პაატა მანჯგალაძე - კანონში ვერავის გვარი ვერ ჩაიწერება, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ისეთი მიამიტები, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის აღსრულება იმ ხალხს დავავალოთ, ვინც თავად არის ოლიგარქიული მმართველობის საუკეთესო მტკიცებულება

კანონში ვერავის სახელი და გვარი ვერ ჩაიწერება, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ისეთი მიამიტები, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის აღსრულება იმ ხალხს დავავალოთ, ვინც თავად არის ოლიგარქიული მმართველობის საუკეთესო მტკიცებულება,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, განცხადება თითქოს ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში სახელის და გვარის ჩაწერას ითხოვს, "ქართული ოცნების" პროპაგანდაა.

"ოლიგარქად რომ პირი იყოს აღქმული, მხოლოდ დიდი ფინანსების ფლობა საკმარისი არ არის, აუცილებელია იმის დადგენა, რამდენად მოუწვდება ხელი ოლიგარქთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. ასეთი პირები შეგიძლიათ ნახოთ მთავრობაში და „ქართულ ოცნებაში“ მთლიანად, რომლებიც ივანიშვილის „ქართუსთან“ დაკავშირებული პირები არიან. შესაბამისად, ასეთი პირები, რომლებიც თავად არიან ოლიგარქიის არსებობის საუკეთესო მტკიცებულებები, კანონს ვერ აღასრულებენ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს ეზღუდება:

  1. პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე "საარჩევნო კოდექსი" შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
  2. ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
  1. ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

პროექტის მიხედვით, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო