ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ მან მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც საუბარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე, მაგრამ არ დაეთანხმა შესწორებას, რომელიც სააკაშვილს ეხება

"მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც საუბარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე, მაგრამ არ დაეთანხმა შესწორებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩაიწერა.

ლევან იოსელიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა. იოსელიანის განცხადებით, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მთელი ცივილიზებული სამყარო ერთსულოვნად გმობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული როგორც ევროსაბჭოში, სტრასბურგში, ისე გაეროში. როგორც იცით, იქაც იყო მიღებული რეზოლუცია, სადაც დაგმობილია ოთხი რეგიონის ოკუპაცია. ამ რეზოლუციას გაეროში მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი ცივილიზებული სამყაროსგან.

რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, აქაც სრული კონსოლიდაცია და ერთსულოვნება იყო წარმომადგენლების მხრიდან. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, რადგან ის ადასტურებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ის ისტორიის არასწორ მხარეს დგას. დღეს რუსეთის პოლიტიკას, ფაქტობრივად, გმობს მთელი ცივილიზებული სამყარო.

ერთადერთი უხერხულობა იყო, რომ ბოლო მომენტში შემოვიდა მეოთხე განმარტება, რაც რეალურად ამ რეზოლუციასთან არანაირ კავშირში არ იყო. იქ საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე და ფრჩხილებში არის მითითებული მიხეილ სააკაშვილი. ჩანაწერი უკრაინელი დეპუტატების ინიციატივით შემოვიდა და სხვებმაც მოაწერეს ხელი. რეგლამენტი ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ დაუჭირო რეზოლუციას, მაგრამ მის დამატებებს, რომელსაც არ ეთანხმები, მხარი არ დაუჭირო და მე სწორედ ეს გავაკეთე. გავაკეთე განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე და ვთქვი, რომ მხარი დავუჭირე რეზოლუციას, სადაც საუბარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე, მაგრამ არ დავეთანხმე შესწორებას, რომელიც სააკაშვილის შესახებ არსებობს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს. მისი თქმით, იმ ქვეყნისთვის, რომელმაც საკუთარ ტერიტორიებზე უკვე განიცადა რუსეთის აგრესია, შეუძლებელია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო გზავნილი არ გაიზიაროს. ლევან იოსელიანი ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ერთსულოვანი პოზიციაა - იყოს ევროპის განუყრელი ნაწილი და ის თავისი გაცხადებული ევროპული არჩევანის ერთგულია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა.

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით