საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე რეგლამენტში შესატან ცვლილებებში მთელი რიგი ფუნდამენტური ცვლილებებია წარმოდგენილი - საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ სპეკულაციები მოაყოლონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება.
„აქ არის მთელი რიგი ფუნდამენტური ცვლილებები წარმოდგენილი. სხვა საკითხებზე რომ არ შევაჩერო ყურადღება, ორმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა. აქ, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ მათ {ოპოზიციამ} სპეკულაციები მოაყოლოს ამ კანონპროექტს, თუმცა, აქაც ახერხებენ, ეს მათი პრობლემაა. ჩვენი პოზიციაა, რომ ფუნდამენტური ნაბიჯები უნდა გადაიდგას წინ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ზედამხედველობის პრაქტიკა საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. ეს მიდგომა ასახულია რეგლამენტის პროექტში“,- აღნიშნავს კობახიძე.