ჯაბა სამუშია - ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი ტრადიცია და თსუ-ს ავტონომიურობა ის მთავარი პრინციპებია, რომელთა მიმართ შეკითხვები არასდროს უნდა გაჩნდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯაბა სამუშია ერთადერთია, ვინც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. მისი განცხადებით, უნივერსიტეტის კედლებში გატარებული 33 წელი, იმის სურვილს უჩენს, რომ უნივერსიტეტის ცხოვრებაში საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ, უკვე ახალ ამპლუაში შეიტანოს.

როგორც სამუშია „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, აკადემიური საბჭოს მიერ მისი კანდიდატურის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი კარი ღია იქნება ყველა სტუდენტისა და პროფესორისთვის და ღია იქნება ნებისმიერი ტიპის დიალოგის წარმოებისა და პრობლემური თემის განხილვისთვის.

რაც შეეხება სტუდენტთა ნაწილის პროტესტს, ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ „ეს გემოვნების საკითხია“ და აქვე აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი ტრადიცია და თსუ-ს შიდა ავტონომიურობა არის ის მთავარი ღერძი, რომლის მიმართაც მას ყოველთვის ჰქონდა მკვეთრად დადებითი განწყობა.

- მინდა გკითხოთ, რამდენად გაქვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მხარდაჭერის იმედი. როგორც ვიცით, თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც რექტორის მოვალეობის შესასრულებლად საკუთარი კანდიდატურა დააყენა.

- 20 ოქტომბერს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. იმედი მაქვს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შემოიტანეს სხვა კანდიდატებმა განაცხადი, ამაზე მე ვერაფერს მოგახსენებთ, ეს ნამდვილად სცილდება ჩემს კომპეტენციას. მინდა დაგიდასტუროთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მოვალეობის შემსრულებლად ჩემი არჩევა, ყველა იმ ადამიანთან, ვინც მოღვაწეობს უნივერსიტეტში, ეს იქნება სტუდენტი თუ პროფესურა, გავივლით ყველა იმ საკითხს, რა საკითხსაც ისინი თვლიან პრობლემატურად. რექტორის კარი იქნება ღია ყველასთან დიალოგისთვის, არანაირი გარჩევა არასდროს ყოფილა ჩემთვის. მე ყოველთვის მივიჩნევდი და მივიჩნევ, რომ ჩვენ ყველასთან უნდა გვქონდეს დიალოგი და ყველასთან ერთად უნდა ვწყვეტდეთ უნივერსიტეტის მომავალს.

რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას უნივერსიტეტის მიმართ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ყველას ვუთხრა - ბევრი ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს, რატომ არის ეს ერთი კანდიდატი და ა.შ. ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ გარკვევით გითხრათ, მე უნივერსიტეტთან მაკავშირებს, ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება, თანაც უწყვეტად და მე უნივერსიტეტელი ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვიყავი 13 წლის, როდესაც პირველად მივედი უნივერსიტეტში, იქ არსებობდა ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა, სკოლის მოსწავლეებს უკითხავდნენ ლექციებს ცნობილი მეცნიერები და იმ სკოლაში დავიწყე ჩემი განათლება, შემდგომ იყო უკვე სტუდენტობა და სტუდენტობის 5 წელი და როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი, როგორც სტუდენტმა, იმავე წელს, დაახლოებით, ერთი თვის თავზე უნივერსიტეტში დავრჩი როგორც ლაბორანტი, სადოქტორო დისერტაციის მოსამზადებლად ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველა საფეხური, რაც კი შეიძლება იყოს უნივერსიტეტში, მოყოლებული 1989 წლიდან, როდესაც გავხდი სტუდენტი, გავლილი მაქვს - ლაბორანტის, დოცენტის, ასისტენტ -პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და სრული პროფესორის ყველა საფეხური და ამ ხნის განმავლობაში არ მქონია წყვეტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, როდესაც 33 წელი გაკავშირებს უნივერსიტეტთან, მე ვარ თუ არა უნივერსიტეტელი და ამ შემთხვევაში, მაქვს თუ არა უფლება, რომ რაღაც ეტაპზე, ჩავთვალო, რომ მეც მინდა უნივერსიტეტის ცხოვრებაში ჩემი როლი და წვლილი შევიტანო.

- თუმცა, წინააღმდეგობა იმას არ უკავშირდება, თქვენი ცხოვრების რა პერიოდი გაკავშირებთ უნივერსიტეტთან. სტუდენტები, რომლებიც გამოდიან პროტესტით, არგუმენტად იყენებენ იმას, რომ თქვენი არჩევის შემთხვევაში უნივერსიტეტის ავტონომია შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ...

- უნივერსიტეტის ავტონომია განსაზღვრულია კანონით. ავტონომიის ის ფორმა, რაც ახლაა უნივერსიტეტში, გულისხმობს იმას, რომ პროფესურა ირჩევს აკადემიურ საბჭოს, აკადემიური საბჭო ირჩევს რექტორს. ამ გზას გაივლის ყველა რექტორი, რომელიც იქნება არჩეული დღესაც და მომავალშიც. უბრალოდ, აქ საუბარია ლეგიტიმაციის თემაზე, რამდენად შესაძლებელია 40 კაცი იყოს საბჭოში, შეიძლება იყოს ცოტა მეტი და ა.შ. ეს არის ის თემები, რომლებზეც შესაძლებელია სამომავლოდ დავსხდეთ, მოვიფიქროთ ახალი მოდელები, შევიმუშაოთ, ეს აბსოლუტურად ღიაა დიალოგისთვის. არავის ეგონოს, რომ რაიმე დახურული თემა შეიძლება არსებობდეს. არ არსებობს დახურული თემა უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ჩემთან ყოველ შემთხვევაში ეს ასეა. მე დახურული თემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებით არ მაქვს. ყველანაირ დიალოგზე უნდა წავიდეთ, თუმცა არსებობს ერთი პრინციპი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უნივერსიტეტი შედგება 2 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისგან: ეს არის პროფესურა, რომელიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახე და რა თქმა უნდა, მისი ძვირფასი სტუდენტობა. ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტის პროფესურას, რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ სამომავლოდ, რა ფორმა უნდა იყოს შიგნით, შიდა დემოკრატიისთვის, მართვისა და ა.შ. ჩვენ ასე ამოგლეჯილად ნუ განვიხილავთ ამას, რომ ეს დიალოგი მხოლოდ რექტორსა და სტუდენტს შორის უნდა შედგეს, აქ უნდა იყოს რექტორი, სტუდენტი, პროფესურა - ერთიანად უნდა შევხედოთ ამ პროცესს და ერთიანად უნდა ვუყურებდეთ ამ პროცესს. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ მართვის საკითხს, ეს ეხება ბიუჯეტის დაგეგმვის ნაწილს, სტუდენტური ცხოვრების ნაწილს, ეს ეხება იმ პრობლემებს, რასაც სტუდენტები ამბობენ. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა გავაგრძელოთ ეს საუბრები. თუ ეს უფლებამოსილება საბჭომ დამაკისრა, მზად ვარ, რომ ეს დიალოგი ყოველდღიურ რეჟიმში იყოს, სანამ პრობლემა არ დაიხურება და გარკვეულ განვითარებამდე არ მივალთ.

- აქამდე თუ გქონიათ კომუნიკაცია ან კომუნიკაციის მცდელობა იმ სტუდენტებთან ან პროფესორებთან, ვინც პრობლემას ხედავს თქვენს კანდიდატურაში?

- მე არ მესმის ჩემს კანდიდატურაში პრობლემის დანახვის არსი. რას ნიშნავს პრობლემას ხედავს კანდიდატურაში ?! პრობლემა რაში მდგომარეობს - რამე ცენზი მაკლია და არ მაქვს ეს ცენზი, რომ კენჭი ვიყარო? უნივერსიტეტთან არაფერი მაკავშირებს და გარედან შევდივარ ? ეს ხომ გემოვნების საკითხია? - ვიღაცას რაღაც მოსწონს და ვიღაცას რაღაც არ მოსწონს. მე არავისთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, ყველასთან მექნება და ყველას ვეუბნები ერთ რამეს, მე ვარ უნივერსიტეტელი და ამ უნივერსიტეტის ტრადიციების პატივისმცემელი და ყველას ვთხოვ უნივერსიტეტის ტრადიციებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტელობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ უნივერსიტეტს უნდა მოვუაროთ და ვაქციოთ უფრო მნიშვნელოვან ინსტიტუციად, ვიდრე არის. ჩვენ უნივერსიტეტის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ. ეს არის გემოვნების საკითხი, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს ჩემი კანდიდატურა, ვიღაცას მოსწონს. მე ვიცი, რომ ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, ვისთანაც მთელი ცხოვრება მაქვს თსუ-ში გატარებული, არიან ძალიან კმაყოფილები იმით, რომ ეს კანდიდატურა წამოიჭრა, ზოგმა შეიძლება უკმაყოფილება გამოთქვას, მე პატივს ვცემ ყველას ამ მოსაზრებას, ბუნებრივია. მე, როგორც თსუ-ელი, ყველას - სტუდენტსაც და პროფესორსაც უმორჩილესად ვთხოვ, რომ უპირველესად პატივი სცენ თსუ-ს და მის ტრადიციებს, მე ამ ტრადიციებზე ვარ ფაქტობრივად, გაზრდილი. მესამედი საუკუნეა მაქვს ამ ტრადიციებთან პირდაპირი შეხება.

ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი ტრადიცია და თსუ-ს ავტონომიურობა ის მთავარი პრინციპებია, რომელთა მიმართ შეკითხვები არასდროს უნდა გაჩნდეს. ყველა თსუ-ელი ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს დედა უნივერსიტეტის განვითარებაში.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო