Reuters - ამერიკამ უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა

აშშ-ის ადმინისტრაციამ მოამზადა უკრაინის თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც, საერთო ჯამში, 725 მილიონ დოლარს შეადგენს, რის შესახებაც ოფიციალურად შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის უსაფრთხოების პაკეტი უკრაინისთვის, სავარაუდოდ, მოიცავს საბრძოლო მასალას და სატრანსპორტო საშუალებებს, მაგრამ არა მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ან საჰაერო თავდაცვას.
აღნიშნული პაკეტი, რომლის შესახებაც შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი, არის პირველადი დახმარების პაკეტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო დღეებში დაბომბა უკრაინაში სამოქალაქო დასახლებები.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც სააგენტოსთან ანონიმურობის პირობით საუბრობენ, განაცხადეს, რომ იარაღის პაკეტის გამოცხადების დრო, ისევე როგორც მისი შემცველობა და ღირებულება, შეიძლება შეიცვალოს ბოლო წუთს.

























