ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე, იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა, მაგრამ მეორე, უბედურება იცით რა არის ?! ისეთები გქონდათ გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო - დღეს თქვენ აქეთ საერთოდ უსაფუძვლოდ იშვერთ ხელს და არავის სჯერა, იმიტომ, რომ ყველამ იცის, ამის გამკეთებელი, ხელის დამფარებელი, არავინ არ არის, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს.
მან ამასთანავე, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მსგავს შემთხვევებს და ბავშვის გარდაცვალებას პოლიტიკური დისკუსიის საგნად ნუ აქცევენ.
„უკანასკნელ წლებში ისე ხდება, რომ დიდი ტრაგედიები ტრიალდება ჩვენს ქვეყანაში და მერე ხდება ამისი გაუბრალოება პოლიტიკურ დისკურსში შემოტანით, რაც არის ცალკე ტრაგედია, რომ ასე შეგვიძლია ამხელა ტრაგედიები საკამათო და საპოლემიკო გავხადოთ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილს არჩეული აქვთ ეს გზა და ამ გზაზე, სამწუხაროდ, ვერ ვუშლით და არ იშლიან. შეგვიძლია ამას გავცეთ პოლიტიკური პასუხი და შეგვიძლია ძალიან მძიმედ გავცეთ, მაგრამ, მე მგონი, ეს ტრაგედია და იმ ბავშვის ხსოვნა არ იმსახურებს იმას, რომ იმავე განწყობით ვუპასუხოთ რა განწყობითაც ისინი ბრალს გვდებენ. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ რატომ აქამდე არავინ არ დაიჭირა გამოძიებამ, გამოძიება დაიჭერს აუცილებლად, ვინც იქნება პასუხისმგებელი და ეს თუ ასე არ მოხდება, მეც თქვენთან ერთად პრეტენზიას წავუყენებ ყველას, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინა და არ გამოიძია.
თქვენ წინსწრებით და უაპელაციოდ გინდათ, რომ ადამიანს ბავშვის სიკვდილის ტვირთი დააკისროთ, თქვენ კი ამბობთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობაო, მაგრამ ეს ხომ მორალური პასუხისმგებლობაა. თქვენთვის არ ვიცი, ეს რატომაა ასე მარტივი, ასე როგორ ლაპარაკობთ. ეტყობა ეს თქვენთვის იმხელა პრობლემას არ ნიშნავს. თქვენ არ ვიცი რას უყურებთ, მაგრამ მე მერიაში ვიყავი და ვნახე, რა მდგომარეობაა - რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ბავშვის გარდაცვალებაში ვინმეს თუ რაიმე წვლილი მიუძღვის, საერთოდ რა მოსატანი კატეგორიაა პოლიტიკა და თანამდებობა. მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ ყველაფერი ასე ერთმანეთში არიოთ, ძალიან გთხოვთ იმ ბავშვს და მის ხსოვნას ამას ნუ ვაკადრებთ“,- განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, ახლა უპირველესი ამოცანა უნდა იყოს იმ სტანდარტების შეცვლა, რომელსაც წესით ეს ტრაგედია თავიდან უნდა აეცილებინა.
„ყველა ის ევროსტანდარტი წამოვიღოთ, 2000 წლის სტანდარტებით მუშაობენ ამ სფეროში, როგორც მე გავერკვიე და მუშაობენ საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი დოკუმენტებით“,- განაცხადა დავითულიანმა.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და განაცხადა, რომ წარსულში სწორედ ისინი ნადირობდნენ ტრაგედიებზე და ამ კონტექსტში ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე გაიხსენა.