ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის მეგობარ ქალზე -  6 თვის განმავლობაში კარლოტას არავინ ახსენებდა - ალბათ, როცა ნიკოლოზმა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და კარგად „დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გამოეჩინათ

ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.

ამასთან, დოროყაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის 21 მაისს, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლთან ინციდენტი მოხდა, ეს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს არ დაუნახავს, ვინაიდან იქ არ ყოფილა.

"არანაირი ყვირილი ჩემი მხრიდან იქ არ ყოფილა. აქ მოხდა ძალადობის ორი ეპიზოდი, ერთი მანქანასთან, მეორე - ჩიხთან, როცა მათ სახლს გამოვცდი და ჩამოვცდი ბეტონის ჯებირებს. მე ვუსმენდი გოგონას დაკითხვას, დავიწყებ იქიდან, რომ გამოძიების ეტაპზე დაიკითხა ყველა, მათ შორის, მეც, ქალბატონი ნატალიაც, ბატონი ნოდარიც, თენგიზიც, ნიკოლოზიც, არსად არავინ ახსენებს კარლოტას, ეს ძალიან საეჭვოა. გამოძიებიდან დაახლოებით, 6 თვის შემდეგ გაჩნდა ახალი მოწმე, ქალბატონმა თეონა გვაზავამ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და დაკითხა ის, 6 თვის განმავლობაში არავინ ახსენებდა კარლოტას. ალბათ, როცა ნიკოლოზმა კარლოტა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და უკვე, როცა კარგად „დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გამოეჩინათ. გარდა ამისა, მე სოცმუშაკთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდა, რადგან მაშინ ჩემსა და ნიკოლოზს შორის ურთიერთობებს არეგულირებდა და მასთან მქონდა მიმოწერები. სოცმუშაკმა ნიკოლოზისგან აიღო დასტური და მომაწოდა ინფორმაცია, რომ კარტოლას იქ ყოფნა ეკრძალებოდა. გარდა ამისა, მე იქ ვიყავი მისული, სამივე სართული კარგად ჩანს, ხელის გულივით, როცა ავიხედე, ბავშვიც დავინახე, ნატალიაც დავინახე და აუცილებლად გამოჩნდებოდა ადამიანი, საკმაოდ დაბალი ჯებირებია და გამჭვირვალეა, მწოლიარე მდგომარეობაშიც აუცილებლად გამოჩნდებოდა ადამიანი. სწორედ, ბავშვისგან გავიგე გოგონას არსებობის შესახებ 16 მაისს და აუცილებლად მეტყოდა, იმ დღეს იქ რომ დაენახა",- განაცხადა დოროყაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს კითხავენ. მისი განმარტებით, ის 2020 წლის 21 მაისს ბასილაშვილის მშობლების სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც იქ ნელი დოროყაშვილი მივიდა. მოწმის თქმით, ნიკოლოზის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის