ახლა გაერთიანების დროა, რათა დარწმუნდეთ, რომ პოლიტიკური კლასი იმედს არ გაუცრუებს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა პარლამენტში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენი მთავარი მესიჯი ამ დღეების, ამ შეხვედრების განმავლობაში ძალიან თანმიმდევრული იყო. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ევროპული ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია ან ცალკე აღებული პოლიტიკოსი”, - განაცხადა მიქსერმა.
ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 12 რეკომენდაციაზე.
“მაშინ, როდესაც ევროკავშირი არ იძლევა ძალიან დეტალურ ინსტრუქციებს იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს, მე ვფიქრობ, რომ არსებობს ფართო გაგება იმისა, საქმე რა მიმართულებით უნდა მიდიოდეს, როგორი უნდა იყოს დინამიკა, რათა ევროკავშირის წევრები დადებით დასკვნამდე მივიდნენ. ვფიქრობ, ესაა საქართველოს პოლიტიკური კლასის საშინაო დავალება”, - აღნიშნა მიქსერმა.