შოთა კედელაშვილი - ფრონტზე არაფერი შეცვლილა, რადგან რუსეთში რიგითი ლოთი მოქალაქეების მობილიზაცია მოხდა

პუტინს აბსოლუტური სისულელე, სისუსტე და აგონიაში მყოფი ადამიანის საქციელები უფრო და უფრო ეტყობა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სერჟანტმა, შოთა კედელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

შოთა კედელაშვილის თქმით, რუსეთში მობილიზაციის მიუხედავად ფრონტზე არაფერი შეცვლილა, რადგან „რიგითი ლოთი მოქალაქეების“ მობილიზაცია მოხდა.

„პირველი ორი თვის განმავლობაში ისეთი დიდი ზარალი მიიღო რუსეთის არმიამ, რომ გარდაუვალი იყო მობილიზაცია. ეს მოსალოდნელი იყო და შესაბამისად, დავხვდით კიდეც ისე, როგორც უნდა დავხვედროდით. ეს არ არის ის პროფესიონალი ძალა, რომელმაც ამინდი შეიძლება შეცვალოს“, - განაცხადა შოთა კედელაშვილმა.

შოთა კედელაშვილი გადაცემაში რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სატვირთომ, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, საქართველოს საზღვარი გაიარა.

შოთა კედელაშვილის თქმით, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების ვერსია, რომელსაც მხოლოდ რუსეთში დაიჯერებენ.

„ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიერ მოგონილი ვერსია, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში დაიჯერებენ, აფხაზეთში და იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მათი გავლენაა. ჯერჯერობით უკრაინის მხრიდან არ ყოფილა არანაირი ოფიციალური განცხადება. მერწმუნეთ, ვისი ხელიც არ უნდა ერიოს აუცილებლად სუყველას გაუხარდება ასეთი საგმირო საქმის გაკეთება და არავინ დააგვიანებდა ამაზე პასუხის გაცემას. რუსულ ვერსიას რაც შეეხება, ისეთი ქვეყნების მოქალაქეებს ასახელებენ დამნაშავეებად, ვისიც გასვრა უნდათ“, - განაცხადა შოთა კედელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.

„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, - წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე, გადაკვეთა ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.

მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.

„იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, 1971 წელს დაბადებული მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა“,- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა