ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2022

გიორგი კობერიძე - “თავს ნუ მოვიტყუებთ იმაზე ფიქრით, რომ რადგან თბილისში რუსული ტანკი არ დგას, ომში არა ვართ"

ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია - რა შეთანხმება შეიძლება შედგეს კუნძულ ბალიზე

ვახტანგ კაპანაძე - “დიახ, ნატო დაარტყამს რუსეთს...”

რითი დასრულდება კრიზისი ენმ-ში - პარტიის თავმჯდომარის მოტეხილი ხელი და ყოფილი მაღალჩინოსნის მამხილებელი განცხადებები

ბადრი ჯაფარიძე - “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება 12-პუნქტიან რეკომენდაციაში არავის მოუთხოვია”

* * *

გიორგი კობერიძე - “თავს ნუ მოვიტყუებთ იმაზე ფიქრით, რომ რადგან თბილისში რუსული ტანკი არ დგას, ომში არა ვართ”

“ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მნიშვნელოვანი დიპლომატიური აქტია, რომელიც გულისხმობს უპირველესად იმის ჩვენებას, რომ დასავლეთს კვლავ აინტერესებს ეს ქვეყანა, საერთოდ, რეგიონი და არ აპირებს არ შეიმჩნიოს უმართებულო პოლიტიკური ცვლილებები თუ თავდასხმები. ის, რომ ქალბატონმა ჯენკინსმა გააკეთა პირდაპირი განცხადებები, ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის ეს რეგიონი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს მიგვანიშნებს იმაზეც, რომ რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მოკავშირეები დაკარგოს, მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მეტიც, სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი რისკი”, - აცხადებს საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დივერსიული საჩუქარი” ანუ როგორი იქნება ყირიმის ხიდის აფეთქებით გამწარებული პუტინის პასუხი?! / რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვა შესაძლოა მკვლელებისგან შედგება, მაგრამ ისინი ნამდვილად არ არიან თვითმკვლელები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ სურთ პუტინს ჩაჰყვნენ პოლიტიკურ თუ რეალურ სამარეში.

“ის ანტიდასავლური რიტორიკა, ბრალდებები, რაც თითქოს შეფარულად ვრცელდება, აშკარად საგარეო კურსიდან გადახვევის ცდაა. ამერიკელები ამას მშვიდად რომ არ შეხვდებიან, ესეც ცხადია. ეს ქვეყანა წლების განმავლობაში ჩვენი უდიდესი მხარდამჭერია, მან ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და უსაფრთხოებაში უდიდესი ინვესტიციები ჩადო და ბუნებრივია, მოელის, რომ პარტნიორობა იქნება ორმხრივი და საქართველო შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას და ასე უაპელაციოდ, უსაფუძვლოდ მოკავშირეზე თავდასხმებს შეწყვეტს. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვა რომ იყოს, უპირველესად იზრუნებდა შეიარაღების გაზრდაზე, სამხედრო ნაწილების მობილიზებასა და დასავლეთთან პარტნიორობის უფრო გამყარებაზე. ანაბანაა - “თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის”. განიარაღებით, მოკავშირეების გადამტერებით, მუდმივად კონფლიქტური და ორაზროვანი განცხადებებით უსაფრთხოება არ მიიღწევა. ომი არავის უნდა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაშია. თავს ნუ მოვიტყუებთ იმაზე ფიქრით, რომ რადგან თბილისში რუსული ტანკი არ დგას, ომში არა ვართ. ომის მდგომარეობაა, როდესაც დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, კლავენ, აწამებენ, არ წყდება ბორდერიზაცია, ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენს მიწებს - ომის დეფინიცია სხვა კი აღარაფერია!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ნელი ინტენსივობის კონფლიქტი. როდესაც ვამბობთ, რომ ომის თავიდან აცილება გვინდა, ეს არ უნდა ნიშნავდეს მუდმივად თავდახრით ყოფნას, მოკავშირეებთან დაპირისპირებას და თავის შეყოფას იმ ხორცსაკეპში, რომელშიც ახლა თვითონ რუსეთია გაჩხირული. ჩვენი უგუნური პოლიტიკის გამო თუ მართლაც ზურგი შეგვაქციეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს კატასტროფა ემუქრება. მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლება მუშაობს შემდეგი პრინციპით - ყველანაირი პოლიტიკა მისაღებია, რაც მას შეუნარჩუნებს სრულ ძალაუფლებას. რადგან “ქართული ოცნება” დემოკრატიული და ევროპული წესებით არ თამაშობს და მისი მოქმედება უფრო ავტოკრატიულია, ის ბუნებრივად პოულობს საერთოს რუსეთთან. მოკავშირეს კი არ ეძებს რუსეთის სახით, არამედ ცდილობს დასავლეთთან დასაშორებლად გამოიყენოს. ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში დასავლეთისადმი ნეგატიური განწყობა წაახალისონ და ამის შემდეგ დაიწყონ იმგვარი თამაში, რითაც მოახერხებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროდ, მათთვის სახელმწიფოს ინტერესების დაცვა პრიორიტეტული არ არის, მათთვის მთავარი ძალაუფლებაა. დასავლეთი მათ ხელისუფლებიდან წასვლას არ სთხოვს, მაგრამ ითხოვს პოლიტიკური თამაშის პატიოსან წესებს, რაც, როგორც წესი, ავტოკრატიული ტენდენციების მქონე რეჟიმებს არ აწყობთ. ამიტომ ცდილობენ დასავლეთს დაშორდნენ, რაც პირდაპირ უდრის რუსეთთან დაახლოებას”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების ჯგუფის საშუალებით ხელისუფლება ფიქრობს, ამომრჩეველთა დაახლოებით 5%-იანი სეგმენტი ბარემ თავისკენ მიითვალოს. თვითონ ამ ჯგუფს კი აქვს ხელისუფლების პირდაპირი და ირიბი მხარდაჭერის იმედი იმ გათვლით, რომ ხელისუფლება მათი საშუალებით შეეცდება დასავლეთისადმი სკეპტიციზმის გაზრდას, თან ნებისმიერ დროს შეეძლებათ ამტკიცონ, ჩვენ რა შუაში ვართ, ეს ხალხი ჩვენგან წავიდაო. ვაღიაროთ, ჩვენს ხელისუფლებასაც არა აქვს რაიმე განსაკუთრებული იდეა, მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. მე უფრო საშიშ თამაშს ვხედავ, სამწუხაროდ, ყოვლად უიდეო ადამიანები შეიძლება ყველაფერზე წავიდნენ. სხვა საკითხია, რომ რუსეთს თავისი გავლენის აგენტები ჰყავს საქართველოში. რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროების გაზრდას აქტიურად ცდილობს სოციალური ქსელის, ტელევიზიის, გავლენის აგენტების გამოყენებით. დღეს დასავლეთზე თავდასხმა სწორედ რუსული ინტერესების გატარებას ნიშნავს. ვინ რა მოტივით აკეთებს ამას, პირდაპირ თუ ირიბად, აღარ აქვს მნიშვნელობა. აქსიომაა, თუ თავს ვესხმით დასავლეთს, კარს ვუღებთ რუსეთს, მით უფრო დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა ძირფესვიანად იცვლება, იცვლება ძალთა ბალანსი”, - განაგრძობს ჯიპას პროფესორი.

“სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი კარგად ხვდებიან, რომ რუსული გავლენა რეგიონში სუსტდება. შესაბამისად, ხვდებიან იმასაც, რომ დღეს რუსეთთან ურთიერთობა წამგებიანია. აქედან გამომდინარე, რუსეთზე ფსონის დადებას აღარავინ ცდილობს. მოსალოდნელია რეგიონში გაიზარდოს თურქული ზეგავლენა და ამასთანვე, თავის გავლენას გაზრდის დასავლეთიც. თურქეთი, სავარაუდოდ, მოგვევლინება დამოუკიდებელ მოთამაშედ, ასევე მოთამაშედ დასავლეთთან დუეტში. ევროპაში კარგად იციან, რომ კავკასია მნიშვნელოვანი ენერგოგამტარია, შესაბამისად, სჭირდებათ სტაბილური რეგიონი. ყარაბაღის კონფლიქტი და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება ამ სტაბილურობისთვის უმთავრესი ხელის შემშლელი ფაქტორია. დღეს, ამ კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ, შესაძლოა მოხერხდეს კავკასიაში პროცესების იმგვარად წარმართვა, რაც ძალთა დაბალანსებამდე მიგვიყვანს. ამაში დასავლეთის როლი ძალიან დიდი იქნება. სწორედ ის იქნება გარანტორი, რომ ყველა ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს. რუსეთი აქამდე იყო ძალა, რომელიც წყალს ამღვრევდა რეგიონში, რათა თვითონ ადვილად დაეჭირა თევზი. მისი დასუსტების შემდეგ ასე აღარ იქნება”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე და შეკითხვაზე - `ცეცხლშია გახვეული ყირიმის ხიდი... არ წყდება ლაპარაკი, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს...” - პასუხობს:

“ჰიპოთეზურად ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, მით უფრო რთულია ამტკიცო, რომ პუტინი ამას არ იზამს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი, უპირველესად კი შიდაპოლიტიკური ვითარება, ანუ პუტინის ირგვლივ არსებული ოლიგარქიული და ე.წ. ძალოვნების წრე. რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვა შესაძლოა მკვლელებისგან შედგება, მაგრამ ისინი ნამდვილად არ არიან თვითმკვლელები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ არა სურთ პუტინს ჩაჰყვნენ პოლიტიკურ თუ რეალურ სამარეში. ვფიქრობ, რუსულ ოლიგარქიულ სისტემას ძალიან ბევრი რამ აქვს დასაკარგი, ამიტომაც ბირთვული იარაღის გამოყენებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობენ.კიდევ ერთი ტექნიკური ასპექტი - არავინ იცის, რა მდგომარეობაშია რუსეთის ბირთვული არსენალი და რომც გაისროლოს, რა ეფექტი ექნება, მიაღწევს კი დანიშნულების ადგილამდე? ყოველივე ამას სჭირდება ხანგრძლივი გამოცდა, დაკვირვება. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი იარაღი სადმე გამოცადოს და კიდევ ერთხელ დაიმუქროს, რომ შემდგომი უკრაინა იქნება...”

“სიმართლე გითხრათ, რუსეთის პოზიცია, თუნდაც ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ, როდესაც კრემლი ცდილობს მაქსიმალურად დამალოს საკუთარი მარცხი, მაინცდამაინც არ აჩვენებს, რომ რუსეთს პროცესების მეტი ესკალაცია სურს. ჩემი აზრით, არა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რეგულარულმა არმიამ არაერთი მიმართულებით იწვნია მარცხი და კრემლს მობილიზაციის გამოცხადება დასჭირდა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ომის გამოცხადებამ რა შეიძლება შეცვალოს. ჩემი აზრით, რუსეთი განწირულია მარცხისთვის. არ შეიძლება XXI საუკუნეში პუტინის წამოწყებული დაპყრობითი ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს. რუსეთს თუ გაუვიდა, ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კატასტროფა იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც დაპყრობით ომზე ბევრ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი. ჩემი აზრით, რუსეთი ახლა შეეცდება ის მაინც შეინარჩუნოს, რაც ომამდე მიითვისა, უპირველესად ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის დიდი ურბანული ცენტრები. შეიძლება ამაზე ივაჭროს”, - დასძენს კობერიძე.

ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია - რა შეთანხმება შეიძლება შედგეს კუნძულ ბალიზე

“გაირკვა როდის და სად შეხვდებიან ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები - კიევშიც და მოსკოვშიც ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე დაგეგმილ “დიდი ოცეულის” სამიტს დაესწრებიან. იქნება თუ არა ზელენსკი-პუტინის პირისპირ მოლაპარაკება და არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმების მიღწევის შანსი? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ როგორც წესი, მოლაპარაკებები არ არის ომის ალტერნატივა, ეს უბრალოდ სტრატეგიაა, რომელსაც მხარეები მიმართავენ ბრძოლის პარალელურად საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამიტომ, მათი აზრით, არც უკრაინა და არც რუსეთი ამ ეტაპზე არაფერს დათმობენ. მით უმეტეს უკრაინა, რომელმაც ბოლო ერთი თვეა ფრონტის ხაზზე სრული უპირატესობა მოიპოვა. მეორეც, რუსეთი მსგავსი მოლაპარაკებების დროს სანდო არ არის და მან შესაძლოა ეს დროის მოგების მიზნით გამოიყენოს. ამიტომ ინდონეზიაში გამართული შეხევდრიდან ანალიტიკოსები რაიმე მნიშვნელოვან გარდატეხას არ ელიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია - რა შეთანხმება შეიძლება შედგეს კუნძულ ბალიზე.

“არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც საერთოდ კითხვის ქვეშ აყენებს ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრას - ოქტომბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებას. მასში ნათქვამია, რომ ასეთი მოლაპარაკება მხოლოდ რუსეთის შემდეგ პრეზიდენტთან შეიძლება შედგეს. დაზავების პირველი მცდელობა იყო 28 თებერვალს, სანამ რუსული ჯარები ჯერ კიდევ სწრაფად მიიწევდნენ კიევისკენ, ორივე ქვეყნის დელეგაცია უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდა. დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა “ზონა” წერდა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვდა უკრაინისგან, უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე. რუსული უნდა გამოცხადებულიყო მეორე სახელმწიფო ენად. ასევე, უკრაინას უნდა ეღიარებინა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილი, დონეცკი და ლუგანსკი კი - დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. გარდა ამისა, უკრაინაში უნდა აკრძალულიყო ნაციონალისტური პარტიები და მას უარი უნდა ეთქვა ნებისმიერი სახის შეტევით იარაღზე. მარტში მოლაპარაკებების კიდევ სამი რაუნდი შედგა. 10 მარტს კი ანტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის და უკრაინის საგარეო მინისტრები, სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება. თურქეთის საგარეო მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც დიალოგს მედიატორობდა, თქვა, რომ „ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დელეგაციების ბოლო შეხვედრა 29 მარტს სტამბულში გაიმართა. მოლაპარაკების დასასრულს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა უარი თქვას ნატოში შესვლაზე და 15 წლით გაყინოს ყირიმის სტატუსი. სანაცვლოდ რუსული ჯარები უნდა დაბრუნდნენ იმ პოზიციებზე, რა პოზიციებზეც იდგნენ 24 თებერვლამდე, უკრაინამ კი ნატოს ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს. თუმცა, რუსეთი შეუვალი იყო - ყირიმის სტატუსის გადახედვა დღის წესრიგში არასდროს დადგება. ეს იყო უკრაინული დარუსული მხარეების წარმომადგენელთა მიერ პირისპირ გამართული ბოლო ოფიციალური მოლაპარაკება. ორ დღეში ცნობილი გახდა ბუჩის ჟლეტის შესახებ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ინდონეზიაში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა არაფერს გადაწყვეტს, მაგრამ იმას მაინც გაიგებენ, ვინ რაზეა წამსვლელი. გამოჩნდება პუტინი რის დათმობას აპირებს და წავა თუ არა ვა-ბანკზე. ზაქარეიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ერთი კვირის წინ ზელესკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უშუალოდ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება გამორიცხულია. ამიტომ ცოტა გასაკვირია რაზე შეიძლება სამიტზე ისაუბრონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ზელენსკი ამბობს, რომ ვიდრე რუსეთს ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება, ის პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპრირებს. ეს ცოტა უცნაურია, რადგან ზელენსკიმ თავი ამ კანონის მძევლად აქცია. თუ შეხვედრა შედგება და მოლაპარაკება მოხდა, მაშინ ზელენსკიმ მოლაპარაკებაში ჩართვა რაღაცით უნდა გაამართლოს. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრიდნ არავინ ელის, რომ ომი დასრულდება და რომელიმე მხარე რამეს დათმობს, მაგრამ შეხვედრად ღირს. მთელი ჩემი ცხოვრება მოლაპარაკებებში ვიყავი, ზოგჯერ ისეთშიც, სადაც ვიცოდი, რომ არაფერი გამოვიდოდა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებაზე მაინც შევდიოდი. ამიტომ პუტინის და ზელენსკის შეხვედრა დიპლომატიური თვალსაზრისით კარგი იქნება, რადგანაც გაირკვევა საბოლოოდ პუტინი არის თუ არა რაიმე დათმობაზე წამსვლელი. მოლაპარკების დროს პირისპირ ისეთი რამის თქმა შეგიძლია, რასაც, მაგალითად, ტელევიზიიდან და შუამავლების საშუალებით ვერ ეუბნები. ამიტომ შეხვედრად ღირს, მაგრამ არ მგდონია ვინმეს იმის მოლოდინი ჰქონდეს, რომ ან ზელენსკი წავა რამე დათმობაზე და ან პუტინი“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“პუტინი უნდა დაითანხმონ, რომ ცეცხლი შეწყვიტოს. მაგალითად, ქართული ვარიანტი - ჩვენ შევწყვიტეთ ცეცხლი და მოლაპარაკებები ჟენევაში დავიწყეთ. მართალია, ამ ჟენევის მოლაპარაკებებს დავცინით, მაგრამ ხალხის ხოცვას და ომს ნამდვილად სჯობია. დასავლეთმა შეიძლება რუსეთის წამოყვანა ამაზე სცადოს - რომ ყირიმსა და დონბასზე შემდეგ იყოს საუბარი. თუმცა აქ ჩნდება პრობლემა - დასთანხმდება კი უკრაინა მსგავს წინადადებას? ზელენსკი საკუთარ თავს ამ ომში უკვე წარმატებულად მიიჩნევს და რაც უფრო დრო გავა, პუტინი უკრაინაში კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა. ამიტომ უკრაინამ გრძელვადიან მოლაპარაკებებში რატომ უნდა გადაიტანოს ყირიმის საკითხი, როცა ახლა ომით მისი გათავისუფლება შეუძლია?! უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ აქვს უფლება ამაზე იფიქროს. მაშინ რატომ დაიღვარა ამდენი ადამიანის სისხლი? - იკითხავენ უკრაინელები. ეს შესაძლოა ზელენსკის წაგებად ჩაუთვალონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გარდა ამისა, რუსეთის ნდობა ასეთ მოლაპარაკებებში ნაკლებად შეიძლება. ამიტომ არ ველი, რომ ამ შეხვედრიდან რაიმე რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, ბევრი რამ მაინც დასავლეთზეა დამოკიდებული. შესაძლოა ზელენსკიმ მათ მოუსმინოს, რადგან დიდწილად უკრაინა მათი დახმარების მეშვეობით არის ამ ომში წარმატებული. თუმცა პუტინის დათანხმება ბევრ რამეზე ძალიან რთული იქნება”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა რაიმე ცვლილებას არ მოიტანს და არავის აქვს იმის ილუზია, რომ პუტინი და ზელენსკი ინდონეზიაში რამეზე შეთანხმდებიან. მენაღარიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მხარეები ზოგიერთ დეტალზე შეთანხმდნენ, თუმცა ომის დასრულება ნაკლებად არის მოსლოდნელი. ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ უკრაინას დასათმობი არაფერი აქვს, ის საკუთარ ტერიტორიებს რუსეთს ვერ დაუთმობს, ამიტომ თუ ვინმემ რამე გადაწყვეტიება უნდა მიიღოს, ეს რუსეთია, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად არის მოსალოდნელი”, - დასძენს გამოცემა.

“ამ შეხვედრიდან რაიმე პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუმცა შეხვედრა ცუდი არ არის და მოლაპარაკებების პროცესი რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უკეთესია. ეს ომი ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. დასავლეთის რესურსიც შეუზღუდავი არ არის და უკრაინას ასე მუდმივად ვერ დაეხმარებიან. იქაც გაჩნდება პრობლემები და ალბათ ზამთარში ეს უფრო შესამჩნევი გახდება. რუსეთს კი მით უმეტეს ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს. პუტინმა ფაქტობრივად ჩამოანგრია როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე ჯარი, რომელიც ვხედავთ რა მდგომარეობაშია. ამის მიუხედავად, მისი მხრიდან დათმობაზე საუბრი რთულია. თუმცა პუტინის მოლაპარაკება ყველაზე მეტად სჭირდება. ის გამოსავალს ეძებს და ცოტა ხანში არანაირი რესურსი აღარ ექნება. დიპლომატიურ ველზე უკრაინამ ფაქტობრივად ყველა სვლა მოუგო და მთელი დასავლეთი მის წინააღმდეგ არის”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენარაღიშვილი.

“მიუხედავად ამის, ამ გამოსავლის პერსპეტქივას ნაკლებად ვხედავ. რაღაცა მოდულზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც უკრაინასაც აწყობს და რუსეთსაც. ზელენსკი ამბობს, რომ თუ რუსეთი მთლიანად მისი ტერიტორიიდან არ გავა, არანაირი შეთანხმება არ იქნება მისაღები. პუტინი ამაზე რომ დასთანხმდეს, მაშინ ომის წაგება უღიარებია და ეგაა. ეს კი მისი განაჩენია. შესაძლოა ეს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს, რადგანაც მას ამ წაგებას და საკუთარი ხალხის ხოცვას რუსეთში არ აპატიებენ. ამიტომ ძალიან დიდი დილემის წინაშე დგას მთელი მსოფლიო - რა გამოსავალი ნახონ, რომ ეს ომი დასრულდეს”, - თვლის მენაღარიშვილი. მისივე თქმით, თუ პუტინი ამ კონფლიქტის გაყინვას და დაკონსერვებას შეეცდება, მას ამის რესურსიც უნდა ჰქონდეს. თუკი უკრაინა ამაზე არ წავიდა და მან შეტევა გააგრძელა, პუტინს სჭირდება ჯარი იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინელების შეტევები მოიგერიოს. უკრაინელებმა კი იციან, რომ თუ ეს კონფლიქტი გაიყინა, რუსების ქვეყნიდან გაძევება კიდევ დიდი ხნით გაჭიანურდება. ამიტომ არც ერთი მხარე დათმობაზე ამ ეტაპზე არ წავა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ კაპანაძე - “დიახ, ნატო დაარტყამს რუსეთს...”

“უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის საფუძველი უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობაა. ნებისმიერ ომსა და ბრძოლაში საუკეთესო საბრძოლო სისტემა ადამიანია, მაგრამ დასავლეთისა და ამერიკის წვლილის დაუნახაობაც არ შეიძლება. სულ რაღაც 17-20 `ჰაიმარსით~ 400-ზე მეტი რუსული სამიზნე, საწყობები და მართვის პუნქტები გაანადგურეს. ევროპამ სწორად აღიქვა იმ ვითარების სიმძიმე, რომელსაც პუტინის რეჟიმი ქმნიდა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა, რაც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ მარცხს მოასწავებს”, - აცხადებს საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, ნატო დაარტყამს რუსეთს...”

“თუმცა რუსეთი ცდილობს თავის შიდა აუდიტორიას დაუმტკიცოს, რომ მიზანი თითქმის მიღწეულია და თვალსაჩინოებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმი ჩაატარა, რითაც წარმოაჩინა, რომ ვითომ რუსეთი გაფართოვდა. ქალაქ ლიმანშიც კი ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც რამდენიმე დღეში უკრაინელებმა გაათავისუფლეს. ომის დაწყების პირველ ხანებში პუტინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას ავალებდა, ახლა კი, რეფერენდუმის ჩატარების წინ, განაცხადა, რომ კრემლი აღიარებს იმ ტერიტორიას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა პირველადი ამოცანა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამით შიდა აუდიტორიას ეუბნება, ახლა უკრაინას კი არ ვებრძვით, ჩვენს ტერიტორიას ვიცავთო. თუნდაც ხერსონში რუს სამხედროებს უკვე თავიანთ ქვეყანაში თავდაცვითი ბრძოლა უწევთ. ეს იმ რეზერვისტების მოტივაციაზეა გათვლილი, რომლებიც ახლა გაიწვიეს - ანუ რუსეთის ტერიტორიის მიღმა კი არა, ჩვენივე ქვეყანაში ვცდილობთ მტრის შეკავებას აგრესიისგანო. არა მგონია, მობილიზაციამ საერთო სურათი შეცვალოს, რადგან პროტესტის მიუხედავად, სულ რაღაც 10 დღეში 200 ათას კაცს მოუყარეს თავი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“რუსეთს სამხედრო რესურსი კიდევ აქვს. ასეთ სწრაფ მობილიზაციას მინუსებიც აქვს - გასულ ზაფხულს 130 ათასზე მეტი კაცი გაიწვია, რისთვისაც თვეზე მეტი დასჭირდა. ამ სისწრაფეში უამრავი პრობლემა გაჩნდა, მაგრამ ეს მასებზე გარდამტეხ გავლენას ვერ მოახდენს. უკვე პრობლემებია მომზადებაში, მომარაგებაში, აღჭურვილობაში, კვებაში, სამედიცინო დახმარებაში, გამოიწვევს პროტესტს, მაგრამ ამას კრემლი დიდად არ დაგიდევთ. თუ დასჭირდა, სხვადასხვა მექანიზმით ისევ შეყრის მოქალაქეებს კომისარიატში, მაგრამ ის რაოდენობა, რომელიც შეკრიბეს, შეტევაში ვერ წაადგება, მაგრამ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება, იმ ღრიჭოებს ამოავსებს, რომელიც ათასობით კილომეტრზე გაჭიმულ ფრონტზე უკრაინელების წარმატებულმა კონტრშეტევებმა წარმოქმნა. რუსეთი არასდროს უფრთხილდებოდა თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ამიტომაც განაგრძობს მობილიზაციას. რუსებს აიძულებენ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ, იმ რაიონებში კი, საიდანაც მოსახლეობის მასობრივად გადინებაა, მოძრავი კომისარიატები გახსნეს. ისინი უკვე აამუშავეს საქართველოს, ყაზახეთის, მონღოლეთის, ფინეთის საზღვრებთან. ეფ-ეს-ბე გაქცევის მსურველ მოქალაქეებზე დადარაჯებულია, აკავებენ და კომისარიატში მიჰყავთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რამდენიმე რეგიონში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პაციენტს ექიმებთან ერთად თეთრხალათიანი სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები დაადგნენ თავს, ოჯახის წევრები აღრიცხეს ვითომ ეპიდემიის გამო, სინამდვილეში კი სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ასაკის მამაკაცების მონაცემები ჩაინიშნეს. ლოთები და პატიმრებიც კი შეაგროვეს. ასობით პატიმარი ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. შესაძლოა დამატებითი კონტროლისთვის “ენ-კა-ვე-დეს” ტიპის დანაყოფები შექმნან, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო კომისარიატებსა და სასაზღვრო უწყებებში მკაცრ შემოწმებას დაიწყებენ. დიდი ალბათობით, ეს არ შეეხება ეფ-ეს-ბეს, პოლიციასა და მესაზღვრეებს, რომელთაც ახლა წახალისება სჭირდება, რომ გულმოდგინედ იმუშაონ”, - ამბობს გენერალ-მაიორი.

“თუ ცალკეულ ერთეულებს არ ჩავთვლით, რუსეთის არმიას თანამედროვე ტიპის საბრძოლო ტექნიკა წლების განმავლობაში არ მიუღია. ჯავშანტექნიკას, რომელსაც დასავლეთი რუსეთს აძლევდა, ავღანეთში ამბოხებულთა წინააღმდეგ იყენებდნენ. ცხადია, არ ვგულისხმობ M113-ის მოდელის ჯავშანტრანსპორტიორებს, რომელიც დასავლეთიდან მიიღეს, ოღონდ ძირითად კი არა, დამხმარე საბრძოლო ტექნიკად გამოიყენება. რუსებს უჭირთ ტანკების წარმოება და ბრძოლის ველზე გაშვება, რადგან თანამედროვე ტიპის ნავიგაციისა და დამიზნების ახალი სისტემა, რომელსაც დასავლეთიდან იღებდნენ, აღარ გააჩნიათ. რუსეთს შეუძლია ძველი სტილის ტანკების წარმოება, მაგრამ მისი ნავიგაცია და ცეცხლის მართვის სისტემები უკრაინელების სუპერთანამედროვე ტექნიკას კონკურენციას ვერ გაუწევს”, - ამტკიცებს ვახტანგ კაპანაძე და შეკითხვაზე - “ამერიკის პრეზიდენტი პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე რეალურ რისკად მიიჩნევს...” - პასუხობს:

“პუტინი ჯერ არ არის ამაზე წამსვლელი, რადგან ჩიხში მოქცეულად ჯერ არ გრძნობს თავს, ჯერ კიდევ ჰყავს მოკავშირე ბელარუსი; ჰყავს ის 200 ათასი კაცი, შეკრებილი 21 სექტემბრის ნაწილობრივი მობილიზაციის დროს და თუ დასჭირდება, კიდევ გამოაცხადებს გაწვევას. რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ეფექტური და შეუცვლელი იარაღია კრემლის ხელში. რუსეთში სამხედრო კრიზისი ახლა იწყება და თუ უფრო გამწვავდება, შეიძლება იფიქროს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ერთი მოსაზრებით, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ის არც ზემცირე იქნება, არც საშუალო რაოდენობის, რადგან თუ ამ ნაბიჯზე წავა, შოკური ეფექტის მოხდენას მოინდომებს. მოსალოდნელია ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული საშუალება გამოიყენოს, ვიდრე ტაქტიკური ან სტრატეგიული, ისიც მცირე მოცულობის. შესაძლოა ეს იყოს ოპერატიულ სიღრმეში მოწინააღმდეგის ობიექტების გასანადგურებლად გაკეთებული გასროლა”.

“ბირთვული იარაღის გამოყენება მთლად პუტინისა და მისი გუნდის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ამის გამოყენებას მომზადება სჭირდება, რასაც დასავლეთის დაზვერვა ძალიან ყურადღებით აკვირდება. საქმე ის არის, რომ ტაქტიკური ბირთვული რაკეტის მცირე და ზემცირე ჭურვის გამოყენება შედარებით შეუმჩნევლად შეიძლება, ვიდრე სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტის მომზადება და გაშვება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს ამომცნობი ინდიკატორები. თუ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ტაქტიკური ან ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა, მუქარას შეუსრულებენ _ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალებს, ასევე შავი ზღვის ფლოტს სრულად გაუნადგურებენ. ამისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება არც დასჭირდებათ _ დღევანდელი რუსული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დასავლეთს მარტივად შეუძლია კონვენციური საშუალებებითაც გაუმკლავდეს მათ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“უკიდურესი სცენარიც რომ განვიხილოთ, ბირთვული დარტყმა გამოიწვევს რადიაციულ ღრუბელს, რომელიც ევროპაში გავრცელდება. მისი შეღწევა კი ნებისმიერ შემთხვევაში ავტომატურად რთავს ნატოს “მეხუთე მუხლს” და ალიანსი ბრძოლაში ერთვება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ზემცირე ან მცირე ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს, რომლის რადიაციული ღრუბელი არ გასცდება უკრაინის ტერიტორიას, რამდენიმე ქვეყანას, მაგალითად, ბრიტანეთს, ამერიკასა და პოლონეთს გაცხადებული აქვთ, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც საპასუხო დარტყმას გულისხმობს. ასე რომ, თუ მართლაც მსჯელობენ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, კრემლი ამ ორი მძიმე არჩევანის წინაშე დგას და ორივე შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგს მიიღებს. ვფიქრობ, შემდეგი წლის გაზაფხულისთვის ლენდ-ლიზის პროგრამით მიღწეული უკრაინელთა უპირატესობა შესამჩნევი გახდება და გარდატეხასაც იმ პერიოდისთვის უნდა ველოდოთ. ამის შემდეგ უფრო ადვილად პროგნოზირებადი გახდება, რა ნაბიჯებზეა წამსვლელი რუსეთი”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე.

რითი დასრულდება კრიზისი ენმ-ში - პარტიის თავმჯდომარის მოტეხილი ხელი და ყოფილი მაღალჩინოსნის მამხილებელი განცხადებები

“ენმ-ში შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ჯერ კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო თოფურიძემ დაადანაშაულა არამიზნობრივ ხარჯებში. შემდეგ კი გავრცელდა ცნობა პარტიის ოფისში მომხდარ ჩხუბზე, რომლის დროსაც ენმ-ს თავმჯდომარემ ხელი მოიტეხა. მელია ამ ცნობას უარყოფს, ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ “ნაცმოძრაობაში” ერთიანობის შენარჩუნება საკმაოდ ძნელი იქნება და ახლო მომავალში მას შესაძლოა ახალი ჯგუფი გამოეყოს, რის შედეგადაც შესაძლოა ენმ-მ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი დაკარგოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რითი დასრულდება კრიზისი ენმ-ში - პარტიის თავმჯდომარის მოტეხილი ხელი და ყოფილი მაღალჩინოსნის მამხილებელი განცხადებები.

“ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიის ოფისში “ნაცმოძრაობის” ლიდერებს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც ხელი მოიტეხა. თუმცაღა ადასტურებს, რომ დაზიანება მართლაც აქვს, მაგრამ ეს “სპორტული აქტივობის დროს მიიღო”, თუმცა “ხელი არ მოუტეხია”. “ოცნებას” კი მიაჩნია, რომ პარტიაში შიდა კლანური ბრძოლაა, საჯაროდაც არ ერიდებიან ამაზე საუბარს და “„ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან”. რაც შეეხება სოსო თოფურიძის ბრალდებას, იგი აცხადებს, რომ პარტიას მელიას შენახვა წელიწადში 1.5 მილიონი ლარი უჯდება. ამასთან, თოფურიძე სხვა მამხილებელი ინფორმაციის გავრცელებასაც აანონსებს და სოციალურ ქსელში წერს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ელოდოს ჩემგან ბადის სტყორცნას! დაპირისპირება მიღებულია! ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!” როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს, შესაძლოა ენმ-ში მართლაც ცხარე შიდა დაპირისპირებაა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. სააკაშვილის მხარდამჭერები შესაძლოა იმით იყვნენ უკმაყოფილო, რომ პატიმრობიდან მის გასათავისუფლებლად მელია ისე აქტიურად არ იბრძვის, როგორც ამ ფრთას სურს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბევრი მიუთითებდა, მათ შორის სააკაშვილის ბიძა, რომ პარტიაში რადიკალიზმი არასაკმარისია და მიშას გასათავისუფლებლად არ იბრძვითო. ამ ბრძოლაში სავარაუდოდ რევოლუცია იგულისხმება, ან ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლით არსებული ხელისუფლების იძულება, რომ მიშა გათავისუფლდეს. თუ მეხსიერება არ მღალატობს, მელიამ ადრე ეს რადიკალიზმის ხაზი გააკრიტიკა იმ მხრივ, რომ რადიკალურად განწყობილი საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილია და თუ არჩევნებში გამარჯვება გვინდა, საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ნაწილის ინტერესები უნდა მოვიცვათო. ეს უკვე გულისხმობდა იმას, რომ ისეთი რადიკალურები აღარ უნდა ვიყოთ, როგორც ამას მიშას მხარდამჭერების ნაწილი ითხოვსო. ეს უკვე სხვა სტრატეგიაა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებაზეა ორიენტირებული. მეჩვენება, რომ ამჟამად რადიკალებსა და არარადიკალებს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება და თუ ამ თვალით შევხედავთ, ერთი რამ ცხადია - რადიკალებისთვის მიშას ფიგურაა გადამწყვეტი და სხვა ყველა ფიგურები უკვე აქედან გამომდინარე შეფასდება. მელია რაღაც ფრაგმენტებში მიშას მიმართ კრიტიკული ისედაც იყო და ამდენად, სავარაუდოა, რომ ამ ჯგუფისთვის მელია მეტ-ნაკლებად მიუღებელი იქნებოდა. შესაბამისად, დაპირისპირებებია და ამასთან ცხარეც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“პარტიაში დაპირისპირება რითი დამთავრდება, ძნელი სათქმელია. მე მგონი მაინც რადიკალური ჯგუფი რადიკალურ და მცირე ჯგუფად დარჩება და მელია თუ პოლიტიკაში დარჩა, ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მოუწევს. ალბათ მელია ენმ-სათვის მეორე პარტიის საპატიო სტატუსს ვერ შეინარჩუნებს, რადგან ეს მეორეობა იმ ადამიანთა ხარჯზეა, ვინც რადიკალიზმს და მიშას უჭერს მხარს. როგორც ვხედავთ, ენმ-ს ყოფილი ფუგურები როგორც კი მიშას დაშორდნენ, რეიტინგი ყველამ დაკარგა. ანუ პირადად მიშას რეიტინგი გამოდის. ამიტომ ვინც არ უნდა იყოს, თუ მიშა არ იქნება, იმ რაოდენობის ხალხს, რომ პარტია მეორე ადგილზე გაიყვანოს, ალბათ ვერავინ მოაგროვებს. ალბათ მელიაც ბოკერიას, გიორგი ვაშაძის, “გირჩის” ბედს გაიზიარებს. დავით ბაქრაძე, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო, საერთოდ გაქრა. ბაქრაძე “ნაციონალებს” შორის ყველაზე ნაკლებ რადიკალური იყო”, - დაასკვნის საყვარელიძე.

“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ შესაძლოა პარტიაში გარკვეული უთანხმოება მართლაც იყოს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. “შესაძლოა ვინმე თვლის, რომ უფრო მეტი აქტიური ქმედებებია საჭირო თუნდაც სააკაშვილთან დაკავშირებით. რაღაც უთანხმოება არის და ყველა პარტიაში შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს. შესაძლოა პარტია არ დაიშალოს, მაგრამ ადრე როგორც მოხდა, შეიძლება ენმ-ს ნაწილი გამოეყოს”, - განაცხადა ჩიტაძემ. თუმცამისი აზრით “პარტია ლიკვიდაციას არ გამოაცხადებს, რადგან მთავარი ოპოზიციური ძალაა”, - დასძენს გამოცემა.

ბადრი ჯაფარიძე - “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება 12-პუნქტიან რეკომენდაციაში არავის მოუთხოვია”

“პარტია “ლელო” მობილიზებულია და მუშაობს ხალხთან როგორც რეგიონებში, ასევე პარლამენტსა და საკრებულოებში. ვცდილობთ ოპოზიციური პარტიის რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას და ევროპარლამენტის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში წვლილის შეტანას. ხალხს არ მოსწონს ეს ხელისუფლება და სურს რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, მაგრამ ეს ჯერ ვერ ხერხდება და ამიტომ ოპოზიციაზეც ბრაზობს. მას უნდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც სწრაფად მოახდენს ქვეყნის ინტეგრირებას დასავლურ სტრუქტურებში, სწრაფად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ქვეყანაში ინვესტიციებს მოიზიდავს და მისცემს უსაფრთხოების გარანტიას. ჩვენი საზოგადოების 85% ევროპაში სწრაფი ინტეგრაციის მომხრეა და უკმაყოფილოა, რომ მმართველი გუნდი ლანძღავს სტრატეგიულ პარტნიორებს, თავს ესხმის ამერიკის ელჩს და ომის დაწყების ცდაში ადანაშაულებს, არ აკრიტიკებს აგრესორ ქვეყანას და საერთაშორისო ასპარეზზე სიტყვასაც არ ძრავს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, - აცხადებს პარტია “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია”.

“აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსმა პირდაპირ თქვა, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმა რუსული დეზინფორმაციის შემადგენელი ნაწილია.ოპოზიცია კი აკეთებსიმას, რასაც უნდა აკეთებდეს ოპოზიცია ასეთ სიტუაციაში - ჩვენ ვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ გვაქვს მკაფიო გეგმა და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე. სხვა გამოსავალი არ არის. ახლა ყველანაირად ვცდილობთ, რომ შესრულდეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, მაგრამ რაც უფრო მეტს ვცდილობთ, მით ვრწმუნდებით, რომ “ქართული ოცნების” ხელში სტატუსს ვერ მივიღებთ. იმიტომ, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სასამართლოს რეფორმირება და კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაა. “ქართული ოცნება” კი არ აღიარებს, რომ სასამართლოს კლანი მართავს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, ამ რეკომენდაციას არ შეასრულებს. ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ დეოლიგარქიზაციას, “`ქართული ოცნება” კი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის ოლიგარქიული მმართველობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“ევროკავშირს არ დაუსვამს ჩვენთვის საკითხი, უკრაინის კანონი მიიღეთ საქართველოშიო. შეერთებული შტატების ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს და ამით პირდაპირ მიანიშნა, რომ უკრაინული კანონის საქართველოში გადმოტანას არავინ გვთხოვდა. ერთია, რას ამბობს და აპირებს “ქართული ოცნება”, და მეორე, რა მოითხოვეს ევროპელმა პარლამენტარებმა. ისინი გვეუბნებიან, ქვეყანა გაათავისუფლეთ ოლიგარქიული მმართველობისგანო, ესე იგი, მმართველობის შეცვლაზეა საუბარი. “ქართულმა ოცნებამ” კი უკრაინული მოდელის გადმოღება გადაწყვიტა ოპონენტებთან ბრძოლის იარაღად გამოსაყენებლად. პირიქით აკეთებს ყველაფერს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია არის საკითხის სისტემური გადაჭრა - კერძო ჯგუფს არ უნდა შეეძლოს მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე მისთვის საჭირო ხალხის დანიშვნა. “ქართული ოცნება” ამას არაფრად აგდებს, როგორც სხვა ყველაფერს, მაგრამ საბოლოო არბიტრი ამ საკითხში ხომ მაინც ევროკავშირია. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება 12-პუნქტიან რეკომენდაციაში არავის მოუთხოვია. ევროპელმა კოლეგებმა განგვიმარტეს, რომ მთავარია სასამართლოსა და მართლმსაჯულების გავლენისგან გათავისუფლება, ინსტიტუციების გაძლიერება, მმართველობის გადანაწილება და ამის შემდეგ დეოლიგარქიზაციაც თავისთავად მოხდებოდა. ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ პოლიტიკური დევნის ახალ ტალღას”, - განმარტავს “ლელოს ლიდერი” და შეკითხვაზე - “ესე იგი, შეიძლება ისევ გახდეთ სამართლებრივი დევნის ობიექტი?” - პასუხობს:

“ქართული ოცნებისგან” ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვით ჩვენს გეგმაზე, რომელიც საქართველოს სწრაფ ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით. ხალხი თავად გადაწყვეტს, როდის იქნება არჩევნები. ჩვენი აზრით, ოპოზიციამ საზოგადოების სურვილი უნდა გამოხატოს. იმედია, საზოგადოება აცნობიერებს, რა ბარიკადებს უქმნის “ქართული ოცნება” ისტორიული განვითარების გზაზე და არჩევნებზე, ვადამდელი იქნება ის თუ რიგითი, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა