დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის თავდასხმების შემდეგ „ენერგეტიკული სტაბილურობა შეინარჩუნა“ და აგრესორმა მიზანს ვერ მიაღწია

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ გასულ კვირას რუსული თავდასხმების შემდეგ, უკრაინამ „ენერგეტიკული სტაბილურობის“ შენარჩუნება მოახერხა.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ „პოსტში“ შმიგალმა აღნიშნა, რომ კვირის პირველ სამ დღეში რუსეთმა 130-მდე სარაკეტო და უპილოტო დარტყმა განახორციელა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი კიევში.
მისი თქმით, ტექნიკურმა პერსონალმა შეძლო ელექტროენერგიის აღდგენა დაახლოებით 4 000 დასახლებაში, ამასთან, პრემიერის თქმით, უკრაინელებმა ნებაყოფლობით შეამცირეს ენერგიის მოხმარება საშუალოდ 10%-ით, რაც გაამარტივებს გათიშვების თავიდან აცილებას.
„აგრესორი ცდილობდა უკრაინელების დაშინებას და სახელმწიფო ენერგეტიკული ინდუსტრიის პარალიზებას. მან მიზანს ვერ მიაღწია“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

























