თეა ახვლედიანმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორთან  შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახლადდანიშნულ დირექტორთან, ჯონ პენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის უაღრესად დიდი მნიშვნელობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა.

„მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობისა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის გზით. მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებით - სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში აშშ-სთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები.

დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს და მჭიდრო კოორდინირებული პარტნიორობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა