პრემიერი - ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს - ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს

ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ვეტერანების ღვაწლი.

„ყველას მოგესალმებით, ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე - ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს, ჩვენი მთავრობის სახელით, გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, არამედ მსოფლიოში მშვიდობის დაცვისთვისაც. მინდა აქვე ყველას შევახსენო, პირველ რიგში, ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ჩვენ ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ, - ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში, შემდეგ უკვე 2008 წლის ომი და ჩვენი წარმომადგენლობა მისიებში - კოსოვოში, შემდეგ ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ასეული ჩვენი ღირსეული პატრიოტი დავკარგეთ და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა ამ ომებს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია, დავაფასოთ მათი ეს ღვაწლი. მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, რაც ადამიანს აბადია, - საკუთარი სიცოცხლე. როცა ადამიანი ამას საკუთარი ნებით თმობს, რა თქმა უნდა, ეს არის გმირობა. ასევე, მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს და ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას ჩემ მიერ ჩამოთვლილ მისიებში. ერთ დროს, ავღანეთში ჩვენ ვიყავით, როგორც არა ნატოს წევრი ქვეყანა, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ყველაზე დიდი კონტინგენტი იყო წარმოდგენილი ავღანეთში. იქ ჩვენ დავკარგეთ 30-ზე მეტი გმირი ჯარისკაცი. ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა. ესენი არიან ჩვენი დაუმარცხებელი, გაუტეხელი სამხედროები და ვეტერანები. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ჩვენ ყოველდღე უნდა გითხრათ თქვენ მადლობა!

რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ ჩვენ ახალგაზრდა თაობები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ვეტერანების დაფასებაა ჩვენი და ჩვენი მთავრობის ვალი და მე გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენი ღვაწლის დასაფასებლად. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით, მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერთან ერთად ვეტერანებს სიტყვით მიმართეს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ღონისძიებაზე დეკანოზმა დავით ლონდარიძემ პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.

დღესვე გაიმართა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებისთვის ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენების გადაცემის ცერემონია.

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა