ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში - ახალი სადოქტორო პროგრამა BTU-ში

კვლევის მეთოდები, საჯარო მმართველობა და დემოკრატია ციფრულ ეპოქაში, ციფრული მმართველობა, ხელოვნური ინტელექტი როგორც მეცნიერება, საჯარო მმართველობის მოდერნიზაცია და ინოვაციები სახელმწიფო სერვისში, სწავლების თანამედროვე მეთოდები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მმართველობა ცალკეულ დარგებში, ციფრული ეკონომიკა, მენეჯმენტი და ლიდერობა, მეცნიერებისა და კვლევების მენეჯმენტი - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საგნებისა, რომლებსაც დოქტორანტები BTU-ს ახალი სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ფარგლებში შეისწავლიან.

სადოქტორო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რეგიონში პირველად საქართველოში განხორციელდება.

პროგრამის ხელმძღვანელის ზვიად გაბისონიას განმარტებით, საქართველოს ელექტრონული მმართველობის გადასვლის გზაზე ახალი სადოქტორო პროგრამა და მისი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„საქართველო ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლას და საჯარო სექტორში ელექტრონული მმართველობის დანერგვისას ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენებას ცდილობს. ამ პროცესში ჩვენი სადოქტორო პროგრამის როლი მნიშვნელოვანია. მისი მიზანია, მოამზადოს ისეთი მკვლევრები, რომლებიც განსაზღვრავენ შესაბამისი დარგის პრიორიტეტებს და მათში ციფრული მმართველობის დანერგვისას ხელოვნური ინტელექტის ელემენტების არსებობას. ამ ეტაპზე პრიორიტეტად შემდეგი მიმართულებებია განსაზღვრული: იუსტიცია, განათლება, ჯანდაცვა და აგრარული სფერო, ციფრული დიპლომატიის და უსაფრთხოების მიმართულება. საქართველოს მართლაც აქვს შანსი ქვეყანაში ელექტრონული მმართველობა დაინერგოს. ამის ხელშემწყობი ფაქტორებია: რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ციფრული უნარ-ჩვევები და ინტერნეტით კარგი დაფარვა. საბოლოოდ, საშუალება გვექნება, არსებული ბიუროკრატია გავამარტივოთ ელექტრონული მმართველობის დანერგვით არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - განმარტავს ზვიად გაბისონია.

პროგრამის თანახელმძღვანელის, პროფესორ ხათუნა ბურკაძის განცხადებით, „აღნიშნული სადოქტორო პროგრამის დასრულების შედეგად მკვლევარი შეძლებს საჯარო სექტორში ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებით ახალი მიდგომების განვითარებას, პოლიტიკის დაგეგმვის ერთიანი თანამედროვე სისტემის შექმნისათვის შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციების შემუშავებასა და საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლის წარმოჩენას საჯარო მმართველობის საკვანძო მიმართულებებით. ასევე, მკვლევარი ორიენტირებული იქნება საჯარო მმართველობის, მათ შორის ციფრულ მმართველობასთან დაკავშირებული საფრთხეების, გამოწვევების პროგნოზირებასა და მათი დაძლევის მექანიზმების, საშუალებების იდენტიფიცირების საკითხებზე“.

ხათუნა ბურკაძემ განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში 2022 წელს დოქტორანტების მიღებისას გაითვალისწინებენ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს: 1. ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი იუსტიციის სისტემაში; 2. ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი განათლების სისტემაში; 3. ციფრული ეკონომიკის სამომავლო ტენდენციები; 4. ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების, განხორციელების პროცესში.

„ამ სფეროების მიხედვით დოქტორანტები შესაბამის კვლევებს განახორციელებენ და გადაწყვეტილებების მიმღებებს ციფრული პოლიტიკის გასავითარებლად სათანადო რეკომენდაციებს შესთავაზებენ“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

ხელოვნური ინტელექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სხვადასხვა სექტორში მისი ეტაპობრივი ინტეგრირება, სწავლების პროცესში შესაბამისი გადაწყვეტილებების დანერგვა და ერთიანი სტრატეგიული გეგმის ამოქმედება - აღნიშნულ საკითხებს BTU სადოქტორო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განახორციელებს. მრავალფეროვანია საერთაშორისო პარტნიორების ჩამონათვალიც.

პროგრამის განხორციელება გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით იწყება. გარდა ამისა, პროგრამის მხარდამჭერები არიან: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ესტონეთი), კორუნიას უნივერსიტეტი (ესპანეთი), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია), ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), პორტოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა (პორტუგალია) და ესპანეთის ბიზნესისა და მარკეტინგის სკოლა.

პროგრამაზე საბუთების მიღება 20 სექტემბრიდან დაიწყება და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა