ჯოზეფ ბორელი გაზსადენებზე მომხდარ გაჟონვაზე - ყველა არსებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედების შედეგი

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენების დაზიანების გამო, რამაც ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში გაზის გაჟონვა გამოიწვია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია.
„ეს ინციდენტები დამთხვევა არ არის და ყველას გვაზარალებს. ყველა არსებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ეს გაჟონვები არის მიზანმიმართული ქმედების შედეგი“, - აცხადებს ბორელი.
მისი თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოძიებას, რომლის მიზანი იმის გარკვევა იქნება, რა მოხდა და რატომ.
„ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ჩვენი მედეგობის გაზრდის მიზნით. ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება ყოვლად მიუღებელია და მას მტკიცე და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, - წერს ბორელი.

























