ზურაბ ბატიაშვილი - ეს სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 24 თებერვლამდე იყო

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკოსს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, უკრაინა-რუსეთის ომის გამო რომ მსოფლიო პოლიტიკაში სერიოზული ძვრებია მომხდარი, ფაქტია. ჩვენი ხელისუფლება კი ამბობს, რომ საქართველო ამ პროცესებში ერთმნიშვნელოვნად რუსული აგრესიის წინააღმდეგ დარაზმული კოლექტიური დასავლეთის მხარესაა, მაგრამ რაც უფრო დრამატულ სახეს იძენს უკრაინაში რუსული აგრესია, ჩვენს საგარეო პოლიტიკას სულ უფრო აშკარად აკლია მკაფიოობა, ხოლო საშინაო პოლიტიკა გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობს.

სამწუხაროდ, ასეთ ფონზე შედგა საქართველოში შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი დენის ჯენკინსის ვიზიტი.

დამკვირვებელთა ნაწილმა ეს ვიზიტი აშშ-ს მიერ იმის გარკვევის მცდელობად მიიჩნია, არის თუ არა საქართველო უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში კოლექტიური დასავლეთის ბანაკში.

ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტს წინ უძღოდა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აქვთ შეკითხვები თუ რატომ არ ემიჯნება ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას“.

მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოში ახლა ყალიბდება ვაშინგტონის წარმომადგენელს პრაქტიკულად არაფერი უთქვამს, თქვენ როგორ აღიქვით თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი და ამ ვიზიტის სავარაუდო შედეგები?

- ნებისმიერი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მისი საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა. მაგალითად, რასაც აკეთებს პუტინი ქვეყნის შიგნით, იმასვე აკეთებს საგარეო პოლიტიკაშიც. ამიტომ შეუძლებელია, რომ იგი მხარს უჭერდეს დემოკრატიულ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე. შეერთებული შტატები დემოკრატიული ქვეყანაა და მთელ მსოფლიოში მხარს უჭერს დემოკრატიას.

გამონაკლისი არც საქართველოა. მაგრამ, ბოლო პერიოდში როგორც მის შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ბუნდოვანება შეინიშნება. შეუძლებელია, ერთი და იგივე დროს ანტიდასავლური პროპაგანდით იყო დაკავებული და თან აცხადებდე, რომ პროდასავლური ხელისუფლება გყავს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაიმე სახის „ბალანსის“ დაცვის საშუალებას მისცემს ქვეყანას, მწარედ სცდება.

რუსეთ-უკრაინის ომმა, გარდა ზნეობრივი საკითხისა, ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს იმის განსაზღვრა, თუ ვინაა დამნაშავე ამ ომში, ბევრ სხვა საკითხში სიცხადის შეტანასაც შეუწყო ხელი.

ახლა საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი კითხვა შემდეგნაირად დგას: „ვის მხარეს ხარ?“ და ამ კითხვაზე შენს პასუხზეა დამოკიდებული შენი და შენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალიც. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვაშინგტონში გაჩნდა კითხვები საქართველოს ხელისუფლების მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით.

ახლა საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი კითხვა შემდეგნაირად დგას: „ვის მხარეს ხარ?“ და ამ კითხვაზე შენს პასუხზეა დამოკიდებული შენი და შენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალიც. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვაშინგტონში გაჩნდა კითხვები საქართველოს ხელისუფლების მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი დენის ჯენკინსის ვიზიტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საჭიროა საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელახლა შეიარაღება და აღჭურვა, რადგან რაც ახლა გვაქვს, ეს ძირითადად საბჭოურია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი დენის ჯენკინსის ვიზიტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საჭიროა საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელახლა შეიარაღება და აღჭურვა, რადგან რაც ახლა გვაქვს, ეს ძირითადად საბჭოურია

ეს იარაღი საერთოდ გამოუსადეგარი იქნება რამდენიმე თვეში, ტყვია-წამალიც კი არ იქნება ამისთვის არსად მთელს მსოფლიოში, რადგან ის თითქმის სრულად გაიხარჯა ამ ომში და ფიზიკურად ვერსაიდან ვეღარ შევიძენთ.

მაგრამ იმ ანტიდასავლური განცხადებების გამო, რომელიც როგორც მმართველი პარტიის, ასევე მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ კეთდება, ბუნდოვანს ხდის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალს გადაიარაღების თვალსაზრისით.

იმ ანტიდასავლური განცხადებების გამო, რომელიც როგორც მმართველი პარტიის, ასევე მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ კეთდება, ბუნდოვანს ხდის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალს გადაიარაღების თვალსაზრისით

- ბონი ჯენკინსმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ „უაღრესად შემაშფოთებელია ელჩ დეგნანსა და საელჩოზე თავდასხმები“.

მისივე თქმით, „ეს ნაწილია დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დამალვისკენ ევროპის კრიზისის ირგვლივ, რომელიც შექმნა ერთმა ადამიანმა“.

ელჩ დეგნანთან დაკავშირებით სტუმრის მიერ გამოთქმულ წუხილი არ გაუზიარებია

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძემ. მან ამ თემაზე თქვა, რომ იზიარებს აშშ-ს ელჩის მისამართით „ხალხის ძალის“ ლიდერთა კრიტიკას.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ამერიკელ ანალიტიკოსებს ესმით, რომ „განდგომილთა“ მხრიდან აშშ-ს კრიტიკა საქართველოს შიდა პოლიტიკას, მომავალ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება, მაგრამ, მათივე აზრით, იმ ცვლილებების ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ძალაუფლების შენარჩუნება არ შეიძლება იყოს ხელისუფლების სტრატეგია.

ვითარებაში, როცა არ ჩანს რომ მმართველ გუნდს სურს 12-ვე ევროპული რეკომენდაციების შესრულება და ნატოსთან დაჩქარებული წესით ინტეგრაცია, ამ პროცესების ფონზე კითხვას ასე დავსვამდი - თუ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების სტრატეგია არ შეიძლება იყოს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება, 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მიზანი, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს?

- მე, როგორც ყოფილი დიპლომატი, თქვენს ყურადღებას გავამახვილებდი მის მიერ წარმოთქმულ ფრაზაზე „უაღრესად შემაშფოთებელია თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე - ეს ნაწილია დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დამალვისკენ ევროპის კრიზისის ირგვლივ, რომელიც შექმნა ერთმა ადამიანმა.“

მოდით ლოგიკურად გავყვეთ ამ ფრაზას. ვინ ესხმის თავს ელჩს? საქართველოს ხელისუფლება. ვინ შექმნა დეზინფორმაციის დიდი სქემა? პუტინმა. ანუ რა გამოდის? გამოდის, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის მიერ შექმნილი დიდი სქემის ნაწილია. ამიტომ ეს განცხადება ძალზედ სერიოზული გაფრთხილებაა. მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამის დანახვა არ სურს. შედეგსაც, შესაბამისს მიიღებს.

ვინ ესხმის თავს ელჩს? საქართველოს ხელისუფლება. ვინ შექმნა დეზინფორმაციის დიდი სქემა? პუტინმა. ანუ რა გამოდის? გამოდის, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის მიერ შექმნილი დიდი სქემის ნაწილია. ამიტომ ეს განცხადება ძალზედ სერიოზული გაფრთხილებაა. მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამის დანახვა არ სურს. შედეგსაც, შესაბამისს მიიღებს

მართლა არ ვიცი და ალბათ არც თვითონ იციან, რა გეგმა და მიზანი აქვს მმართველ პარტიას 2024 წლისთვის. როგორც ყველაფერი, ესეც ბუნდოვანებაში გაეხვა და ეს ფაქტი ნამდვილად ვერ იქნება სასიკეთო ვერც მათთვის და ვერც ქვეყნისთვის, რადგან ისინი არიან მმართველობაში.

ასეთ მძიმე სიტუაციაში, ჩვენი ანუ საქართველოს მოქალაქეების მთავარი მიზანი უნდა იყოს ისე გამოვიდეთ შექმნილი სიტუაციიდან, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენ ქვეყანას.

რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება არაფერს გააკეთებს არც 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით. ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს.

- ამ საკითხებზე მსჯელობისას გვერდს ვერ აუვლით შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დავის თემას. ფაქტია, რომ ამ თემის აქტუალიზაციას თავად ივანიშვილის გუნდი და მისი მხარდამჭერები ახდენენ.

მას შემდეგ, რაც შვეიცარიულ ბანკთან დავასთან დაკავშირებით ივანიშვილის ადვოკატმა თქვა, რომ შვეიცარიულ ბანკთან ივანიშვილის დავა 2010 წლიდან იწყება, ამ თემას ივანიშვილის მხარდამჭერი ფილოსოფოსი გამოეხმაურა.

მისი მტკიცებით, შვეიცარიულმა ბანკმა იმ პერიოდში კი წააგო სარჩელი ივანიშვილთან, მაგრამ ბანკმა მისთვის ფულის გადახდა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ივანიშვილი სააკაშვილს დაუპირისპირდა. მეტიც, მისივე თქმით, ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი რომ ფულს არ უხდის ამერიკელების ბრალია. მიზეზი კი ისაა, რომ ივანიშვილმა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება აარიდა.

„დიდ პოლიტიკაში“ გამორიცხული არაფერია, მაგრამ შეთქმულების თეორიების ნაკლებად მჯერა. არა მარტო ამ თემასთან დაკავშირებით ქვეყნის გარეთ ბევრს ექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს დააშანტაჟოს აშშ და ევროკავშირი იმისათვის, რომ მათგან მიიღოს ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიები.

რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ამგვარი მტკიცებები?

- საერთაშორისო ურთიერთობები სპეციფიკური სფეროა და მასზე დილეტანტური მსჯელობა ისევე არ შეიძლება, როგორც არ შეიძლება მაგალითად სახლის მშენებლობაზე საუბარი ინჟინრების გარეშე.

არ ვიცი, ვინ ჰყავს ხელისუფლებას მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ ის ხალხი ჰყავს, რომელიც ტელევიზიებში მის მხარდამჭერებად და პროპაგანდისტებად გვევლინებიან, მაშინ გასაგებია, რატომ მოხვდა ხელისუფლება ამ გამოუვალ მდგომარეობაში. როგორც წესი, საერთაშორისო ურთიერთობები პროპაგანდისტების ძლიერი მხარე არაა ხოლმე.

სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებაში საერთოდ ვერ ხედავენ იმ ცვლილებებსა და ტენდენციებს, რომელიც გააჩინა რუსეთ-უკრაინის ომმა საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც ძალიან დინამიკურად ცვლის აქამდე არსებულ გლობალურ წესრიგს. თან ეს პროცესი არ დასრულებულა და როდესაც დასრულდება, სრულიად ახალ მსოფლიო წესრიგს მივიღებთ.

სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებაში საერთოდ ვერ ხედავენ იმ ცვლილებებსა და ტენდენციებს, რომელიც გააჩინა რუსეთ-უკრაინის ომმა საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც ძალიან დინამიკურად ცვლის აქამდე არსებულ გლობალურ წესრიგს. თან ეს პროცესი არ დასრულებულა და როდესაც დასრულდება, სრულიად ახალ მსოფლიო წესრიგს მივიღებთ

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 24 თებერვლამდე იყო. რაც მალე გაათვითცნობიერებენ ამას, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან ისინი მართავენ ამ ქვეყანას.

არც მე მჯერა შეთქმულებების თეორიის. ასევე არ მჯერა, რომ რამეს მიაღწევენ დასავლეთის მიმართ შანტაჟისა და მუქარის ენით საუბრისას. უფრო პირიქით მგონია. იმასაც დაკარგავენ, რაც აქვთ და ამისი მაგალითები მრავლადაა მსოფლიოს, მათ შორის, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიაში.

- უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ვხედავთ ევროპის უპრეცედენტო ერთიანობას უკრაინის დასახმარებლად. დღეს დასავლეთის ერთობა არის იმაზე, რომ უკრაინაში ბრძოლა უნდა მოიგოს უკრაინა, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი გაყინულ კონფლიქტად არ უნდა გადაიქცეს. არ დაუშვან ტერიტორიების გაყოფა უნდა შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოების სისტემა.

კიევმა კატეგორიული უარით უპასუხა დიალოგისკენ რუსეთს მოწოდებას. დიალოგის დასაწყებად უკრაინა მოითხოვს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას.

ბევრი თვლის, რომ უკრაინის თემაზე ილონ მასკის გააქტიურება იმის ნიშანია, რომ ამერიკული დიპლომატიის პატრიარქმა კისინჯერმა კიდევ ერთხელ სცადა კრემლის სასარგებლოდ ეთამაშა. ძნელი სათქმელია კისინჯერის აქტიურობამ განაპირობა თუ არა მასკის „დიდ პოლიტიკაში“ ჩართვა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ილონ მასკის „მშვიდობის ფორმულა“ აშკარად კრემლშია დაწერილი, რადგან საშუალებას აძლევს რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მიიტაცოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორია.

საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა რითაც კრემლის თამაში ითამაშა. ამის საპასუხოდ ამერიკამ ვენესუელას ნავთობზე დაწესებული ემბარგო მოუხსნა. უკრაინა-რუსეთის ომის გამო რომ მსოფლიოში ენერგეტიკული ომიცაა, ფაქტია.

უკრაინა გამარჯვებამდე ომს აპირებს, მაგრამ შეძლებს თუ არა იგი რუსეთთან ომის წარმოებას, სრულადაა დამოკიდებული ამერიკულ და ევროპულ მხარდაჭერაზე. გაქვთ განცდა, რომ აშშ და ევროპა უკრაინას იქამდე აღმოუჩენს დახმარებას, ვიდრე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებენ?

- დასავლეთს და უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს, რომელიც დასავლეთის მამოძრავებელი ძალა და ლიდერია, მიღებული აქვს სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს. ეს გადაწყვეტილება გამოიწვია იმან, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქამდე არსებული ყველა წესი, გადაკვეთა „წითელი ხაზები“ და გამოწვევა გაუგზავნა დასავლეთს. ამას კი პუტინს არავინ აპატიებს. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ურყევია და გადახედვას არ ექვემდებარება.

დასავლეთს და უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს, რომელიც დასავლეთის მამოძრავებელი ძალა და ლიდერია, მიღებული აქვს სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს

უკრაინისთვის გამოყოფილი უპრეცედენტო სამხედრო და ფინანსური დახმარებების პაკეტები, „ლენდ-ლიზი“, დიპლომატიური მხარდაჭერა და ა.შ. ამ დიდი სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგია და მას ვერ შეაჩერებს ვერც მასკი, ვერც ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსებისა და გავლენიანი ფიგურების მოსყიდვა და ა.შ.

დასავლეთში, აღმოსავლეთისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებენ ინსტიტუტები და არა ერთეული პირები. ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. უკრაინა გაიმარჯვებს!

- როგორც ჩანს, უკრაინა-რუსეთის ომი მალე არ დასრულდება. ამ ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ომი მანამდე არ დასრულდება, ვიდრე რუსეთი და მისი ხელისუფლება უარს არ იტყვიან მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების წართმევაზე.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ახლა ჩვენი და ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის ყველაზე აქტუალური კითხვაა თუ როგორ შეხვდება საქართველო იმ პერიოდს, როცა უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდება.

სავარაუდოდ, როგორია ის ოპტიმალური ვარიანტი თუ როგორ უნდა შეხვდეს საქართველო უკრაინა-რუსეთის ომს? რა უნდა გაკეთეს იმისათვის, რომ ეს ასეც მოხდეს?

- ისევ იმ საკითხთან მივდივართ, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები აცდენილია ერთმანეთს. ახლა ის მომენტია, როდესაც ძალიან აქტიური უნდა იყოს ქართული დიპლომატია საერთაშორისო არენაზე. შენ თუ არ დააყენებ შენთვის აქტუალურ საკითხებს საერთაშორისო არენაზე, სხვა რატომ გამოიდებს თავს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამდენი პრობლემაა მთელ მსოფლიოში.

მისასალმებელი იყო საქართველოს მონაწილეობა პრაღაში გამართულ შეხვედრაში. იქაც დავინახეთ, რომ მასში მონაწილე ქვეყნები ამ პლატფორმას კარგად იყენებენ საკუთარი პრობლემების მოგვარების მიზნით.

მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გამართული მოლაპარაკებები და შეთანხმება ამისი ნათელი მაგალითია. მაგრამ, ჩვენ სადმე დავაყენეთ სათანადო დონეზე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი? ან ვმუშაობთ 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. მხედველობაში მაქვს რეალური საქმე და არა ბრტყელ-ბრტყელი, არაფრისმთქმელი დაპირებები? არ მიდის ამ მიმართულებით მუშაობა და სამწუხაროდ, შედეგიც შესაბამისი იქნება.

ჩვენ სადმე დავაყენეთ სათანადო დონეზე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი? ან ვმუშაობთ 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. მხედველობაში მაქვს რეალური საქმე და არა ბრტყელ-ბრტყელი, არაფრისმთქმელი დაპირებები? არ მიდის ამ მიმართულებით მუშაობა და სამწუხაროდ, შედეგიც შესაბამისი იქნება

- პრაღაში გამართულ მრგვალ მაგიდაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა - „მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა“.

სავარაუდოდ, ამგვარი პლატფორმის შექმნა რა გავლენას იქონიებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე?

- ნეტა შესაძლებელი ყოფილიყო მსგავსი რამის შექმნა 1991 წელს. ამ მიმართულებით ჩვენ 30 წელი დავკარგეთ. რაც არ დაკარგეს ბალტიის ქვეყნებმა და ახლა დამსახურებულად არიან ევროკავშირისა და ნატოს წევრები.

ეს პლატფორმა ჯერ მხოლოდ ინიციატივის დონეზეა და მისი დეტალები უცნობია. მაგრამ ერთი რამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ - ომსა და უბედურებას ყოველთვის სჯობს დიალოგი და ნორმალური ურთიერთობები პირველ რიგში, საკუთარ მეზობლებთან.

დიალოგის ალტერნატივა ომია. ომებმა კი ვნახეთ რამდენი უბედურება მოუტანა კავკასიას და აქ მცხოვრებ ხალხებს. ამიტომ ყველა მსგავსი ინიციატივა მისასალმებელია და მასში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ოღონდ, ეს არ უნდა აგვერიოს 3+3 ფორმატში, სადაც არაა ჩვენი ადგილი იმის გამო, რომ მასში ოკუპანტი რუსეთი აპირებდა ლიდერის როლის შესრულებას.

ომებმა კი ვნახეთ რამდენი უბედურება მოუტანა კავკასიას და აქ მცხოვრებ ხალხებს. ამიტომ ყველა მსგავსი ინიციატივა მისასალმებელია და მასში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ოღონდ, ეს არ უნდა აგვერიოს 3+3 ფორმატში, სადაც არაა ჩვენი ადგილი იმის გამო, რომ მასში ოკუპანტი რუსეთი აპირებდა ლიდერის როლის შესრულებას

რუსეთი დიდხანს ცდილობდა ამ 3+3-ის იდეის განხორციელებას და საქართველოს ხელისუფლებამაც რამდენჯერმე მოუსინჯა მას კბილი. მაგრამ დღეს რუსეთს აღარ სცალია ბევრი რამისთვის და მათ შორის, არც 3+3-ის მსგავსი იდეებისთვის.

სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ რუსეთის მონაწილეობის გარეშე უნდა შევძლოთ ერთმანეთთან დალაპარაკება და პრობლემური საკითხების მოგვარება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის