ემილ ავდალიანი - გრძელვადიანი ტრენდი ცალსახაა - შავი ზღვა დღევანდელი გეოპოლიტიკის ეპიცენტრს წარმოადგენს

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიოში მომხდარ ცვლილებებსა და საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრობლემებზე “ინტერპრესნიუსი“ ჯეოქეისის აღმოსავლეთის მიმართულების დირექტორს და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, ვიდრე სხვა თემებს შევეხებით, სწორი იქნება თუ ჩვენს საუბარს რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების - კიევის, დნეპრის, ჟიტომირის, ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის დაბომბვის თემით დავიწყებთ, რომლის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.

8 თვეა გრძელდება უკრაინაში რუსული აგრესია და ასეთი დაბომბვები რუსეთისგან აღარ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ, ვითარებაში, როცა მოსკოვი კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვს, მსგავსი დაბომბვა რუსებს არ უნდა ჩაედინათ, მაგრამ, დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ მომხდარი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე რუსული პასუხი იყო.

ანაც იმაზე, პასუხი, რომ მანამდე უკრაინამ დაბომბა ბრიანსკის პოლიგონი, კურსკში დრონების ცენტრისა და ბელგოროდში - C-300 რაკეტების გამშვები სისტემები.

არადა, მოსკოვს ნამდვილად უნდა კიევთან მოლაპარაკებების დაწყება, რაზეც უკრაინული მხარე არ თანხმდება და პირობად უკრაინიდან რუსული ჯარის სრულად გაყვანას მოითხოვს.

უკრაინაში ომია და დაბომბვები არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომში რუსული მხარის ქცევასა და მოქმედებას?

- ვფიქრობ, რომ ეს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების პასუხი იყო. ისიც ნათელია, რომ რუსეთს მსგავსი მასიური შეტევების განსახორციელებლად შეიძლება დიდი ხანი არ ჰქონდეს შესაბამისი რაკეტების მარაგი. რუსეთის მიერ უკრაინის მორიგი დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოსკოვი არ აპირებს უკან დახევას უკრაინასთან დაკავშირებულ რომელიმე საკითხზე და რომ მზადაა ამისთვის ყველა ზომა გამოიყენოს.

რუსეთის მიერ უკრაინის მორიგი დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოსკოვი არ აპირებს უკან დახევას უკრაინასთან დაკავშირებულ რომელიმე საკითხზე და რომ მზადაა ამისთვის ყველა ზომა გამოიყენოს

ამასთან ერთად, ასეთი ტიპის შეტევები სამხედრო კუთხით პრაქტიკულად არაფრის მომტანია რუსეთის სტრატეგიული მიზნებისთვის. პირიქით, ისინი აძლიერებენ დასავლეთის სურვილს უკრაინას დაეხმაროს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინის მოსახლეობაში მეტ ერთიანობას აღვივებენ.

ამ ბოლო დროს უკრაინაში რუსეთის ქმედებებში სულ უფრო ნაკლებ სტრატეგიულ ხედვას აქვს ადგილი. ფაქტობრივად, მოსკოვი ცდილობს მიაღწიოს იმას, რისი მიღწევისთვის მას საკმარისი რესურსი არ გააჩნია.

რუსეთი უკრაინაში შეეჯახა იმას, რასაც ევროპელი დამპყრობლები ხვდებოდნენ საკუთრივ რუსეთში წინა საუკუნეებში: უზარმაზარი ტერიტორია, ცუდი გზები და ამინდები. არსებულ პირობებში უკრაინაში რუსეთის მიერ მყარი სამხედრო გამარჯვების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც უფრო მეტად ხვდებიან ამას მოსკოვში, სულ უფრო მეტ სისასტიკეს და ომის ესკალაციას ექნება ადგილი.

არსებულ პირობებში უკრაინაში რუსეთის მიერ მყარი სამხედრო გამარჯვების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც უფრო მეტად ხვდებიან ამას მოსკოვში, სულ უფრო მეტ სისასტიკეს და ომის ესკალაციას ექნება ადგილი

- ფაქტია, რომ უკრაინის ომის ფონზე დროდა დრო იზრდება დაძაბულობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ აზერბაიჯანმა მოსკოვთან და ანკარასთან აქტიური თანამშრომლობითა შეძლო ყარაბაღის კონფლიქტის თუ ბოლომდე გადაწყვეტა არა, ვითარების იქამდე მიყვანა, რომ მალე ევროპის მოდერაციით ბაქო და ერევანი ხელს მოაწერენ ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რაც მხარეების მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასაც ითვალისწინებს.

გასაგებია, რომ ყარაბაღის სტატუსის თემაზე ბაქოსა და ერევანს განსხვავებული პოზიციები აქვთ, მაგრამ ამ თემაზე რომ მუშაობა გაგრძელდება, ცხადია.

ყარაბაღისთვის აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიამდე იყო დასრულებული, მაგრამ თქვენი დაკვირვებით უკრაინის ომს რა გავლენა აქვს სამხრეთ კავკასიაზე? ამ პროცესების ფონზე სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საქართველო?

- დღეს, საქართველო გარშემორტყმულია ერთდროულად რამდენიმე მასშტაბური გეოპოლიტიკური კრიზისით. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წინააღმდეგობა ახალ ეტაპზე გადადის. რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება ღია ორთაბრძოლაში ტრანსფორმირდა, რომლის ხანგრძლივობა, დიდი ალბათობით, მინიმუმ, ათწლეულზე გაიწელება.

ჩვენი ყველა მეზობელი დაკავებულია მოკლე და გრძელვადიანი პრობლემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წინაშე რამდენიმე წელიწადზე, თუ არა ათწლეულზე, გაწელილი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება საგარეო პოლიტიკაში მეტი მანევრირებისთვის. სხვა სიტყვებით, დღეს, რეგიონში საქართველო ყველას სჭირდება

თურქეთი დაკავებულია შიდა პრობლემებით და რეგიონში საკუთარი პოზიციით გადაფასებით, ხოლო ირანში კი შიდა არეულობაა. მოიტანს განსაკუთრებულ შედეგებს თუ არა ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე გამოსვლები, ირანის ეკონომიკური პოზიციები შესუსტებული იქნება მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში. მისი გეოპოლიტიკური ვექტორი კი აშშ-სთან პაექრობასა და სამხრეთ კავკასიაში თურქული გავლენის ზრდის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოსთვის ამ კრიზისების კასკადი დიდ გამოწვევას წარმოადგენს. გამოწვევებთან ერთად ბევრი შესაძლებლობაც არის. ჩვენი ყველა მეზობელი დაკავებულია მოკლე და გრძელვადიანი პრობლემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წინაშე რამდენიმე წელიწადზე, თუ არა ათწლეულზე, გაწელილი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება საგარეო პოლიტიკაში მეტი მანევრირებისთვის. სხვა სიტყვებით, დღეს, რეგიონში საქართველო ყველას სჭირდება.

- პრაღაში გამართულ მრგვალ მაგიდაზე -„მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინგენტზე“, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა - „მნიშვნელოვანია სამმხრივ ფორმატში შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“.

ვერაფერს იტყვი, მართლაც კარგი ინიციატივაა. რაც მთავარია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს პირველად მიეცემათ საშუალება რუსეთის გარეშე გააქტიურონ ერთმანეთთან თანამშრომლობის პლატფორმა. ეს არ იქნება 3+ 3, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყებამდე მოსკოვის სურვილს ანკარა ლობირებდა.

ისეთი პირი უჩანს, ევროპის მოდერაციით მართლაც გააქტიურდება ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობები დიპლომატიურ დონეზე. მაგრამ, ფაქტია, რომ აზერბაიჯან-საქართველო-სომხეთს შორის დისკუსიებისთვის საერთო პლატფორმად ყველაზე საუკეთესო ადგილი თბილისი შეიძლება აღმოჩნდეს.

თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანის ამ ინიციატივას და ამ პროცესში თქვენ როგორ ხედავთ საქართველოს როლსა და ადგილს?

- ალიევის ეს განცხადება ერთიანი კავკასიის, ან სამხრეთ კავკასიის იდეების ტრადიციის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ გვახსოვს, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენ მსგავს ინიციატივას ჰქონდა ადგილი. ხშირად ქართველი პოლიტიკოსებიც გამოდიოდნენ ინიციატორებად, მაგრამ ის ყოველი მცდელობა წარუმატებელი იყო, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ან საქართველოსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობები ხელის შემშლელი იყო. დღეს, ვითარება განსხვავებულია. დიდი ალბათობით, ბაქო და ერევანი მაინც მოაწერენ ხელს საზავო ხელშეკრულებაზე და ამიტომაც ალიევის მიერ შემოთავაზებული სამი ქვეყნის პლატფორმას დღეს უფრო მეტი პერსპექტივა გააჩნია.

დღეს, ვითარება განსხვავებულია. დიდი ალბათობით, ბაქო და ერევანი მაინც მოაწერენ ხელს საზავო ხელშეკრულებაზე და ამიტომაც ალიევის მიერ შემოთავაზებული სამი ქვეყნის პლატფორმას დღეს უფრო მეტი პერსპექტივა გააჩნია

საქართველოს ასეთ ფორმატებში მონაწილეობა არ ავნებდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, თბილისი ფრთხილად უნდა იყოს. მთავარია, ასეთი ფორმატები რომელიმე სხვა ქვეყნის მეზობლებზე დომინირების მექანიზმად არ იქცეს. ისიც ფაქტია, რომ ასეთ ინიციატივებში თურქეთის და რუსეთის ირიბი გავლენა მაინც გარდაუვალი იქნება.

- „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება“.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სულ უფრო აქტუალურად განიხილება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემა, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შავ ზღავს.

მოუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო აქტივობებში საქართველო მონაწილეობს, მკაფიოდ აშკარად არ ჩანს საქართველო არ ცდილობს ქვეყნის მზარდი როლის შესაძლებლობების გამოყენებას.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, როგორია დასავლეთის პოზიციონირება შავი ზღვის რეგიონში და რა სარგებელი შეიძლება ამან მოუტანოს საქართველოს?

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველო არ ცდილობს ქვეყნის მზარდი როლის შესაძლებლობების გამოყენებას?

- ურთიერთობები რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის იმდენად ჩიხშია შესული, რომ მათ გამოსწორებას მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ.

მთავარი კი ისაა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიამ კოლექტიურ დასავლეთს საკუთარი როლი გადააფასებინა. ტრანს-ატლანტიკური ერთობა უფრო მყარი გახდა, ხოლო სურვილი ევროკავშირის და ნატოს აღმოსავლური მიმართულების დაცვისა კი გაიზარდა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ კოლექტიურ დასავლეთს საკუთარი როლი გადააფასებინა. ტრანს-ატლანტიკური ერთობა უფრო მყარი გახდა, ხოლო სურვილი ევროკავშირის და ნატოს აღმოსავლური მიმართულების დაცვისა კი გაიზარდა

მეტიც, ნატოსა და ევროკავშირში მკაფიოდ დაინახეს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა. მსოფლიოში რთულად მოიძებნება შავი ზღვის რეგიონზე გეოპოლიტიკურად უფრო დინამიკური გეოგრაფიული არეალი.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული ამ რეგიონის მოსაზღვრე ქვეყნებს მრავალი სამოქალაქო და საგარეო ომის გადატანა მოუხდათ. მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულები არიან.

სომხეთ-აზერბაიჯანის რამდენიმე ფაზიანი კონფლიქტი კი შავ ზღვას პირდაპირ კასპიასთან აკავშირებს. მეტიც, შავ ზღვაზე გადის მსოფლიო ნავთობის და ვაჭრობის მნიშვნელოვანი წილი. ისტორიული გამოცდილება კარნახობს, რომ ამ რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უგულებელყოფა დასავლეთისთვის დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამიტომაც, ვიტყოდი, რომ საქართველოს წინაშე დასავლეთის მიმართულებით კარგი პერსპექტივა ჩნდება. გრძელვადიანი ტრენდი ცალსახაა - შავი ზღვა დღევანდელი გეოპოლიტიკის ეპიცენტრს წარმოადგენს.

- არა მარტო ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით უკრაინის ომის ფონზე მკაფიოდ არ ჩანს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში მომხდარ ცვლილებებზე საქართველოს პოზიცია.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასიდაახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს.

მეტიც, დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს - ახლა როცა უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეული ქაოსური ვითარებაა, ხომ არ იძენს მოსკოვისთვის საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლს.

შესაძლოა, კითხვა მართლაც ლოგიკური იყოს, მაგრამ, თუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოსკოვსა და სოხუმს, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობებს მივადევნებთ თვალს, ოფიციალური თბილისის სასარგებლოდ არც არაფერი ხდება.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კრემლის ყველა გადადგმული ნაბიჯი ამ თემებზე კრემლის პოზიციების გამეორებაა - „სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობაა და საქართველომ ეს რეალობა უნდა აღიაროს“.

სავარაუდოდ, რატომ გაუჩნდა დამკვირვებელთა ნაწილს აზრი, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველო მოსკოვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყანაა?

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე როგორია საქართველო-რუსეთის ურთიერთობები?

- ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთისთვის მძიმე და ვიტყოდი ამ მომენტისთვის წარუმატებელი ომის ფონზე, მოსკოვს საქართველო სჭირდება. თბილისთან დაძაბული ურთიერთობა არაფრის მომტანი იქნება.

მეტიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსები იმასაც ხვდებიან, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსის შეკავება სულ უფრო მეტად გაუჭირდებათ. ეფექტიანი კონტრ-ნაბიჯებისთვის მათ, როგორც ყოველთვის, სომხეთი სჭირდებათ. თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობების დაჭერაც მათ ინტერესში უნდა შედიოდეს.

შესაძლებელია, რომ ჩვენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ერთგვარ მშვიდ პერიოდში შევიდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საქართველოსთან მნიშვნელოვან დათმობებზე წავა. საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა მოსკოვისთვის დახურულ საკითხად რჩება.

შესაძლებელია, რომ ჩვენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ერთგვარ მშვიდ პერიოდში შევიდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საქართველოსთან მნიშვნელოვან დათმობებზე წავა. საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა მოსკოვისთვის დახურულ საკითხად რჩება

თუმცა აქაც, გააჩნია, კრემლს როგორ გაურთულდება აზერბაიჯანულ-თურქული ალიანის ფონზე. რეგიონში ბევრი პოსტ-პუტინის და პოსტ-ერდოღანის პერიოდზე ფიქრობს. მათ შემდეგ თურქეთის და რუსეთის საგარეო პოლიტიკა სრულად თუ არა, ბევრი რამით შეიცვლება.

იგივეს თქმა შეიძლება ალიევზეც. თუ ის დღეს ჭკვიანურად ახერხებს რუსეთის შეკავებას, მის შემდგომ მმართველებს ამის გაკეთება უფრო მეტად გაურთულდებათ. ურთიერთობები მოსკოვთან უფრო დაძაბული ხასიათის იქნება. მიზეზი ისევ და ისევ თურქეთთან მზარდი ალიანსი იქნება.

ეს კონიუნქტურა შესაძლოა საქართველოს რუსეთთან მიმართებაში გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებდეს. მოსკოვი თბილისთან იძულებული იქნება გარკვეულ მცირე ზომის დათმობებზე წავიდეს იქნება ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, თუ რომელიმე სხვა მნიშვნელოვან საკითხში.

მოსკოვი თბილისთან იძულებული იქნება გარკვეულ მცირე ზომის დათმობებზე წავიდეს იქნება ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, თუ რომელიმე სხვა მნიშვნელოვან საკითხში

რა თქმა უნდა არის მეორე ვარიანტიც, სადაც რუსეთი იმარჯვებს უკრაინაში და მას სრულად ეხსნება ხელ-ფეხი საქართველოსთან მიმართებაში ყველა იმ ზომას მიმართოს, რომ ქვეყანას დასავლური გზიდან გადაახვევინოს. რეალურად ჩვენ ამ ორ სცენარის განვითარების შორის ვართ.

- უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე საქართველოს ქცევას ბევრი გაუგებარს უწოდებს. გაუგებარს იმ თვალსაზრისით, რომ ახლა როცა დასავლეთის ლიდერები რუსეთთან ურთიერთობებში თავის შეცდომებზე ხმამაღლა საუბრობენ, ოფიციალური თბილისი ისე ხმადაბლა საუბრობს ოკუპანტ რუსეთზე, რომ ხშირად ჭირს გაგება რომელ ქვეყანაზეა საუბარი.

დამკვირვებელთა ნაწილი დღევანდელ მოცემულობაში თბილისის ფრთხილ ქცევას ქვეყნის გეოგრაფიითა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ზრუნვით ხსნის. თქვენი აზრითაც ასეა, ქვეყნის გეოგრაფია ამის მიზეზი?

- გეოგრაფიას დიდი როლი აქვს. საქართველო ევრაზიის შუაგულში მდებარეობს. ის ერთდროულად აზიის, ევრაზიის და ევროპის პერიფერიაშია. ამ ფაქტმა ისტორიულად დიდი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. ქვეყანა მუდამ რამდენიმე იმპერიის ინტერესის ობიექტი იყო.

თუმცა, საქართველოს ისტორიის უმეტესი პერიოდის განმავლობაში საფრთხე მაინც უფრო ერთი მიმართულებიდან მოდიოდა. ქვეყნის სამხრეთი საზღვარი იმ სივრცეს წარმოადგენდა, რომელიც ქართველი მეფეების ძირითად ყურადღებას მოითხოვდა. დასავლეთიდან შავი ზღვა დიდ საფრთხეს არ მოიცავდა, ხოლო ჩრდილოეთიდან, მომთაბარეების გარდა, რომლებიც თავისი არსით ფუნდამენტურ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, დიდი საშიშროება არ მომდინარეობდა.

ქართული პოლიტიკური მენტალობა ყალიბდებოდა მახლობელ აღმოსავლეთზე ზემოდან, ჩრდილოეთიდან ყურებით. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის განსაზღვრაში.

როდესაც ასპარეზზე ძლიერი რუსული სახელმწიფო გამოჩნდა, ქართველ მეფეებს ჩრდილოეთით ყურებაც დასჭირდათ. მაგრამ სანამ მოხდა მისადაგება ახალ რეალობასთან, ქართული მონარქია დაშლილი იყო, ხოლო მცირე ზომის ქართული სამეფოები კი არ იყვნენ საკმარისად ძლიერნი ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის. გარკვეულწილად, დამოუკიდებელ ქართულ დიპლომატიას საკმარისი დრო და ალბათ უფრო მეტად რესურსი არ ჰქონდა წარმატებული მრავალვექტორული დიპლომატიის წარმოებისთვის.

ზემოთ ვახსენე, რომ საქართველო ისტორიულად ერთდროულად რამდენიმე ცივილიზაციის პერიფერიაზე მდებარეობდა. ეს ცუდი იყო და კარგიც. ცუდი უცხოელი დამპყრობლების პერმანენტული ინტერესების გამო, ხოლო კარგი, რადგან ეს პერიფერიულობა საქართველოს განცალკევებულობას, მის ერთგვარ განსაკუთრებულობას უწყობდა ხელს. ამ გეოგრაფიულმა ფაქტორმა დიდწილად საქართველოს დღევანდელობაც განაპირობა. დღესაც, ისევე როგორც ადრე, საქართველო თურქეთის, რუსეთის, ევროპის და მახლობელი აღმოსავლეთის პერიფერიაზეა. ის თან მნიშვნელოვანია, თან ხშირად მივიწყებული დიდი მოთამაშეების მხრიდან. ეს ამბივალენტურობა ხშირად ურთულებს საქართველოს სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებას.

თბილისში თან გრძნობდნენ, რომ მნიშვნელოვანნი არიან რუსეთისთვის, თან ხედავდნენ რუსეთისგან გაუგებარ (ომი, ანექსია, მტრული რიტორიკა და ა. შ.) საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს.

ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული ქართველი პოლიტიკოსები აცნობიერებდნენ ბრიუსელთან ურთიერთობების მნიშვნელობას, თან ხშირად უკმაყოფილოები იყვნენ ევროკავშირის არასაკმარისი ჩართულობით.

ამრიგად, საქართველოს პერიფერიულობა ისტორიულად ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა აქაც, იმ ისტორიულ პროცესებთან ერთად, რომელიც ზემოთ ვახსენე, შესაძლოა დიდი ცვლილებების წინაშე ვიდგეთ.

საქართველოს ისტორიული პერიფერიულობა ნელი ტემპებით მის ცენტრალურობით ნაცვლდება. მაშინ, როდესაც ევროპა და ცენტრალური აზია/ჩინეთი რუსეთის ტერიტორიის არიდების მიზნით ახალი სავაჭრო გზების აგებას ცდილობენ, ხოლო ბრიუსელისთვის აზერბაიჯანული გაზი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება, საქართველოს როლი როგორც საკვანძო გამაერთიანებლისა საგრძნობლად მატულობს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო