ბაქომ ერევანს დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ოქტომბერში ჩატარება შესთავაზა

ბაქომ ერევანს დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ოქტომბერში ჩატარება შესთავაზა

ჟენევაში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ ორმხირივ შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთსშესთავაზა, დელიმიტაციის ორმხრივი კომისიების მორიგი შეხვედრა ნოემბრის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართოს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.

„შეხვედრის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ, საზღვარზე ბოლოდროინდელი დაძაბულობის გათვალისწინებით, შესთავაზა, დელიმიტაციის ორმხრივი კომისიების მორიგი შეხვედრა ადრე შეთანხმებული ნოემბრის ნაცვლად მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართოს,“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხური შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანისა და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზების გახსნის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, დაისვა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ჟენევაში შეხვედრა 2 ოქტომბერს გამართეს.