„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა" სახალხო დამცველის 3 კანდიდატს დაასახელებს, რომელსაც არასამთავრობო სექტორმა გაუწია რეკომენდაცია. კერძოდ, ისინი კანდიდატებად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილის და გიორგი ბურჯანაძეს წარადგენენ.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მათ კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მის ნდობას მხოლოდ 3 კანდიდატი იმსახურებს და საზოგადოებას ვერ მოატყუებს და მეოთხეს ვერ დაასახელებს იმის გამო, რომ 7 კანდიდატი შეავსოს.
"ჩვენთვის ამოცანა არის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს, არავის ვურჩევ "ქართულ ოცნებას" შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია, თუ 2 ხმას შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია.
რაც შეეხება 7 კანდიდატის დასახელებას - თაღლითური სქემა მოიგონეს, მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ 7 უნდა დასახელდეს, თავის სატელიტები ხომ ჰყავთ, "სოციალისტები" ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგენინონ მათ კანდიდატები,", - განაცხადა ვაშაძემ.
ლელოს ლიდერი დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ არსად არის განსაზღვრული, რომ ერთმა პარტიამ უნდა დაასახელოს 7 კანდიდატი.
"ოპოზიციამ შვიდი უნდა დაასახელოსო, ეს სადმე წერია? "ლელოს" აქვს ვალდებულება, რომ 7 დაასახელოს?! მე გთხოვთ მიბრძანდეთ თითოეულ სუბიექტთან და კითხოთ, რამდენი კანდიდატის დასახელებას აპირებს, სამის დასახელებას ვაპირებთ, მინიმუმ, ჩვენ ვთქვით, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს დავასახელებთ და არჩევის პროცესში დავაკვირდებით სხვების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებსაც. ყველას აქვს თანაბარი უფლება და პასუხისმგებლობა, რომ საკითხი გადავწყვიტოთ სწორად. ეს 7 ვინ დააწესა? - "ოცნებამ", დაასახელოს თავისი, ყველამ და გამოვა 7", - აცხადებს უსუფაშვილი.
მსგავსი პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობასაც". ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატების 7- მდე შევსება "ქართულ ოცნებას" და სხვა საპარლამენტო პარტიებს მოუწევთ.
"დაპირებისამებრ არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილ კანდიდატებს წარვადგენთ, "ქართულ ოცნებას" და სხვა საპარლამენტო სუბიექტებს ექნებათ ვალდებულება, რომ კანდიდატები 7- მდე შეავსონ და მოხდეს სრულფასოვნად პროცედურის განხორციელება და სახალხო დამცველის არჩევა პირველივე მცდელობაზე,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.