გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან

სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომანქანის მართვის უფლების მისაღებად, მსურველ პირებს გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ. კიდევ 4 კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი სიახლეა, რასაც შსს-ს მომსახურების სააგენტო გეგმავს. მუშაობა მიდის ავტოსკოლების რეგულაციების ქვეშ მოქცევაზეც...

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებამ, გამოსაცდელი პირის რა ნაწილი აბარებს და რა ნაწილი იჭრება და კონკრეტულად, რა სიახლეები შეიძლება შემოვიდეს ამ მიმართულებით, „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი ესაუბრა.

- უკვე რამდენიმე თვეა მართვის მოწმობის ასაღებად დაინტერესებულ პირებს გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება უწევთ. თავდაპირველად გვითხარით, კიდევ ხომ არ იგეგმება სიახლეები ამ მიმართულებით?

- როგორც მოგეხსენებათ, მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა. აღნიშნული გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ საქართველოს გაფორმებული აქვს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. იმ დირექტივებიდან გამომდინარე, რომელსაც ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს, ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა ჩავაბაროთ რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ამ კუთხით, ამ ეტაპზე მხოლოდ B და BE კატეგორიები არის რეალურ მოძრაობაში გასული და დაგეგმილი სიახლე არის ის, რომ სულ მალე დავიწყებთ მაღალი კატეგორიების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარებას რეალურ მოძრაობაში. ეს მაღალი კატეგორიებია - სატვირთო, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, რომელიც გულისხმობს C, C1, D და D1 კატეგორიებს. ზუსტ თარიღს, როდიდან შევა ეს სიახლე ძალაში ვერ გეტყვით, თუმცა, დაგეგმილია, მიდის მუშაობა და მალე დაინერგება.

- სიახლის შემოტანას მიმდინარე წელს გეგმავთ, თუ 2023 წლიდან? ჩვენი ინფორმაციით, ნოემბერია ერთ-ერთი სავარაუდო თარიღი...

- შესაძლებელია, რომ მიმდინარე წლის ნოემბრიდან იყოს. ზუსტ თარიღზე ამ ეტაპზე, საუბარი არ შემიძლია. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო, ყველაფერი მზადაა როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე ტექნიკური აღჭურვილობით. გამოსაცდელ პირებს ისეთივე ავტობუსზე მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, რაც ქალაქში დადის.

- როგორია რეალურ მოძრაობაში გამოცდის გადატანის პირველი თვეების შედეგები - რამდენად უჭირთ გამოსაცდელ პირებს გამოცდის ახალი მეთოდით ჩაბარება?

- გამოკვეთილად, თუ რომელი კომპონენტის შესრულებას ვერ ახერხებს ესა თუ ის კანდიდატი, გაგვიჭირდება იმიტომ, რომ ქულათა შეფასება რამდენიმე ეტაპიანია. არის 12 მსუბუქი შეცდომა, რომელთა დაშვების შემთხვევაში კანდიდატს ექნება უარყოფითი შეფასება და ვერ ჩააბარებს პრაქტიკულ გამოცდას. ასევე არის შეცდომების კატეგორია, რომელიც 6-ზე მეტი არ უნდა დააგროვო. თუ 6 შეცდომა დააგროვე, ამ შემთხვევაშიც უარყოფითად შეფასდება პრაქტიკული გამოცდა. არის ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე შეცდომები, რომელთა დაშვების შემთხვევაშიც კანდიდატს შეუწყდება მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა. ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი, ფავორიტი შეცდომები არ გვაქვს. კანდიდატები იჭრებიან როგორც მსუბუქი შეცდომების ჯამის საფუძველზე, ასევე მძიმე შეცდომებითაც. სხვადასხვა ტიპის დარღვევები ხდება ქუჩაში, ის, რაც რეალურ მოძრაობაში გვხვდება და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებლად მოუწევთ კანდიდატებს.

- გამოკვეთა თუ არა ახალმა სისტემამ გარკვეული ხარვეზები და გამოწვევები, რომელთა გამოსწორებაზეც გიწევთ მუშაობა. ასევე, კიდევ ერთხელ გავახსენოთ საზოგადოებას, რა პრობლემები გამოასწორა ახალმა სისტემამ და რატომ გახდა საჭირო გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა?

- პრაქტიკულ მოძრაობაში მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა ხელს შეუწყობს იმას, რომ გვეყოლება მძღოლები, რომლებიც მომზადებულები იქნებიან და თავს გაართმევენ ამა თუ იმ კრიტიკულ მდგომარეობას, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს შეექმნებათ. ასევე მათ უფრო მეტი ცოდნა ექნებათ და უფრო დაემორჩილებიან საგზაო მოძრაობის წესებს, რომელთაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, მაგრამ ვმუშაობთ ყოველდღიურად და ვითვალისწინებთ იმ შედეგებსაც, რომელსაც კანდიდატები დებენ.

- კონკრეტულად რა გამოწვევის წინაშე დადექით და რის გამოსწორებაზე მუშაობთ?

- მაგალითად, პირველ ეტაპზე მოუმზადებელი კანდიდატები მოდიოდნენ, რომელთან ერთადაც გზაზე გადაადგილება საკმაოდ სახიფათოა. მოგეხსენებათ, ზომები უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს გამოცდა, არ დაზიანდეს როგორც სატრანსპორტო საშუალება, ისე კანდიდატის და ჩვენი თანამშრომლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა ამ კუთხით. გადავამზადეთ თანამშრომლები, რომ ამისთვის ისინი მზად ყოფილიყვნენ.

- რადგან გამოცდის ჩაბარება ახალ ეტაპზე გადავიდა და მართვის მოწმობის აღების მსურველ პირს რეალურ მოძრაობაში უწევს გამოცდის ჩაბარება, ხომ არ ხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ დახურულ მოედანზე გამოცდა გაუქმდეს?

- თუ კანდიდატების მომზადების დონემ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენ პირველი ეტაპი ამოვიღოთ, ეს შეუძლებელი იქნება. ველოდებით, რომ კანდიდატები უფრო მომზადებულები მოვლენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის, ამ კუთხით, არანაირი ცვლილება არ იგეგმება და არ ვგეგმავთ დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების გაუქმებას.

- 4 თვის განმავლობაში, 25 აპრილიდან დღემდე, რამდენმა პირმა ჩააბარა ახალი სისტემით? ასევე საინტერესოა, საშუალოდ, პრაქტიკული გამოცდის მერამდენე მცდელობაზე აქვთ დადებითი შედეგები გამოსაცდელ პირებს? გვითხარით, როგორია საშუალოდ ჩაჭრის მაჩვენებელიც?

- დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 3000 პირს აქვს რეალურ მოძრაობაში პრაქტიკული გამოცდა წარმატებით ჩაბარებული და მოიპოვეს შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება. ეს არც ისე ცოტაა, თუმცა, უფრო მეტ შედეგს ველოდებით. პროცენტულ მაჩვენებელს თუ ვნახავთ, 18-20%-ია დადებითი შედეგი. რაც დიდი მაჩვენებელი არ არის. მაგრამ ჯერ სიახლეა, კანდიდატებმა მომზადება ვერ მოახერხეს. მომავალში კიდევ უფრო მეტი მომზადებული კანდიდატი მოვა და მეტი დადებითი შედეგი გვექნება გამოცდაზე. ყველა კანდიდატისთვის ხელმისაწვდომია ის კვალიფიციური მოთხოვნები, რისი შესრულებაც ევალება მას და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს. რაც შეეხება იმას, შემცირდა თუ არა პირველი ეტაპის მერე მართვის უფლების გამოცდის ჩაბარება, რა თქმა უნდა, შემცირდა. იმ კანდიდატების რაოდენობიდან, რომლებიც პირველ ეტაპს დადებითად აბარებენ და მეორე ეტაპზე გადადიან, ჩაბარების მაჩვენებელი 20%-ია.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს იმ მოთხოვნებს, რისი შესრულების ვალდებულებაც მას გამოცდის მიმდინარეობისას ექნება, თუმცა არსებობს მოქალაქეთა ნაწილის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ არ უხსნიან მიზეზებს, რის გამო იჭრება რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარებისას. რა დაშავდება იმით, რომ გვერდით მჯდომმა გამომცდელმა აუხსნას, რა შეცდომები დაუშვა ავტომანქანის მართვისას?

- აქამდე მოედანზე კანდიდატები მიჩვეულები იყვნენ, რომ თუ ერთ შეცდომას დაუშვებდნენ, უარყოფით შედეგს იღებდნენ. მარტივი იყო იმის აღქმა, რა შეცდომა დაუშვეს და რაში ჩაიჭრნენ. ახლა ეს ასე არ არის. მათ რამდენიმე შეცდომის დაშვების უფლება აქვთ მთელი გზის განმავლობაში, რასაც ისინი რეალურ მოძრაობაში გადიან. შეჯამებული ქულები კი გვაძლევს უარყოფით შედეგს. თითოეული შეცდომის განხილვას, რასაც გამოსაცდელი პირები უშვებენ, ჩვენი თანამშრომელი ვერ შეძლებს, ეს საკმაო დროს მოითხოვს, თუმცა, ჩვენ ვაძლევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმის შესაძლებლობას, რომ მოგვმართოს, მიიღოს საგამოცდო ოქმი, რომელშიც დეტალურად არის ასახული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა საკვალიფიკაციო მოთხოვნა ვერ შეასრულა მან და რის გამო მოხდა მისი უარყოფითი შეფასება. შეუძლია მოვიდეს მომსახურების სააგენტოში, შემოიტანოს საპრეტენზიო განაცხადი და დაელოდოს განხილვას.

- გქონდათ შემთხვევა, როდესაც საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ კანდიდატი არ ჩაჭრილა?

- ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, თუმცა, საპრეტენზიო განაცხადები გვქონია და განგვიხილავს კიდეც.

- მართვის მოწმობის აღების ღირებულება რეალურ სივრცეში გამოცდის დაწყების შემდეგ გაძვირდა. ხომ არ გეგმავს უწყება გადახედოს დღეს დაწესებულ საფასურს? ან პირიქით, ხომ არ იგეგმება კიდევ გაძვირება?

- საფასურების გადახედვას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. რაც შეეხება ღირებულებას, როგორც მოგეხსენებათ, ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან სატრანსპორტო საშუალებაზე რომ ჩაგებარებინათ გამოცდა, ყოველ ჯერზე საჭირო იყო 40 ლარის გადახდა, ჩვენ ეს საფასური გავაუქმეთ და პირველი ეტაპისთვის, როგორც ავტომატურ გადაცემათა კოლოფიანი, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფიან სატრანსპორტო საშუალებაზე გამოცდის საფასურში შედის ერთი თვის განმავლობაში ყოველ მე-7 დღეს გასვლა, რაც იმას გულისხმობს, რომ მაქსიმუმ 5-ჯერ აქვს მართვის მოწმობის მიმღებ პირს საშუალება გავიდეს გამოცდაზე. ასევე გათვალისწინებულია გარკვეული შეღავათები, როგორც სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ასევე არასრულწლოვანებისთვის. რაც შეეხება მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის საფასურს, 90 ლარია. ეს ის თანხაა, რომელიც ამ გამოცდის ხარჯსაც შეიძლება ვერ ფარავდეს. ეს არ არის ძალიან მაღალი საფასური, ის გამოყვანილია იმ ხარჯებიდან, რაც უწყებას უჯდება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩატარება.

- გქონიათ საგამოცდო მანქანების დაზიანების ფაქტები გამოცდის ჩატარებისას?

- გვქონდა ასეთი შემთხვევები, თუმცა, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე მასში მსხდომი პირები დაზღვეულები არიან და ამ ყველაფერს დაზღვევა ანაზღაურებს.

- გარდა პრაქტიკული ნაწილისა, ხომ არ გეგმავთ ცვლილებებს გამოცდის თეორიულ ნაწილში?

- ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ თეორიული გამოცდის ცვლილებებს ან პრაქტიკული ნაწილის პირველი ეტაპის გამოცდის ცვლილებას.

- ავტოსკოლებზეც გკითხავთ - ადრე საუბარი იყო, რომ ავტოსკოლები გარკვეულ რეგულაციებში მოექცეოდა. რა ხედვა აქვს უწყებას ავტოსკოლებთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, ავტოსკოლას მნიშვნელოვანი როლი აქვს კანდიდატების მომზადებაში. მომზადებული კანდიდატი ნიშნავს, რომ მან სწავლა კვალიფიციურ მასწავლებელთან გაიარა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ძლიერი ავტოსკოლები იყოს. გვაქვს ამ თემაზე ნაფიქრი, არის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული ამ კუთხით, მიმდინარეობს განხილვები და უახლოეს მომავალში როგორც კი მზად იქნება ეს ცვლილებები, შეგატყობინებთ.

- ანუ შესაძლებელია ავტოსკოლები გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარონ?

- კი, შესაძლებელია. თუმცა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ეს შესათანხმებელია სხვადასხვა უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან როგორც ლიცენზირების, ასევე მომზადების კუთხით. თუმცა, ავტოსკოლებთან დაკავშირებით რომ საკანონმდებლო ცვლილება მზადდება, ავტოსკოლები რომ მოექცევიან გარკვეულ რეგულაციებში და მათ მიმართ იქნება გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უფრო წარმატებულს გახდის მათ მუშაობას, სწავლების ხარისხს აამაღლებს, ეს ჩვენი მთავარი მიზანია და ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

- 2022 წლის იანვარი-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი. საერთაშორისო გამოცდილებაუსაფრთხო სისტემის“ (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის და ხომ არ არის საჭირო მინიმალური ასაკობრივი ზღვრის დაწესება? მაგალითად, არასრულწლოვანს არ შეეძლოს მართვის მოწმობის აღება? ბოლო ზარის დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც მიანიშნებს, რომ საკითხი ძალიან პრობლემურია

- რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ძალიან ბევრ ქვეყანაში იღებს არასრულწლოვანი პირი მართვის მოწმობას. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მომზადებულები მოდიან როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისთვის. გვქონია შემთხვევები, როდესაც მათ პირველივე ჯერზე შეძლეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარება. ამ კუთხით ცვლილებებს არ განვიხილავთ. როგორც მოგეხსენებათ, სასკოლო ბოლო ზარებთან დაკავშირებით რეგულაციები შემოღებულია შსს-ს მიერ და ესკორტირებას გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო სკოლებს, რომლებიც ბოლო ზარისთვის გარკვეულ გადაადგილებას აკეთებენ საგზაო მოძრაობაში. ის, რომ ზღვარი ავწიოთ მართვის მოწმობის მისაღებად თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე, ამ ეტაპზე მუშაობა არ მიდის.

- გამოცდაზე წარსადგენი დოკუმენტების ფორმალობაზეც მინდა გკითხოთ, გავრცელებული ინფორმაციით, ართვის მოწმობის აღების მსურველ პირს, ერთ-ერთ საკმაოდ საპასუხისმგებლო დოკუმენტს - .. ფსიქოს, არა სამედიცინო დაწესებულებები და ექიმი, არამედ, არაკომპეტენტური პირები გარკვეული თანხების სანაცვლოდ სთავაზობენ. რამდენად არის ასეთი დოკუმენტების შემოწმების შესაძლებლობა და გარდა ამისა, ხომ არ იგეგმება საკითხის შესწავლა ამ მიმართულებით?

- ეს საკითხი ჩვენი უწყების კომპეტენცია არაა. ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ჯანდაცვის უწყება ლიცენზიებს იძლევა, რომ ამა თუ იმ პოლიკლინიკამ და სამედიცინო დაწესებულებამ გასცეს ეს დოკუმენტი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ.

- დღეის მდგომარეობით, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება ქვეყნის მასშტაბით, 12 ქალაქშია შესაძლებელი. ხომ არ გეგმავთ ამ ქალაქების ჩამონათვალის გაფართოებას? და ზუგდიდში როდიდან დაიწყება მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება?

- ამ ეტაპზე 12 ქალაქში გვაქვს თეორიული გამოცდის ჩატარების შესაძლებლობა და 9 ლოკაციაზე ვატარებთ პრაქტიკულ გამოცდის მეორე ეტაპს. მალე იგეგმება ზუგდიდშიც გამოცდის დაწყება. როგორც მოგეხსენებათ, იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც უკვე დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილება და მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ზუგდიდშიც დავნერგოთ. მიმდინარე წლის ბოლომდე, ძალიან მალე შევძლებთ ამ ყველაფრის გაკეთებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამბროლაურსა და ახალქალაქში ჩვენი მობილური ჯგუფები იბარებენ თეორიულ გამოცდას კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ, თუმცა, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იქ არ ხდება.

- საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების ევროპის ქვეყებში უგამოცდოდ გადაცვლაზე მინდა გკითხოთ - სიახლე ძალაში შემოდგომიდან უნდა შესულიყო. რა ეტაპზეა ეს პროცესი, რამდენი ქვეყანა აღიარებს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას და ხომ არ იგეგმება ამ ქვეყნების გაფართოება?

- ჩვენი მართვის მოწმობა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ მძღოლებს, ქართული მართვის მოწმობით ძალიან ბევრ ქვეყანაში შეუძლიათ იმოგზაურონ, ჩაერთონ საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში იქნება ეს სატვირთო თუ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება. რაც შეეხება მართვის მოწმობის გადაცვლას, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყანაში, მართვის მოწმობის შეცვლის პროცედურები თითოეულ ქვეყანასთან ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან მუშაობა, როგორც მე ვიცი და რამდენიმე ქვეყანა დაინტერესებულია ქართული მართვის მოწმობის უპრობლემოდ შეცვლის თაობაზე.

- რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები?

- ქვეყნების ზუსტი ჩამონათვალი არ ვიცი, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კუთხით მუშაობენ. ჩვენი მხრიდან რაც შესასრულებელი იყო, უკვე გავაკეთეთ და მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი გადავიტანეთ რეალურ მოძრაობაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გაცემული მართვის მოწმობის გადაცვლა მარტივად მოხდება ნებისმიერი ქვეყნის მიერ და მარტივი იქნება მოლაპარაკების წარმოება, რადგან საქართველოში ევროპული დონის მართვის მოწმობა გაიცემა, რომლის მოპოვებაც არც თუ ისე მარტივია.

- კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, გადაცვლა გულისხმობს იმას, რომ მათ საზღვარგარეთ გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ?

- დიახ. გამოცდების და სხვა დამაბრკოლებელი მოთხოვნების გარეშე მოხდება ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა.

თამთა კაკაურიძე

ინტერპრესნიუსი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა