ვოლოდიმირ ზელენსკი - თუნდაც 100 ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქე არ აიძულებს კრემლს რამეზე დაფიქრდეს

თუნდაც ასი ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქე არ აიძულებს კრემლს რამეზე დაფიქრდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, მეტოქის დანაკარგები მხოლოდ დაღუპულებით უკვე 65 000-ს უახლოვდება.
“ამდენმა რუსეთის მოქალაქემ გაიღო სიცოცხლე, რათა კრემლში ხალხის ჯგუფს რეალობის ინგორირების საშუალება ჰქონდეს. და იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული “მოგილიზაცია”, შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც ასი ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქე არ აიძულებს კრემლს რამეზე დაფიქრდეს”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მშვიდობისკენ გზა მხოლოდ უკრაინული მიწიდან ოკუპანტების სრული განდევნა და ტერორისტი სახელმწიფოს აგრესიული შესაძლებლობების დემონტაჟია. “ხოლო რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც ამ დანაშაულებრივ ომში მონაწილეობა არ სურს, მაგრამ ომში გზავნიან, კიდევ ერთხელ შევახსენებ ერთი შესაძლებლობის შესახებ. ყველა, ვინც უკრაინულ ტყვეობაში ბარდება, სიცოცხლეს ინარჩუნებს. არავის, ვინც რუსულ არმიაში ან დაქირავებულ ჯარისკაცებში აგრძელებს ბრძოლას, ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია. აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენსას”, - თქვა ზელენსკიმ.

























