კოკა კაციტაძე - იმის განცხადება, რომ ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იწყებოდა ან არ იწყება, სასაცილოა - 6 თვეში 16 სამართალდამცავი ვამხილეთ

ლონდა თოლორაია რას ამბობს, არ ვიცი - შეკითხვა სასაცილოა, რადგან 6 თვეში 16 სამართალდამცავი ვამხილეთ, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც თოლორაია აცხადებს, რომ კოკა კაციტაძე პირადად ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელი იყო სისხლისსამართლებრივი დევნა დაეწყო იმ საქმეებზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში იყო და მას "თვეობით ედო საქმეები თაროზე".

კაციტაძის განცხადებით, იმის თქმა, რომ ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იწყებოდა ან არ იწყება, სასაცილოა.

„გავხსენით ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, სადაც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, სხვა სამართლებრივი დანაშაულები იყო და ვამხილეთ ისეთ პოზიციაზე მყოფი სამართალდამცავები, როგორებიც არიან შსს- ს კრიმინალური პოლიციის დეტექტივ გამომძიებლები, საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორები, პენიტენციური სამსახურის ოფიცრები, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი სამართალდამცავები და მთლიანობაში 16 სამართალდამცავია მხილებული. ამ დროს იმის განცხადება, რომ ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იწყებოდა ან არ იწყება, უბრალოდ სასაცილოა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის ერთადერთი ორგანო ქვეყანაში, რომელმაც ყველაზე მეტი სამართალდამცავი ამხილა ხსენებულ დანაშაულებში“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

დაზუსტებაზე, ხელს ხომ არ აფარებდა გარკვეულ საქმეებს, კაციტაძე პასუხობს - „სხვა სერიოზული შეკითხვა არ გაქვთ ხომ? ეს სასაცილო შეკითხვაა - 6 თვეში 16 სამართალდამცავი ვამხილეთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციაზე მყოფი სამართალდამცავები".

კაციტაძეს ასევე ჰკითხეს, სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით იგეგმება თუ არა ვახტანგ გომელაურის გამოკითხვა, რაზეც კაციტაძე პასუხობს, რომ თუ დადგება ვინმეს გამოკითხვის საჭიროება, ამის პრობლემა არ დადგება და ამ ეტაპზე 30- ზე მეტი სამართალდამცავია გამოკითხული, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან.

"გამოძიებას აქვს გეგმა, მივყვებით ამ გეგმის შესრულებას, ეს გეგმა მოიცავს როგორც პირთა გამოკითხვას, ასევე ექსპერტიზების დანიშვნას და მისი პასუხების მიღებას. ხდება ამ გეგმის შესრულება. თუკი რომელიმე პირის გამოკითხვის საჭიროება დადგება, აუცილებლად გამოიკითხება,"- განაცხადა კაციტაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს