პარტია „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრულფასოვნად ზრუნვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს და მას უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლო უფლება.
როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, ამისთვის სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, რაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას გულისხმობს.
„ვფიქრობ, ეს პროცესები რაც მალე დასრულდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სიჯანსაღისთვის, თვითონ სააკაშვილისთვის, მისი მომხრეებისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის. უნდა დასრულდეს იმით, რომ თვითონ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და ნორმალურ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში იყოს შესაძლებელი მისი გასამართლება, ამის სამართლებრივი მექანიზმი არსებობს-სასჯელის გადავადება. ეს არ უნდა „ქართულ ოცნებას“ რომ გააკეთოს და უნდა, მუდმივად ამ თემაზე იყოს ყველგან საუბარი, ინერვიულოს მისმა მომხრეებმა, ტელევიზიებმა, არ ვიცი, შეიძლება შიგნით მანიაკებიც არიან და მოსწონთ, საუბარი, რომ „სააკაშვილი ცუდად არის“. ყველა შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის სჯობს, სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობა და შესაბამის სასამართლო პირობებში მოხდეს მისი გასამართლება“,-განაცხადა დოლიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი „ქართული ოცნების“ საყვარელი თემაა, რაც „ზიზღის პოლიტიკის გაგრძელებაა“.
„ოცნება“ სააკაშვილს თვითონ „აცოცხლებდა“, როდესაც უკრაინაში იყო, თვითონ უფრო ხშირად ახსენებდნენ სააკაშვილს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მათთვის არის საყვარელი თემა, რაც ზიზღის პოლიტიკის გაგრძელებაა“,-განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით იბრძვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.