ალეკო ელისაშვილი გიორგი კაკაურიძეს - თქვენ თქვით, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო - ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის

რუსეთი ჩვენკენ იშვერს ხელს და ამ ხელის გამოშვერას რა მოჰყვება, ღმერთმა იცის, თქვენ გვაძლევთ გარანტიას, რომ რუსეთი რაღაცას არ მოიმოქმედებს? - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ბიუჯეტზე საუბრისას ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მაგალითად, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სფეროს „ქამრები უნდა შემოვუჭიროთ“.

„როდესაც ვთქვი არაადეკვატურია-მეთქი, თქვენ თქვით, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო. მეზობელი რუსეთი, ოკუპანტი გვაბრალებს, რომ ჩვენ და ბულგარეთი ჩართული ვიყავით ტონობით ასაფეთქებლის გადატანაში. სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი, დიდი ალბათობით, უკრაინელებმა აუფეთქეს. ახლა რუსეთი ხომ არ იტყვის კონტრდაზვერვა მოშლილი მაქვსო, ამიტომ ვიღაცებისკენ, მათ შორის ჩვენკენ იშვერს ხელს და ამ ხელის გამოშვერას, რა მოჰყვება, ღმერთმა იცის. თქვენ გვაძლევთ გარანტიას, რომ რუსეთი რაღაცას არ მოიმოქმედებს? ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს ჩვენ გარშემო ყველაფერი. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი წლის განმავლობაში ორჯერ იომა. თურქეთი ომშია ჩართული, რუსეთიც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენთან ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის - კარგია, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ რომელიმეს ჩვენთან მიმართებით ხელი არ წაუცდება? ეს არაადეკვატურობა მაგიჟებს. ახლა პირიქით უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ, მაგალითად, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე ჯანდაცვის სფეროში ცოტა ქამრები შემოვუჭიროთ. კადიროვს რომ თავში რამემ დაარტყას, თქვენ გააჩერებთ? “,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილს სხდომაზე კაკაურიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა სფერო რომ გაჩერდეს, დასაცავი აღარაფერი იქნება.

„ამბობთ, შემოვიჭიროთ ქამრებიო - იქნებ წარმოადგინოთ, რას ფიქრობთ? რთვლის 70 მილიონი რომ თავდაცვას ვერ გადაარჩენს და რეალურ სურათს ვერ შეცვლის, ხომ ვიცით?! 700 მილიონიც ახსენეთ - აქედან 500 მილიონი მარტო პენსიაა, არ გავზარდოთ პენსია და ყველაფერი თავდაცვაზე გადავიტანოთ? თუ ის რისკები მატერიალიზდება, რაზეც საუბრობთ, რაც ჩვენს რეგიონში მუდმივადაა, უნდა გავაჩეროთ ყველაფერი, არავინ ხელფასი არ უნდა აიღოს და ყველაფერი მოვახმაროთ ქვეყნის გადარჩენას. არ იქნება სწორი, რომ ყველაფერი გავაჩეროთ და რისკების გვეშინოდეს. ეს რისკები არსებობს, მზადყოფნა უნდა გვქონდეს, თუმცა ინფრასტრუქტურას მოვაკლოთო - წყალი არ აქვს ბევრ ქალაქს, აღარ გავაკეთოთ არაფერი? შეიძლება რომ წყლის პროექტი არ დავიწყოთ და გამოთავისუფლდება 50 მლნ, მაგრამ ეს სურათს არ შეცვლის. რომ ვამბობთ, რომ 3-4-ჯერ მეტი დაფინანსება უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ ქვეყანა უნდა გადაეწყოს, მოვაკლოთ ყველაფერს ყველაფერი, გავზარდოთ გადასახადები, თუ ეკონომიკა არ განვითარდება, ნუ განვითარდება, არაუშავს და შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ დასაცავი არაფერი გვქონდეს. არაადეკვატურობა იქნებოდა ის, რომ არაფერი გაგვეკეთებინა და ეს ფული თავდაცვაზე გადაგვეტანა“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია ეკონომიკის 5%-იან ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 79.6 მლნ ლარით. მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24.3 მილიარდი ლარი იქნება, რაც მთავრობის ინფორმაციით, საშუალებას იძლევა, ქვეყანამ ყველა ძირითადი მიმართულებით არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი 20%-ით გაიზრდება, რისთვისაც ბიუჯეტში 290,0 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290,0 მლნ ლარზე მეტით. მასწავლებლების და მანდატურის ხელფასები 125 ლარით გაიზრდება.

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება. გათვალისწინებულია ხელფასების რაოდენობის 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო