- ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა გაიზრდება 2 თვიდან 3 წლამდე.

- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადა განახევრდება და 15 დღედ განისაზღვრება.

- თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი დაექვემდებარება გადათვლას.

- მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს.

- გაიზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, განისაზღვრება 3 დღით.

- შეზღუდვები დაუწესდება პროფესიული ნიშნით არჩეულ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მათი ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის განსამტკიცებლად.

- დაწესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა.

- განმტკიცდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა მიერ არჩევნებში მონაწილეობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

- გაფართოვდება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი, მათ შესაბამისი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ არასაარჩევნო პერიოდში დაესწრონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს.

- თითოეული პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი ნახევრდება და არ იქნება საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ზე მეტი, ნაცვლად არსებული 0.1%-ისა. უფრო გასაგები რომ იყოს, დღეს თითოეული პარტიისთვის არსებული წლის განმავლობაში ხარჯვითი 60 მილიონ ლარიანი ზედა ზღვარი მცირდება 30 მილიონიან ზედა ზღვრამდე.

წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ორიენტირებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაში მოყვანაზე. ამავდროულად, ის პირდაპირ პასუხობს ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდის მიერ 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით ინიცირებული კონკრეტული გეგმა და მიზნობრივი ნაბიჯები ორიენტირებულია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნება პარლამენტის მიერ, იგი დამატებითი საექსპერტო დასკვნისთვის გაეგზავნება ეუთო-ოდირსა და ვენეციის კომისიას. მათგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროცესი მეორე და მესამე მოსმენის ფორმატში გაგრძელდება. ჩვენი მიზანია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღება მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდეს“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს