რექტორის კარი იქნება ღია ყველასთან დიალოგისთვის, არანაირი გარჩევა არასდროს ყოფილა ჩემთვის, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა ჯაბა სამუშიამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სამუშიას თქმით, თუ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის ყველა პრობლემურ საკითხს პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთად გაივლის.
„მე უნივერსიტეტთან მაკავშირებს, ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება, თანაც უწყვეტად და მე უნივერსიტეტელი ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვიყავი 13 წლის, როდესაც პირველად მივედი უნივერსიტეტში, იქ არსებობდა ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა, შემდგომ იყო უკვე სტუდენტობა და სტუდენტობის 5 წელი. ყველა საფეხური, რაც კი შეიძლება იყოს უნივერსიტეტში, მოყოლებული 1989 წლიდან, როდესაც გავხდი სტუდენტი, გავლილი მაქვს - ლაბორანტის, დოცენტის, ასისტენტ -პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და სრული პროფესორის ყველა საფეხური და ამ ხნის განმავლობაში არ მქონია წყვეტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
არ მესმის, ჩემს კანდიდატურაში პრობლემის დანახვის არსი. რას ნიშნავს, ვინმე პრობლემას ხედავს ჩემს კანდიდატურაში ?! პრობლემა რაში მდგომარეობს - რამე ცენზი მაკლია და არ მაქვს ეს ცენზი, რომ კენჭი ვიყარო? უნივერსიტეტთან არაფერი მაკავშირებს და გარედან შევდივარ ? ეს ხომ გემოვნების საკითხია, ვიღაცას რაღაც მოსწონს და ვიღაცას რაღაც არ მოსწონს. მე არავისთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, ყველასთან მექნება და ყველას ვეუბნები ერთ რამეს, მე ვარ უნივერსიტეტელი და ამ უნივერსიტეტის ტრადიციების პატივისმცემელი და ყველას ვთხოვ, უნივერსიტეტის ტრადიციებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტელობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ უნივერსიტეტს მოვუაროთ და ვაქციოთ უფრო მნიშვნელოვან ინსტიტუციად, ვიდრე არის“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.