ევგენი დიკი - უკრაინას უკვე აღარაფრის ეშინია, ახლა უნდა ეშინოდეთ რუსეთის მოქალაქეებს, რადგან აქამდე ჩვენ გვქონდა ომი, მათ კი სადღაც შორს „სპეცოპერაცია“ - კეთილი იყოს მათი მობრძანება უკრაინის ომში

პრეზიდენტ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ, ასევე იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და ასევე იმაზე, როგორ აღიქვა უკრაინის მოსახლეობამ ამ თემაზე პუტინის განცხადებებიინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ევგენი დიკის ესაუბრა.

- ბატონო ევგენი, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის ფრონტებზე რუსეთის 300 ათას ჯარისკაცს გააგზავნის.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ პუტინის განცხადებას? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება?

- პუტინის ეს განცხადება უპირველესად იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აგებს ომს უკრაინასთან. რუსეთის ხელმძღვანელობის ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა აღიარება იმასა, რომ რუსეთი ომს აგებს და ასეთ რამეს რუსეთის ისტორიაში კარგა ხანია ადგილი არ ჰქონია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არც სსრკ-ს და სსრკ-ს დაშლის შემდეგ არც რუსეთის ფედერაცია თუნდაც ნაწილობრივი მობილიზაცია არ გამოუცხადებია. ეს კი დამსახურება გახლავს უკრაინელი მეომრების, ვინც დღეს იცავს თავის ქვეყანას.

რუსეთმა აღიარა, რომ თუნდაც ნაწილობრივი მობილიზაციის გარეშე იგი ვერ შეძლებს ამ ომში გამარჯვებას. მეტიც, პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით აღიარა, რომ უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციას რუსეთის დამარცხებით დასრულდა, და ახლა იგი იძულებულია განაცხადოს, რომ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით აღიარა, რომ უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციას რუსეთის დამარცხებით დასრულდა, და ახლა იგი იძულებულია განაცხადოს, რომ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ

ეს რომ ასეა, 200 დღეზე მეტია მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ აქამდე თავად არ აღიარებდნენ.

რუსეთის ხელმძღვანელობის რეაქცია აბსოლუტურად გასაგებია, რადგან, ომის მსვლელობამ ხარკოვის ოლქში ყველას, მათ შორის მოსკოვს ანახა, რომ უკრაინის ძალებს ბრძოლა შეუძლიათ, თან წარმატებით.

როგორც ჩანს, შემთხვევითი არ ყოფილა ისიც, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე რუსეთის სათათბირომ მიიღო კანონი, რომლითაც ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარებისთვის რუსეთის მოქალაქეები დაისჯებიან 10 წლის თავისუფლების აღკვეთით.

ასეთი კანონი სტალინის გარდაცვალების შემდეგ რუსეთში არავის მიუღია. ეს ძალიან ჰგავს 1941 წელს სტალინის #227 ბრძანებას - არც ერთი ნაბიჯი უკან. ამ ბრძანებას წინ უძღოდა საბჭოთა არმიის ტოტალური დამარცხებები.

სხვათა შორის, ამ კანონის მიღება კიდევ იმაზე მეტყველებს კარგად, თუ რამდენად უჭერენ მხარს უკრაინასთან ომს რუსეთის მოქალაქეები. როგორც ჩანს, რუსეთს არ შეუძლია 300 ათასი ჯარისკაცის შეგროვება, რომლებიც ნებაყოფლობით არიან მზად იომონ უკრაინასთან. და ეს მაშინ, როცა ერთ თვეზე მეტია რუსული სატელევიზიო არხები სამობილიზაციო პროპაგანდით არიან დაკავებული.

როგორც ჩანს, რუსეთს არ შეუძლია 300 ათასი ჯარისკაცის შეგროვება, რომლებიც ნებაყოფლობით არიან მზად იომონ უკრაინის წინააღმდეგ. და ეს მაშინ, როცა ერთ თვეზე მეტია რუსული სატელევიზიო არხები სამობილიზაციო პროპაგანდით არიან დაკავებული

- პუტინის გამოსვლაში ბევრი დეტალია მნიშვნელოვანი. მოდით ჯერ იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ მიმართა ბირთვული იარაღით შანტაჟს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „საჭიროების შემთხვევაში“ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს?

- ჩემი აზრით, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა ცუდად იცის ფსიქოლოგია. დარწმუნებული ვარ კგბ-ს სკოლაში მას ფსიქოლოგიას ასწავლიდნენ, მაგრამ , როგორც ჩანს, ცოტა სხვაგვარად.

პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე საუბრისას რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ მისი მუქარა ბლეფი არაა. მას რომ ეს, თან რამდენიმეჯერ არ ეთქვა, კიდევ შეიძლება გვეფიქრა, რომ ამჯერად არ ბლეფაობს. ახლა ცხადზე უცხადესია, რომ პუტინის ბირთვული იარაღით შანტაჟი სრული ბლეფია.

პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე საუბრისას რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ მისი მუქარა ბლეფი არაა. მას რომ ეს, თან რამდენიმეჯერ არ ეთქვა, კიდევ შეიძლება გვეფიქრა, რომ ამჯერად არ ბლეფაობს. ახლა ცხადზე უცხადესია, რომ პუტინის ბირთვული იარაღით შანტაჟი სრული ბლეფია

ბირთვული იარაღის შესაძლებლობა მან დაუკავშირა იმაზე მსჯელობას, რომ თითქოს რუსეთს ემუქრებიან ბირთვული იარაღით. რუსულ პროპაგანდას ახასიათებს ყველაფრის უკუღმა თქმა. მაგრამ, მან ფაქტობრივად აღიარა, რომ დასავლეთისგან მიიღო გაფრთხილება, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში პასუხი არ დააყოვნებს. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ პუტინი ბირთვული იარაღს არ გამოიყენებს.

- არანაკლებ მნიშვნელოვანია პუტინის განცხადების ის ნაწილი, სადაც მან ისაუბრა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე ნაწილობრივ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რეფერენდუმების ჩატარებაზე.

თქვენთან დაკავშირებამდე ამ თემაზე რამდენიმე მოსაზრებას გავეცანი. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ რეფერენდუმების თემით მოსკოვს სურს უკრაინის ახლა პროვოცირება. ანუ, ის, რომ უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად კონტრშეტევა რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

არადა, ვხედავ, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის საფუძვლიანად ემზადება და კონტრშეტევაზე მხოლოდ მაშინ გადავა, როცა ამისთვის რეალურად იქნება მზად.

ვითარებაში, როცა მსოფლიო ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ რეფერენდუმების შედეგებს არ აღიარებენ, რატომ ცდილობს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარებას?

- გულუბრყვილობად მიმაჩნია უკრაინელი სამხედროებისაგან იმის მოთხოვნა, რომ მათ სასწრაფოდ დაიწყონ შეტევითი ოპერაციები იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ რეფერენდუმების ჩატარებას.

ყველამ კარგად იცის, რომ რეალურად არანაირი რეფერენდუმი არ ჩატარდება. იქნება დამზადებული ვიდეორგოლები, რომელზეც იქნება ასახული, რომ თითქოს რეფერენდუმები ჩატარდა. ასეთი ვიდეორგოლების დამზადება შესაძლებელია, მაგრამ, ვიმეორებ, არანაირი რეფერენდუმები არ ჩატარდება.

არავინ არ უნდა დააჩქაროს სამხედროები დაიწყონ კონტრშეტევები. ისინი თავად გადაწყვეტენ, როდის გააკეთებენ ამას. თუ ამ საქმეს სამხედროებს მივანდობთ, განმეორდება ის, რაც ხარკოვის ოლქში სულ ცოტა ხსნის წინ მოხდა. როდესაც პოლიტიკოსები უსაზღვრავენ სამხედროებს როდის რა გააკეთონ, უნდა გვესმოდეს, რომ ამგვარი მიდგომა ხშირად ცუდად მთავრდება.

რაც შეეხება თავად რეფერენდუმებს. მე არ ვთვლი, რომ რუსული სცენარით რეფერენდუმების ჩატარება და ოკუპირებული ტერიტორიების რაღაც ფორმით ანექსია უკრაინას რამით ვნებს. ჩემი აზრით, სულ პირიქითაა.

რუსეთის ასეთი ქმედებები სულ მეტად დააჩქარებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას, კიდევ უფრო დაარწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მას რუსეთი დიდხანს უნდა ჰყავდეს იზოლაციაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთი ოფიციალურად განაცხადებს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ, საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკური სანქციები, სწორი გადაწყვეტილება იყო.

თუ პუტინი მსოფლიოს დაანახებს, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ისევე უნდა, როგორც 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, ასეთ ვითარებაში ყირიმისა და სევასტოპოლის სამხედრო ძალით გათავისუფლების საკითხი ისევე დადგება დღის წესრიგში, როგორც ახლა ხერსონის, მელიტოპოლისა და აზოვის დეოკუპაციის საკითხები დგას

საქმე შესაძლოა იქამდეც მივიდეს, რასაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს. მხედველობაში მაქვს ის, რომ საზღვარგარეთის ბანკებში არსებული რუსული ფული არა მხოლოდ იყოს გაყინული, არამედ გადაეცეს უკრაინას.

უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში რუსეთის რეფერენდუმების პოლიტიკა ხელს შეუწყობს ყირიმის საკითხის უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტას. ჩვენი მოკავშირეების ნაწილი ამბობდა, რომ ყირიმის საკითხი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

ამის მიზეზად სახელდებოდა ის, რომ რუსეთმა ყირიმი თავის ტერიტორიად გამოაცხადა. თუ პუტინი მსოფლიოს დაანახებს, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ისევე უნდა, როგორც 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, ასეთ ვითარებაში ყირიმისა და სევასტოპოლის სამხედრო ძალით გათავისუფლების საკითხი ისევე დადგება დღის წესრიგში, როგორც ახლა ხერსონის, მელიტოპოლისა და აზოვის დეოკუპაციის საკითხები დგას.

- თქვენი დაკვირვებით როგორ აღიქვა უკრაინის მოსახლეობამ პრეზიდენტ პუტინის განცხადებები?

- ჯერ კიდევ გუშინ, როცა ველოდით პუტინის განცხადებას, მე ხშირად მომიწია კითხვაზე პასუხის გაცემა თუ როგორი მოლოდინები და შიშები ჰქონდა უკრაინას. ჩემი პასუხი იყო მარტივი - პუტინი იმაზე მეტ ცუდ რამეს უკრაინის წინააღმდეგ ვერ გააკეთებს, რაც მან 2022 წლის 24 თებერვალს გააკეთა.

უკრაინას უკვე აღარაფრის ეშინია, ახლა უნდა ეშინოდეთ რუსეთის მოქალაქეებს, რადგან ამიერიდან ომი მათ ოჯახებშიც შეაბიჯებს. აქამდე ჩვენ გვქონდა ომი, მათ კი სადღაც შორს „სპეცოპერაცია“ - კეთილი იყოს მათი მობრძანება უკრაინის ომში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა