ბექა დავითულიანი ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირის შესახებ განცხადებაზე - რუსეთი შედის დაშინების პოლიტიკაში, დაშინების ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა

საინტერესოა რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მაინცდამაინც საქართველოსკენ გამოიშვირეს ხელი. მათი ეს პროპაგანდა ემსახურება მარტივ რამეს, რუსეთი შედის დაშინების პოლიტიკაში. დაშინების ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სატვირთომ, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, საქართველოს საზღვარი გაიარა.

დავითულიანის შეფასებით, საქართველო ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ რუსეთს ყოველთვის აქვს ძალა იმისთვის, რომ რაღაცა გაგვიფუჭოს, „მაგრამ დღეს რუსეთს არ აქვს იმის ძალა, რომ ფართომასშტაბიანი აგრესია აწარმოოს საქართველოს მიმართ“.

„ყირიმის ხიდი იყო რუსული ოკუპაციის სიმბოლო და, შესაბამისად, პუტინის რეჟიმისთვის ძალიან მტკივნეული იყო ამ ხიდის დაზიანება. არ მგონია, რომ ის გამოძიება, რომელსაც რუსეთი ჩაატარებს, ჩვენთვის სარწმუნო იყოს, რადგან რუსეთისთვის პოლიტიკური ხაზი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური შეფასება.

რუსეთს საქართველოსთვის ოფიციალურად ჯერ რამე კითხვა არ წამოუყენებია. მედიაში ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია, ოღონდ სახელმწიფო დონეზე რუსეთს არ გაუკეთებია რეაქცია და არ მოუმართავს საქართველოსთვის.

აბსურდია ის ბრალდება, რომ საქართველომ გაატარა ტვირთი, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ყველა საბაჟო პუნქტის კონტროლი მიმდინარეობს ზედმიწევნით კარგად, სწორედ, იმიტომ რომ სანქცირებული ტვირთი არ შემოვიდეს. კონტროლს მხოლოდ ჩვენ არ ვახდენთ, დასავლელი პარტნიორებიც ინფორმირებულები არიან, რა ტვირთი გადის ქართულ საბაჟოებში, შესაბამისად, ჩვენს საბაჟოში საეჭვო ტვირთი ვერ გაივლიდა. ფოთის პორტში საეჭვო ტვირთის მქონე მანქანა ვერ გაივლიდა, ამას ვამბობთ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები და იმ ოფიციალური უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ამ ტვირთებს აკონტროლებენ და ამაზე ვართ პასუხისმგებლები. საინტერესოა, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მაინცდამაინც საქართველოსკენ გამოიშვირეს ხელი. მათი ეს პროპაგანდა ემსახურება მარტივ რამეს, რუსეთი შედის დაშინების პოლიტიკაში. დაშინების ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა“,- განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, თუ რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს ხელისუფლების დაშინება, დავითულიანმა უპასუხა, რუსეთს ეს იმისთვის სჭირდება, რომ თავის მოქალაქეებში გაყიდოს, „ნახეთ ჩვენ გვებრძვის არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ნატო-ს და დასავლეთის პატარა მოკავშირეები ჩვენს სამეზობლოში“.

მისივე თქმით, დღეს რუსეთს ახალი ცხელი წერტილის გაჩაღების სურვილი არ უნდა ჰქონდეს. „სურვილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ახლა როდესაც უკრაინაში ასეთი პრობლემები აქვს ცხელ წერტილს საქართველოში დღეს და ხვალ ლოგიკურია, რომ არ უნდა ეძებდეს“,- დასძინა დავითულიანმა.

ამასთან, დავითულიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას „რისკები განსაზღვრული აქვს“.

„ახლა თითს დაგვიქნევენ, მერე მუქარით გამოვლენ და ამაზე შექმნიან დიდ პროპაგანდულ ნარატივებს. ხელისუფლებას რისკები განსაზღვრული გვაქვს და ჩვენ ვპასუხობთ იმ დონეზე, რაც მიგვაჩნია მიზანშეწონილად. თუ ოფიციალური განცხადებები წამოვა მიიღებენ შესაბამის პასუხს. საშიში ამ ეტაპისთვის არაფერი არ არის, მაგრამ რუსეთისას ვერ გაიგებ“,- აღნიშნა მან.

დავითულიანი გადაცემაში ასევე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან დაკავშირება არის რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედება და სილის გაწნა პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, არ არის მთავარი. მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსმა ჯერ უნდა იფიქროს და მერე უნდა გააკეთოს განცხადება.

„რა ლოგიკაა? თუ პრორუსი ხელისუფლებაა მაშინ ამ ხელისუფლებას, რატომ აწნის სილას რუსეთი? თუ პრორუსია ე.ი. მისი მოკავშირეა და რატომ „უჩალიჩებს“ თუ მოკავშირეა? ზუსტად იციან, რომ საქართველო არა რუსეთის არამედ მათ მიერ ოკუპირებული ქვეყანაა და მისი ხელისუფლება არის მის წინააღმდეგ. თავიდან რომ ყვიროდნენ რუსეთს შევუტიოთო და ახლა რუსეთის მხრიდან პრეტენზია, რომ წამოვიდა საქართველოს მიმართულებით, აიტაცეს რუსეთის პროპაგანდის მანქანებივით, ეს რას ნიშნავს? როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, რაღაცაში ხომ უნდა ჯდებოდეს“,- განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო