დანამდვილებით ვიცით, რომ რამდენიმე ძალიან კვალიფიციურმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა გელათის ვითარება და ამ დასკვნებს წულუკიანი მალავს და არ ასაჯაროებს. ეს დასკვნები არის ძალიან კრიტიკული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი კვლევა საპატრიარქოს დაკვეთის ჩატარდა, რადგან გელათის მდგომარეობით შეშფოთებულები არიან.
„გელათის მთელი ტაძარი შიგნიდანაც და გარედანაც არის უზარმაზარ რკინის კონსტრუქციებში. ფაქტობრივად, გელათი აღარ არის ის, რაც ჩვენ ვიცით. ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა უკვე დაზიანებულია და ჩვენ არ გვაქვს პასუხი, შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა, მაგრამ სხვა ფრესკებზე რა ხდება ვერც კი შეამჩნევ იმიტომ, რომ მთლიანად არის რკინის კონსტრუქციები. პრობლემა არის იმაში, რომ ეს პროცესი დაიწყო და დაიგეგმა არასწორად. სახელმწიფო ჯერ კიდევ ხელს იშვერს შემსრულებლებისკენ მაშინ, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, მონიტორინგი და კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან ყველა ფაზაში ჩავარდა, ამიტომ მივიდა გელათი ასეთ ვითარებამდე. სიმპტომატური გახდა „ქართული ოცნებისთვის’’, რომ მათი ხელისუფლების დროს წინამორბედებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და საერთოდ არ ცნობს ასეთ რამეს სამართალი და მითუმეტეს პოლიტიკა. სახელმწიფო არის სახელმწიფო და პასუხისმგებლობის მატარებელი არის სახელმწიფო და წულუკიანის დროს რაც ხდება, ახლა ამაზე ვილაპარაკოთ. სანამ ფრესკის თვალი ჩამოიშლებოდა, რამდენიმე დღით ადრე ის პარლამენტში ყველას არწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად არის. წულუკიანის დროს ერთადერთი გასვლითი სხდომა ჩატარდა გელათში და ისიც დაიხურა, კომიტეტი არც კი კითხულობს მის მიერ გაცემული რეკომენდაციები როგორ სრულდება. დანამდვილებით ვიცით, რომ რამდენიმე ძალიან კვალიფიციურმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა გელათის ვითარება და ამ დასკვნებს წულუკიანი მალავს და არ ასაჯაროვებს, ეს დასკვნები არის ძალიან კრიტიკული. მათ შორის, ერთ-ერთი კვლევა ჩატარდა საპატრიარქოს დაკვეთით. საპატრიარქოც შეშფოთებულია და ფაქტობრივად, ხვდება, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული პროცესები არ არის სანდო და არ არის სწორი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.