პრეზიდენტმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზი გახსნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება სალომე ზურაბიშვილმა და სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და პოლიტიკოსის, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ საქართველოს პრეზიდენტს უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტის საიუბილეო ფორმატში მიმდინარე მრავალფეროვანი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესდა უმაღლესი ჯილდო - „ნიკო ნიკოლაძის ოქროს მედალი“.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის, საიუბილეო ფორმატში ჩატარებულ ღონისძიებათა შორის, დღევანდელი დღე გამორჩეულია. გავხსენით დიდი ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზი - იმ საზოგადო მოღვაწისა, რომლის თავკაცობით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა სამხრეთ კავკასიაში უძველესი უმაღლესი საინჟინრო სკოლის დაარსებას. საუკუნის შემდეგ, ჩვენი დიდი წინაპრები უთუოდ იამაყებდნენ იმ წარმატებებით, რასაც უნივერსიტეტმა ამ ხნის მანძილზე მიაღწია. ნიშანდობლივია, რომ უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წამყვანი მეცნიერები ჩამოვიდნენ. ეს იმ დიდი ადამიანების დამსახურებაა, ვინც ქართული საინჟინრო კადრების სამჭედლო დაარსეს. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს, საქართველოს მომავალს უკეთ გავაცნოთ დიდი ქართველები. სწორედ ამიტომ გავხსენით ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზი და დავაწესეთ უმაღლესი ჯილდო - „ნიკო ნიკოლაძის ოქროს მედალი“. თქვენ ამ უდიდესი საზოგადო მოღვაწის შთამომავალი ხართ და ჩვენთვის სასიხარულოა უნივერსიტეტში თქვენი სტუმრობა“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულებამ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან მართებულია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება და ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა.

,,მინდა, მოგილოცოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე და დღევანდელი დღე - ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზის გახსნა, რაც სიმბოლურად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მთავარი იდეაა, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იყოს და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება, ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა, რადგან, რასაც ევროპა გულისხმობს, ის ყველაფერი ჩვენშია.

ნიკო ნიკოლაძისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, გენდერი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. თვლიდა, რომ ქალებსა და ვაჟებს შორის არანაირი განსხვავება არ იყო და პირველობაზე თუ ვსაუბრობთ, მან პირველმა გაიყვანა ქართველი სტუდენტები ქალები საზღვარგარეთ, შვეიცარიაში სასწავლებლად.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი ვარ, მაგრამ ეს შთამომავლობა დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა და იმედი მაქვს, რომ მეც შევიტან წვლილს მისი ცხოვრების მთელი არსისა და მიზნის განხორციელებაში - ამ ქვეყნისა და ამ სახელმწიფოს გაძლიერებაში.

მინდა სტუდენტებს მივმართო: დღეს ძალიან დიდი ტენდენციაა და საჭიროცაა, რომ სტუდენტები გავიდნენ ქვეყნიდან, სწორედ ნიკო ნიკოლაძის მაგალითის მსგავსად, საზღვარგარეთ მიიღონ კიდევ მეტი სპეციალიზაცია და მოიარონ მსოფლიო, ის ჯერ იყო რუსეთში, შემდეგ ევროპაში და იქიდან ჩამოიტანა ყველაფერი, რაც ჩამოსატანი იყო. მაგრამ მისი მაგალითია ისიც, რომ დაბრუნდა საქართველოში ყველაზე ცუდ პერიოდში. ეს არის მაგალითი, რომ უცხოეთში უნდა მიიღო ყველაფერი, კარგი და ცუდი გაარჩიო, დაბრუნდე აქ და შენი წვლილი შეიტანო ქვეყნის მშენებლობაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო მომავალზე ორიენტირებული. მთავარია მისი საქმიანობის გაგრძელება, რომ ახალგაზრდები იყვნენ სახელმწიფო ინტერესებით და სახელმწიფოზე ზრუნვით აღჭურვილნი და ახალი საქართველო ააშენონ. ჩვენ როგორც არასოდეს, ისე გვჭირდება ინჟინრები. გვაქვს ამისი უნარი და ნიჭი, მაგრამ საჭიროა, რომ ყველა დარგი შეივსოს და არ იყოს დეფიციტური პროფესიები, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო